,,ქმრის ოჯახში მაძალებენ, ხორცი ვჭამო”

,,ქმრის ოჯახში მაძალებენ, ხორცი ვჭამო",,სარკე”

26 წლის ვარ. აქედან დაახლოებით 13-14 წელი ხორცი არ მიჭამია. არც მახსოვს, ეს როგორ მოხდა, მაგრამ შემძულდა და დღემდე ვერ ვეკარები. ჩემმა მშობლებმა მაშინ დამანებეს თავი, როცა ძალით ნაჭამი ხორციანი კერძი, ბოდიში და, უკან ამოვიღე. მანამდე სულ ცდილობდნენ, ჩემთვის რამენაირად შემოეპარებინათ. ჩემმა ორგანიზმაც და ფსიქიკამაც ამ პროდუქტზე საბოლოოდ თქვა უარი.

ბუნებრივია, მომავალმა ქმარმა ყველაფერი იცოდა. სანამ შეყვარებულები ვიყავით, კაფესა თუ რესტორანში ჩემთვის ყოველთვის უხორცო კერძებს უკვეთდა. ახლა თითქოს სხვა ადამიანია, იმაშიც კი ვერ მიგებს, რაც, წესით, გასაგები უნდა იყოს. ვიცი, მასზე გავლენა ვინც მოახდინა – დედამისმა. მან თავიდანვე შეიცხადა, რას ჰქვია, ჩემმა რძალმა ხორცი არ ჭამოსო. ამას თავიდან იუმორით ამბობდა, ისეთებს მოვუმზადებ, შემეხვეწება, კიდევ მაჭამეო. ახლა კი ტონი გაუმკაცრდა, უფრო მეტიც, ბოროტად მექცევა.

არ იფიქროთ, რომ მართლა ნაირ-ნაირ კერძებს მიმზადებდა და მე ხელს ვკრავდი. არა, ჩვეულებრივ საჭმელებს აკეთებდა – ბორშჩი, ჩახოხბილი… მე ტვირთად არავის ვაწვები. ჯერ ერთი, ვმუშაობ და პროდუქტებს ჩემი ხელფასითაც ვყიდულობ და მეორეც, თავისუფლად შემიძლია მხოლოდ ჩაი, კარაქი, ყველი შევჭამო და დავნაყრდე, დიდი მოთხოვნები არ მაქვს.

თავიდან ნებას მრთავდა, ჩემი კერძები თავად გამეკეთებინა. ზოგჯერ რაღაცებს თვითონაც მიმზადებდა, მაგრამ ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. ჯიბრით მიყრის ხორცს, რომ ვერ ვჭამო და მშიერი დავრჩე. ამას წინათ კომბოსტო ჩავშუშე. მითხარით, ამ კერძს რად უნდა ხორცი?! ჩემმა დედამთილმა ჯიბრით მოხარშული ხორცი ჩამიყარა. ბუნებრივია, ვერ შევჭამე და პურით და ჯემით დავნაყრდი.

სალათა ,,ოლივიეს” უმეტესობა ხომ მხოლოდ ბოსტნეულით ამზადებს, ჩემი დედამთილი ძეხვს აჭრის. რამდენჯერმე ცალკე ქვაბში გადავიღე, სანამ ძეხვსაც ჩააჭრიდა, მაგრამ ხელიდან გამომტაცა და აურია. აკვიატებული აქვს სიტყვები: “ნუ მეტიჩრობ, რა! რასაც ღმერთი გაძლევს, ყველაფერი უნდა ჭამო, ღმერთს ასწავლი ახლა ჭკუას?! საჭირო რომ იყოს, საჭმელად არ დააწესებდა და აგვიკრძალავდა”.

რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, პიცა უნდა გავაკეთო და მეზობლები დავპატიჟოო. სოკო ამოვიტანე, რომ ჩემთვის ცალკე გაეკეთებინა. მან სოკო და ხორცი ერთად დაალაგა. იცით, მერე რა გააკეთა? თეფშზე დამიდო პიცა, თავისი ხელით ააცალა ხორცი და ჭამეო, მითხრა. მეზობლებთან კარგი ქალი გამოვიდა, სინამდვილეში იცის, რომ ასეთსაც ვერ ვეკარები. ხორცი რომ აიღო, რა მნიშვნელობა აქვს? მისი წვენით ხომ გაიჟღინთა, სუნი ხომ აქვს?

თევზს ვჭამ და ძალიანაც მიყვარს. ხომ შეიძლება, ორ კილო ხორცს რომ ყიდულობ, ნახევარი კილო თევზიც შეიძინო, მაგრამ არა. როგორც მიხსნიან, თევზის სუნს ვერ იტანენ.

ქმარი მეუბნება, ამდენ დავიდარაბას ადექი და ხორცის ჭამა დაიწყე, რაღას იპრანჭებიო. მან ხომ მაინც კარგად იცის, რომ არ შემიძლია! მითხარით, ქმრის ოჯახში ოდნავ მაინც რომ ვუყვარდე ვინმეს, ასე დაუნდობლად მომექცეოდნენ? ზოგჯერ მგონია, ის უნდათ, რომ ჩემი ნებით გავიქცე ამ სახლიდან. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.

თქვენი ერთგული მკითხველი