,,რძლებო, არ ხართ ვალდებული, დედამთილს ,,დედა” დაუძახოთ”

,,რძლებო, არ ხართ ვალდებული, დედამთილს ,,დედა" დაუძახოთ",,რძლებო, დედამთილი თქვენი ბიოლოგიური დედა არ არის, ამიტომ თქვენ არ ხართ ვალდებული (ხაზს ვუსვამ – ვალდებული), მას ,,დედა” დაუძახოთ! არ შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება ტყუილით ან მხოლოდ მოვალეობების შესრულებით! მაგრამ თუ თქვენი კეთილი ნება იქნება, დედამთილს მიმართოთ – ,,დედა” , დამერწმუნეთ, ეს ფაქტი მას ძალიან გაახარებს!
დედამთილი თქვენზე ბევრად უფროსი და გამოცდილი ქალბატონია, ამიტომ არ არის აუცილებელი (პირობითად ვიტყვი), ქორწილის მეორე დღესვე ჩამოართვათ უფლებები ან ჩაიბაროთ ოჯახის მნიშვნელოვანი საქმეები! მაგალითად, თუ თავად არ მოისურვა დახმარება, სამზარეულოში ნუ წამოედებით ფეხებში! თუ არ მოსწონს, ნუ შეეხებით მის ანტიკვარულ ნივთებს! ნუ აგრძნობინებთ, რომ თქვენს მეუღლეს აღარ სჭირდება დედის მზრუნველობა (დედისთვის, შვილი მუდამ ბავშვია!) და ა.შ.
დედამთილისთვის სულაც არ არის იოლი ნალოლიავები ვაჟკაცის ცხოვრებაში სხვა ქალის გამოჩენა, ამიტომ იყავით მომთმენები, კეთილგონიერები და გულში ნუ ჩაიტოვებთ მის მიერ (ვითომ) შემთხვევით წამოსროლილ რეპლიკებს!
როგორც წესი, ყველა დედამთილს სურს, თავი მოიწონოს რძლით, ამიტომ შეეცადეთ, მართლა იამაყოს თუ როგორი კარგი და ზნეკეთილი ქალი შეხვდა მის ნებიერას!
რძლებო, რაც უნდა ცუდი დედამთილი შეგხვდეთ, გახსოვდეთ, ის თქვენი ,,ბედოვლათი” მეუღლის დედაა, ამიტომ (მაინც თქვენმა აჯობოს და) პატივისცემით მოექეცით და ნუ დაგავიწყდებათ – თქვენ მომავალი დედამთილები ხართ!”
ნინო მარგველაშვილი