თეატრისა და კინოს მსახიობი, რუსლან მიქაბერიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეგობარი, გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსახიობი ,,მოუფერებლად” წავიდა ამქვეყნიდან.
,,ესეც პატრიოტი იყო და თქვენც, თქვე ფარჩაკებო! უყურადღებობაში და მოუფერებლად გავიდა იმქვეყნად! ქართველებმა მარტო გარდაცვლილის ფასი იციან, ისიც ან იციან და ან _ არა”, – დაწერა გია კორკოტაშვილმა.
რუსლან მიქაბერიძე ლექსების კრებულის ავტორი იყო.
,,ვისია, ქალი ლამაზი, ბოლოს და ბოლოს ვისია?!
ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია.
ჯერ რუსი შემოგვესია, მერე სხვა წამოგვისია,
სუყველამ გულზე გვიკბინა, უბეში ვინც ჩაგვისვია.
ვისია ტურფა ქვეყანა,ეს მიწაწყალი ვისია?
იქნება მართლა არ ვიცით, იქნება მართლა სხვისია.
იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია,
ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.
ან ყიზილბაშის სამშობლო, ბოლნისი და დმანისია,
მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისის რა კრწანისია?
არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,
გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია.
რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ, ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,
რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ მამა-პაპათა ძვლისია.
ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია!
მისთვის სიკვდილი, კაცებო, სიცოცხლის დასაწყისია!”.
რუსლან მიქაბერიძე

