,,ძმის ცოლმა ყვავილები გაუბედურებული დამახვედრა”

,,ძმის ცოლმა ყვავილები გაუბედურებული დამახვედრა",,სარკე”

18 წლის გოგო ვარ და აღარც კი მახსოვს, მცენარეებს რა ასაკიდან ვუვლი. მიყვარს და სულ თავზე დავფოფინებ. ჩვენ ეზოიან სახლში ვცხოვრობთ და მიწას მე ვამუშავებ, ვბარავ და ვთესავ. მცენარეები იმდენად მიყვარს, ბოსტანიც კი გავაკეთე და მწვანილი მომყავს. შარშან მებაღე ზურა შევარდნაძისგან ხარისგულას ჯიშის პომიდვრის ჩითილები ვიყიდე და გავახარე. მომავალ წელს ჩითილები თვითონაც უნდა გამოვიყვანო.

თბილი ოჯახი გვაქვს, ჩემი ძმაც კარგი ადამიანია, მაგრამ მის ცოლს ვერაფერი გავუგე. 2 წელია, რაც ჩვენი ოჯახის წევრია და ისე იქცევა, თითქოს უცხო იყოს. რაღაცნაირი ჩაკეტილი ადამიანია.

მოკლედ, რამდენიმე კვირის წინ ბებია, დედაჩემის დედა, ძალიან ცუდად გახდა. ბებოს მოვლა მე და დედას მოგვიწია, მასთან გადავედით სახლში და იქ ვუვლიდით. წასვლისას ჩემს რძალს ვთხოვე, მცენარეებისთვის მოევლო, ანუ წყალი დაესხა. მოგეხსენებათ, ზოგს ძალიან იშვიათად სჭირდება მორწყვა, ზოგი კი წყალზე გიჟდება და არ უნდა მოაკლო.

ყველა ქოთანზე სტიკერი დავაკარი, სადაც დავაწერე, როდის უნდა დაესხა წყალი. შემპირდა, მივხედავო.

არ ვიცი, ეს ჩემი ჯიბრით გააკეთა თუ მართლა უგულოა, მაგრამ იმ მცენარეებს, რომლებსაც წყალი საერთოდ არ სჭირდებოდათ, ფესვები ლამის ჩამპალი ჰქონდათ, იმდენი წყალი ჰქონდათ დასხმული და პირიქით, რომლებსაც წყალი უყვართ, გადამხმარები, გამოფშეკილები დამხვდნენ. რამდენიმე სულ გადავჭერი, რომ ფესვი გადამერჩინა.

ბევრი ვიტირე, ასეთ დღეში რომ ვნახე. მან კი მითხრა, ამის მერე შენ თვითონ მოუარე, ვალდებული არ ვარ, მივხედოო. ჩემი ძმაც გამოესარჩლა, როგორც იცოდა და შეძლო, ხომ მიაქცია ყურადღებაო. რა იყო აქ ძნელი გასაკეთებელი?! ზედ ეწერა ყველას, რაც უნდა გაეკეთებინა.

მგონია, რომ ჯიბრით მომექცა ასე და მიზანსაც მიაღწია, მართლა ძალიან ვინერვიულე. მთელი ზაფხული ჩემს მოვლილ ეზოში რომ იყო წამოწოლილი, კიდევ რომ თავის დაქალებს ეპატიჟებოდა და ცივ ყავას სვამდა ყვავილებში ჩაფლული, ის ხომ კარგი იყო?! თავისი დაქალები რომ ჩვენი ეზოსკენ მორბოდნენ, რომ დამტკბარიყვნენ აქაურობით, ის ხომ სიამოვნებდა?! იქნებ გაიხსენოს, რომ ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული და მოვლილი! ძალიან მტკივა გული.

,,სარკის” ერთგული მკითხველი