ლელა თოლორდავა ვარლამ გოლეთიანს: ,,შენ უნდა უწინამძღვრო ხალხს! შენ ქართველი კაცის სინდის-ნამუსს იცავ”

ლელა თოლორდავა ვარლამ გოლეთიანს: ,,შენ უნდა უწინამძღვრო ხალხს! შენ ქართველი კაცის სინდის-ნამუსს იცავ''ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, რომელიც ამჟამად სამშობლოდან შორს, იტალიაში ცხოვრობს, რიონის ხეობის მცველს, ვარლამ ჰოლეთიანს მიმართავს:
,,შენი არსებობა ცოტა ხნის წინ გავიგე, არ მეპატიება, მაგრამ მიზეზი მაქვს, ათასობით კილომეტრი და სამ წელში ჩატეული უთვალავი, საუკუნედქცეული წუთი მაშორებს სამშობლოსთან…
პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ორი შვილის დედა… განათლების კორუმპირებული სისტემის მსხვერპლი მშობელი ვარ, საკუთარ პროფესიაზე უარი რომ მათქმევინა და ბადანტეობა მომისაჯა…
ტოსკანას ერთ პატარა სოფელში 83 წლის ფრანჩესკა ბებოს სახლიდან გწერ ამ წერილს. იმ დღის შემდეგ, რაც შენ აღმოგაჩინე, იმედი გამიცოცხლდა, რომ ჩემს მონატრებულ სამშობლოში ხალხმა გაიღვიძა…
რიონის ხეობის მოსახლეობის სამართლიანი პროტესტი, ჩემი გაგებით, მარტო ნამახვანჰესის წინააღმდეგ არაა მიმართული, სხვა მუხტი დავიჭირე, მცდელობა იმისა, ქვეყნის მართვის სადავეები ხალხის ხელში გადავიდეს.
დიახაც, ქართველი ხალხის საკუთრებაა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში არსებული თითოეული გოჯი მიწა და არა მთავრობის…
დიდი მისია დაგაკისრა არსთა გამრიგემ. შენ უნდა უწინამძღვრო ამ ხალხს,  ადგილის დედის, ფუძის ანგელოზის და მამა-პაპათა საფლავების დამცველ ხალხს… მინდა, ასეთი სუფთა და გულწრფელი დარჩე, გვერდით არ გაიკარო ,,ვაიპოლიტიკოსები”, რომლებიც ცდილობენ, სათავისოდ გამოიყენონ შენი დამსახურებით აზვირთებული ტალღა.
იმაზე დიდი საქმის სათავეში ხარ, ვიდრე შესაძლოა ფიქრობდე, შენ მარტო რიონის ხეობას არ იცავ, შენ ქართველი კაცის სინდის- ნამუსს იცავ.
ჩემი, ერთი ემიგრანტი დედის, ხორცშესხმული იმედი ხარ. შენ გვერდით მიგულე სიტყვით და საქმით. ჩვენი დროის გმირი ხარ, ხალხის წიაღში დაბადებული გმირი… გააზიარეთ, გთხოვთ”.