მახინჯაურში კაცს 80 კატა ჰყავს დატყვევებული – ფისოების გამოსახსნელად ცხოველების მოყვარულები გაერთიანდნენ

მახინჯაურში კაცს 80 კატა ჰყავს დატყვევებული - ფისოების გამოსახსნელად ცხოველების მოყვარულები გაერთიანდნენმახინჯაურში 80 კატა 10 კვადრატულ მეტრში, უფანჯრო, უჰაერო და ჩაკეტილ სივრცეშია გამომწყვდეული – ამის შესახებ დაწერა ტელეწამყვანმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა, ქეთა გაბუნიამ.

,,ეზღუდებათ საკვები, წყალი და ვეტერინარული მომსახურება. არიან უმძიმეს მდგომარეობაში და თვეზე მეტია ვმუშაობთ მათ გამოხსნაზე. შაბათს მივდივართ მათ წამოსაყვანად. ფისოები განაწილდებიან საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბ-თავშესაფრში, შემფარებლებთან და ასევე დროებით მოწყობილ თავშესაფარში, სადაც გაეწევათ ვეტერინარული დახმარება და განოჯანმრთელების, სტერილიზაციების, ვაქცინაციის და ყველა აუცილებელი პროცედურების შემდეგ, გაჩუქდებიან ან მივიკედლებთ უსაფრთხო ტერიტორიებზე”, – დაწერა ქეთა გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ. დღეს კი უკვე გაემართნენ 80 კატის გამოსახსნელად და იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის.

ცხოველთა უფლებადამცველის თქმით, ე.წ, შემგროვებლები ბევრია საქართველოშიც.

,,ბევრია ასეთი, სამწუხაროდ. კატებს და ძაღლებს აგროვებენ და სიყვარული ჰგონიათ. არსებობს ასეთი ფსიქიკური მდგომარეობა – შემგროვებლობა. ადამიანები აგროვებენ გამოუსადეგარ ნივთებს და ა.შ. ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა animal hoarding. პირველ ადგილზე კატები არიან და შემდეგ ძაღლები. სამწუხაროდ, საქართველოში არანაირი კანონი არ გაგვაჩნია ცხოველთა უფლებების მხრივ, რა თქმა უნდა, არც შემგროვებლობაზე არის რაიმე რეგულაცია. პოლიციაში განცხადების შეტანის შემდეგ წამოვიდა ეს პირი მოლაპარაკებაზე და გვატანს ყველას… ლეტალობაა ძალიან მაღალი შემგროვებლებისგან წამოყვანილ ცხოველებში, სტატისტიკის მიხედვით, 1/4 ვერ იღუპება. იმედია, არ იქნებიან ძალიან მძიმეები…

დიდი მადლობა ვეტექსს, რომელიც უზრუნველყოფს ფისოების ვეტ მომსახურებას, LuckyPaw ვეტერინარული კლინიკარომელიც გვაძლევს ტრანსპორტირებისთვის გალიებს, Happy Dog Georgia • ჰეფი დოგ საქართველო, რომელიც პრემიუმ კლასის საკვებით ეხმარება დაუძლურებულ ფისოებს და ჩემს უსაყვარლეს თანამებრძოლებს მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის, Animal Project • პროექტი ცხოველებისთვის – გიორგი ქერეჭაშვილი.
ამ ყველაფრის განსახორციელებლად, გავერთიანდით ბევრი ადამიანი, თუმცა რესურსები უკიდურესად შეზღუდული გვაქვს და გვჭირდება ფინანსური თანადგომა. საქართვლოს ბანკი: #GE53BG0000000498625931. მიმღები: ა(ა)იპ საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი. დანიშნულება: მახინჯაურის კატებისთვის”, – წერს ქეთა გაბუნია.