მწერალი და ჟურნალისტი მაია კახიძე მომღერალ თემურ წიკლაურთან დაკავშირებით ნამდვილ ამბავს ყვება:,,მამაპაპისეულ ეზო-კარში მოფუსფუსე თემურ წიკლაურს ოციოდე წლის კოჯრელი ოთო ფიჩხულიშვილი მიეჭრა:
– ვიღუპები, მიშველე თემური ძიაო! – თან მანქანისკენ ექაჩებოდა. თავიდან ვერაფერი გაიგო, მაგრამ დაბნეულ ბიჭს რომ შეხედა, მაშინვე საჭეს მიუჯდა. ორიოდე წუთში ყველაფერს მიხვდა. ცოლს მუცელი ასტკივნია და შინ არავინ იყო… ქარივით მოქროდა თბილისკენ თემურ წიკლაური. ენგელსის ქუჩაზე ჩამოვიდნენ თუ არა, მშობიარემაც დაიძახა:
– გააჩერე თემური ძია, მეტს ვეღარ მოვითმენო. გადაირია თემური, გადმოხტა მანქანიდან, დარბის, ყვირის, მიშველეთო, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს. სასწრაფოსაც დაურეკა. გაგიგონია?! მერე, ცოტა გოგომ ივაჟკაცა, ცოტა ბიჭმა, ცოტა თემურ წიკლაურმა და გოგო დაიბადა. ჰოდა, მაშინვე დასჭექა: მარიამი დაიბადაო! ამდენ ფაცი-ფუცში ნელ – ნელა ხალხიც მოგროვდა. როცა გაიგეს, რაშიც იყო საქმე, გადაკეტეს ქუჩა, ვინ თეთრეულს მოარბენინებდა, ვინ – წყალს…
საოცარი სანახავი იყო იმ ღამეს თბილისის შუაგული… ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა, ერთმანეთს ულოცავდენენ…
თემურ წიკლაურმა ყური მოკრა, აქვე ცხოვრობს გინეკოლოგების ოჯახიო. მაშინვე მათკენ გაიქცა. კარი ახლაგაზრდა ქალბატონმა ნინო მაჭავარიანმა გაუღო. ახლა ის დაიბნა, თემური რომ დაინახა.
– ჭიპლარს რა უყავითო? – ეკითხება. რას უპასუხებდა თემური? მანქანისკენ გაიქცნენ….
როგორც იქნა, მესამე სამშობიარომდე მიაღწიეს და თემურ წიკლაურმა მშვიდობით „ჩააბრა“ დედა- შვილი ექიმებს…
იმ დღეებში თემურს ერთხელ კიდევ დასჭირდა სამშობიარო სახლში მისვლა. ამჯერად საკუთარი ქალიშვილი გააქროლა და პაპაკაცი გახდა… ანდრია პაპის გულის გამხარებელია, მარიამი კი მონათლა”.

