ანუკი არეშიძე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ანუკი არეშიძე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებსთბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ეხმაურება დასუთავების სამსახურის თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მათ სპეცფორმებს ანუკი არეშიძე კერავს. დიზაინერი წერს:
,,მსურს, გავაკეთო ოფიციალური კომენტარი გუშინ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ბრენდ ,,ანუკის” დაარსებიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შემხებლობა არ ჰქონია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ან სხვა სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების ან სხვა ტიპის სამოსის წარმოებასთან.
ასევე ვადასტურებ, რომ არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა.
დავაზუსტებ, რომ დღევანდელ დღეს, ჩვენი კომპანიის სრული საწარმოო რესურსი მიმართულია ბრენდ ,,ანუკის” ქალის სამოსის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე.
განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით.
დიდი მადლობა”.