,,ობოლი ძმისშვილებისთვის იტალიიდან გამოგზავნილი ფული ჩემმა ქმარ-შვილმა შეჭამა”

,,ობოლი ძმისშვილებისთვის იტალიიდან გამოგზავნილი ფული ჩემმა ქმარ-შვილმა შეჭამა'',,სარკე”

ნურავის ჰგონია, რომ უცხოეთში ფული ხეებს ასხია. ემიგრანტებს ძალიან დიდი შრომა გვიწევს,იტალიაში ვცხოვრობ და დღე არ ყოფილა, ჩამოსვლაზე არ მეოცნება.

ყველაზე მწარე ის იყო, როცა ძმის გარდაცვალება შემატყობინეს. ერთადერთი ძმა ვერც ავადმყოფი ვნახე, ვერ მოვეფერე და ვერც ჩემი ცრემლი გავაყოლე უკანასკნელ გზაზე.

სამი ძმისშვილი დამრჩა,ასაკშიშესული მშობლები და რძალი, რომელიც ქმრის გარდაცვალებამ ისე გატეხა, ფეხზე ძლივს დგას. ძმისშვილებიდან ორს სკოლა აქვს დამთავრებული, ზოგჯერ მუშაობენ კიდეც, თუკი რამე გამოუჩნდებათ, უმცროსი პატარაა, სკოლაში დადის. მათი საცოდაობით გული მიკვდება.

აღდგომისთვის, მინდოდა, ძმის სახელზე ცხვარი დამეკლა. რძალს და მშობლებს შევპირდი, ყველაფერს მე ვიყიდი,დარდი არ გქონდეთ-მეთქი. შვილს, რძალს და ქმარს ფული გამოვუგზავნე, რომ ძმისშვილებისთვის მიეტანათ. ქმარს ისიც კი ვუთხარი, მანქანით რამის მიტანა და მოტანა თუ სჭირდებათ, ყველაფერი მოუმარაგეთ-მეთქი. გული მშვიდად მქონდა, მეგონა, რაც ვუთხარი,შეასრულებდნენ, მაგრამ, როგორც უნდა გაგიკვირდეთ,თურმე ერთი ლარიც არ მისცეს.

სახლში რომ დავრეკე და ვიკითხე,ჭკუიდან ლამის გადავდექი. რძალმა მითხრა, ფარდები აღარ ვარგოდა და იმ ფულით ახალი ვიყიდეო. ბავშვებს ქურთუკები სჭირდებოდათ და ბოტასები და ფული ამაშიც დაგვჭირდაო. ქმარმა მითხრა, მანქანის ხელოსნის ფული მქონდა მისაცემიო. სიმწრით ვუთხარი,ისე ლაპარაკობთ, მაღაზიაში ნისიებსაც აიღებდით-მეთქი. ეგ არაფერი, იმ თვეში გადავიხდით, არ გვთხოვენო, მიპასუხეს. წარმოგიდგენიათ, რა გამიკეთეს?! ჩემი ძმის სულის ხსენებისთვის გამოგზავნილი ფული ასე დახარჯეს.ობოლ ძმისშვილებს ერთი ლარიც არ მისცეს!

სულ ღორები, გაუმაძღრები ვეძახე. რძალმა მითხრა,შენი ძმის ოჯახზე ხარ გადაყოლილი, რა ვალდებული ხარ, სულ ეგენი არჩინოო.ვუთხარი,შენი შრომით ნაშოვნი ფული ვისაც გინდა, იმას მიეცი ან ზედ დააჯექი, მაგრამ მე რომ წვალებით ჯანმრთელობას ვინადგურებ, ვისაც მინდა, იმას დავეხმარები-მეთქი.

ქმარმა წამომაძახა,მშობლებს წამლების ფულს ხომ უგზავნი, მეტი რა უნდათო.თურმე მშობლებს ესეც უნდა დავამადლო, დარდით გაძვალტყავებულ რძალს შევატოვო ხელში.

ჩემს შვილს და ქმარს აღარაფერს ვაღირსებ!თვითონ იმუშაონ და გინდა, ფარდები იყიდონ, გინდა, აქეთ-იქით დაფანტონ. აქ იმისთვის არ ვწვალობ, რომ ასე მომექცნენ.ჩემი მძახლები ერთ პარკში ჩაყრიან კანფეტებს და ბავშვებთან ისე მოდიან. მეც ასე მოვიქცევი და თავს არ დავივალდებულებ, ვინმეს გამო უცხო მიწაზე, უცხო ადამიანების სახლში მოვკვდე.

,,სარკის” მკითხველი