ანა დოლიძემ საიდუმლოდ იქორწინა – “გიორგი რომ გავიცანი, მარგველაშვილთან ვმუშაობდი”

ანა დოლიძემ საიდუმლოდ იქორწინა - "გიორგი რომ გავიცანი, მარგველაშვილთან ვმუშაობდი"ანა დოლიძემ გასულ წელს საიდუმლოდ იქორწინა, წელს კი მეორედ გახდება დედა.

– ქორწინების ამბავი არ ვიცოდით…
– არავინ იცის, საიდუმლოდ ვინახავდით. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია – ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა.

– გოგონას ელოდებით თუ ბიჭს?
– არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ. ანდრო ფიქრობს, რომ ძმა კარგია, იმიტომ, რომ მასთან ბევრს ითამაშებს. იმასაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ბიჭი მისი ნივთებით დაინტერესდეს, ამიტომ იქნებ გოგოს ძმობა უფრო ადვილი იყოსო – ასე მსჯელობს.

– ახლა რამდენი წლისაა ანდრო?
– 13-ის. კორონამ ძალიან დაგვაზარალა და, მგონი, ბავშვები – ყველაზე მეტად. მეგობრები არ უნახავს, ხუთი თვეა, მაგრამ ყოჩაღადაა.

– ქორწინება როგორ აღნიშნეთ?
– დიდი აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ რომ მივხვდით, ზაფხულში ყველაფრის აღდგენას პირი არ უჩანდა, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა.

– თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?
– ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე რაღაც პერიოდი გავიდა და დავიწყეთ შეხვედრა. ჯერ ყავაზე დამპატიჟა, მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა.

– აღნიშნავს ხოლმე, რომ ამა თუ იმ გამოსვლაში ასეთი და ასეთი იყავით და იქნებ ჯობდა…
– არა. ჩემს გადაცემებს არ უყურებს არც გიორგი – ასე ჰქვია ჩემს მეუღლეს და არც ანდრო – ჩემი შვილი. ჩემი მთავარი მიმომხილველი და კრიტიკოსი დედაჩემია.

– წინასაახალწლო სამზადისი მოგწონთ, თუ სამზარეულოში თქვენი ადგილი არ არის?
– არა, პირიქით, ძალიან მიყვარს, ოღონდ ყოველ წელს მეშინია, წონა არ მოვიმატო. ვერიდები ჩურჩხელას, გოზინაყს, საცივს. წელს საცივი დედაჩემმა მოგვიმზადა. მე ხაჭაპური გამოვაცხვე და სალათები მოვამზადე.

კვირის პალიტრა