შალვა ნათელაშვილი: ,,პანთურქულ და რუსულ ფაშიზმს შორის შეიძლება ისევ საქართველო გაიჭყლიტოს, თუ ამერიკული სამხედრო ფარი არ გვექნება”

შალვა ნათელაშვილი: ,,პანთურქულ და რუსულ ფაშიზმს შორის შეიძლება ისევ საქართველო გაიჭყლიტოს, თუ ამერიკული სამხედრო ფარი არ გვექნება"ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კვლავ მოითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებას. მისი თქმით, არსებულ ახალ რეალობაში, როცა რუსეთი და თურქეთი მოკავშირეები გახდნენ, ეს ერთადერთი გამოსავალია. ამის შესახებ, მან განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

_ სანამ ჩვენი ქვეყანა დაკავებულია ოლიგარქიული რეჟიმის მიერ გამოწვეული უმძიმესი კრიზისის გადალახვით, რუსეთმა და თურქეთმა ტრადიციულად, დაიწყეს ამიერკავკასიის გადანაწილება, სადაც ჩვენ გვიკავია ცენტრალური ადგილი და რომლითაც გვთავაზობენ ე.წ. ექვსეულის პლატფორმაში შესვლას. ეს ახალი, ურთულესი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის.

მინდა, განვაცხადო მთელი მსოფლიოს და ამ იდეის ავტორთა გასაგონად, რომ საქართველო არასოდეს დაუბრუნდება თავისი ძველი დამპყრობლების _ თურქეთის და რუსეთის ბუდეს. ამაზე ნურც ერდოღანი იოცნებებს და ნურც _ პუტინი.

ვთხოვთ საქართველოს საგარეო უწყებას, გაასაჯაროვოს ამ საკითხზე ყველა მიმოწერა ანკარასთან და მოსკოვთან. ვთხოვთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, ბატონ ბაიდენს, დაუყონებლივ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განლაგებაზე მუშაობა. ეს ერთადერთი ბერკეტია, რაც ააცილებს ამიერკავკასიას თურქეთიზაციას და რუსიფიკაციას.

როგორც წესი, რეგიონში თურქეთი და რუსეთი ყოველთვის უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ამ დაპირისპირებაში პატარა ქვეყნები და ხალხები ახერხებდნენ თავის გადარჩენას. დღეს ახალი ისტორიული ეტაპია, რუსეთი და თურქეთი გეო-პოლიტიკური მოკავშირეები გახდნენ და ერთად იყოფენ სირიას, ყარაბაღს.

ახლა უკვე სულთანმა ერდოღანმა, რომელსაც თავში აქვს პანთურქული სივრცის იდეა, წამოაყენა ახალი ექვსეულის პლატფორმა, სადაც უნდა შევიდნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, რუსეთი და თურქეთი.

2021 წელს ვადა გასდის ლენინსა და ათა თურქს შორის დადებულ რუსეთ- თურქეთის ხელშეკრულებას, რომლითაც გაიყო ამიერკავკასია, მათ შორის  საქართველო. შესაბამისად, ეს წელი სერიოზული ბარიერია იმისთვის, რომ ბევრი რამ გადავწყვიტოთ ჩვენთვის სასიკეთოდ, თუ ამერიკული სამხედრო ძალებისგან დაცვა გვექნება, მათი ბაზების გახსნის კუთხით.

ვიმეორებ, სხვა ბერკეტი აღარ დარჩა. რუსეთი თავისი ბაზებით გვიკეთებს ალაყაფს აფხაზეთის, ცხინვალის რეგიიონის, სომხეთის _ გვიმრის სახით და ახლა ყარაბაღშიც შევიდნენ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა რამდენიმე დღის წინ ბაქოში აღლუმი ჩაატარა. მინდა, ხაზი გავუსვა მთელი მსოფლიოსთვის ახალ საშიშროებას, პანთურქიზმის სახით, რომლის დროშა აიტაცა ერდოღანმა და რომელიც მოიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს ბალკანეთიდან ალტაის მხარემდე, შუა აზიის ჩათვლით და რომლის თანახმად, თურქული ეთნოსი და მათი ცივილიზაცია კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენადაა გამოცხადებული.

ეს ფაშიზმია. ასე აცხადებდა ადოლფ ჰიტლერიც გერმანელ ხალხს გამორჩეულად და რით დამთავრდა გერმანელი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის, ვიცით. ამიტომ კაცობრიობამ აღარ უნდა დაუშვას ახალი ფაშიზმის აღორძინება პანთურქიზმის სახით. ასევე, უნდა განეიტრალდეს პუტინისტური რუსული ფაშიზმიც. ამ ორ ფაშიზმს შორის შეიძლება ისევ საქართველი გაიჭყლიტოს, თუ ჩვენს თავზე ამერიკული სამხედრო ფარი არ იქნება.