,,მთავრობამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ფართხა-ფურთხით გათავისუფლებით”
უკრაინელი მეზღვაურები პრეზიდენტმა შეიწყალა

,,მთავრობამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ფართხა-ფურთხით გათავისუფლებით"

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი დაცვის წევრი, მიხეილ ბატურინი გაათავისუფლეს.
მეზღვაურების ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, დაკავებულები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში შეწყალების თხოვნის გარეშე გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, ეს მოწმობს, რომ ისინი უდანაშაულოები იყვნენ.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, დაკავებულებიდან ორ მათგანს, ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩის შეწყალება შესთავაზეს, თუმცა მათ უარი თქვეს.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მიხეილ ბატურინს, ადვოკატის თქმით, მას ციხეში დატოვებას უპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ დაკავებულები ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლეს.

მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დაკავებულები გაეთავისუფლებინა, რადგან ზურაბიშვილმა შეწყალებას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ცნობილი გახდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრიანის პრეზიდენტი ბათუმში დაგეგმილ შეხვედრაზე არ ჩამოვიდოდა,
,,ზურაბიშვილი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ივანიშვილისგან – რომლის განკარგულებითაც მოხდა უკრაინელი მეზღვაურების და ქართველი ოფიცრის დაკავება.

ეს ის ზურაბიშვილია რომელმაც, კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკის ოფიციალურად მოსთხოვა ივანიშვილის დავალებით ჩემი ექსტრადიცია საქართველოში – თუმცა ზელენსკიმ ამ მოთხოვნაზე მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გაუშვა.

მაგრამ მე მინდა, ჩემი პოზიცია გამოვხატო რომ – ის რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაუკმაყოფილა, მალე თითონ დავუკმაყოფილებ და აუხდებათ ყველაზე სანუკვარი “ოცნება”.

ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი…

ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზეწლენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით – აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.

საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ…

მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ – ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.