ლაშა თაბუკაშვილი: ,,ჩემი მშობლები ხშირად ვალებით ცხოვრობდნენ”

ლაშა თაბუკაშვილი: ,,ჩემი მშობლები ხშირად ვალებით ცხოვრობდნენ"სარკე, ია ქუთათელაძე

მწერალი ლაშა თაბუკაშვილი ჟურნალ ,,სარკესთან” დედაზე, ქართული კინოს ვარსკვლავზე, მედეა ჯაფარიძესა და მამაზე, მწერალ რეზო თაბუკაშვილზე საუბრობს:

-როცა ქუჩაში მივდიოდით და დედას უღიმოდნენ, ცოტა არ იყოს, არ მომწონდა (მაინც ბიჭი ვიყავი). მამას კი – პირიქით, ნაკლებად იცნობდნენ და მინდოდა, მის მიმართ მეტი ყურადღება ყოფილიყო. თანდათან მივხვდი, რომ ისინი იმიტომ კი არ იყვნენ პოპულარულები, რომ მედეა მსახიობი იყო და რეზო ლექსებს წერდა, არამედ იმიტომ, რომ ერის სამსახურში იდგნენ.

მამას საუკეთესო ლექსები ჰქონდა, საუცხოოდ თარგმნიდა (მათ შორის – შექსპირის სონეტებს), კარგი დრამატურგი იყო. მისი თავისუფლება, წინ წამოწეული სოციალური თემები კომუნისტურ-ჩინოსნურ ელიტას არ მოსწონდა. მისი ფილმები ექვთიმე თაყაიშვილზე, მიხეილ თამარაშვილზე, ტექსელის აჯანყებასა და ა.შ., უდიდესი შრომის შედეგი იყო – უმცირესი ბიუჯეტით, უამრავი დაბრკოლების ფასად გადაღებული.

ერთხელ ჰოლანდიაში ფილმისთვის საჭირო დოკუმენტის შესაძენად უკანასკნელი კაპიკები გადაიხადა და 10 დღე მშიერმა გაატარა. შიმშილისგან გულწასული როცა მოასულიერეს, შერცხვა და თქვა, დიაბეტით ვარ ავადო.  მოკრძალებული იყო, როცა შეაქებდნენ, ამბობდა, ღმერთის შეწევნით ვაკეთებო.

დედამ თავისი სილამაზისა და ნიჭის წყალობით, ისე გააოცა მოსკოვში საგამოცდო კომისია, ყოველგვარი კანონი დაარღვიეს და თავისუფალ მსმენელად მიიღეს. დიდი წარმატებები ელოდა. ანა კარენინას როლი შესთავაზეს, როცა თბილისში დედა გაუხდა ავად. სწავლა მიატოვა. ესეც სიამამაცე იყო, რადგან ასეთ როლზე დიდი ვარსკვლავებიც  ოცნებობდნენ.

პოპულარობა სათავისოდ არასოდეს გამოუყენებიათ, ხშირად ხელფასიდან ხელფასამდე ვალებით ცხოვრობდნენ. უყვარდათ სტუმრები და ადამიანები. 128 პატიმრის შეწყალებას მიაღწიეს.