ტელეკომპანია ,,მთავარის” ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის კოვიდ-19-ის ვაქცინები იშოვა.
,,სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, კოვიდის ვაქცინები გვიშოვა. ამას ჰქვია, ჭერი აარღვია! წარმოუდგენელია!
აი, ეგრე! წავიდეს ახლა ბიძინა, უკვდავების წყალი მოიტანოს. ქართველების მოძულე ბოროტი მილიარდერი, არც კი განძრეულა ხალხის გადასარჩენად. არადა, ორდენი რომ მიეღო, უმდიდრეს საფრანგეთს მილიონები შესწირა”, – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად კონკრტულ გეგმა შესთავაზა. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მალტამ ევროკავშირისგან საჭიროზე 1 მილიონით მეტი ვაქცინის დოზა მიიღო და შეუძლია ის ღარიბ ქვეყნებს უსასყიდლოდ გადასცეს.
-კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია, მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.
ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ. შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?! – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

