“მარჯვნივ ჩემი მზე ბიჭი მიწევს, მარცხნივ – ჩემი მზეჭაბუკი. მე შუაში ვარ” – ცისნამი საყვარლიშვილი

"მარჯვნივ ჩემი მზე ბიჭი მიწევს, მარცხნივ - ჩემი მზეჭაბუკი. მე შუაში ვარ" - ცისნამი საყვარლიშვილიცისნამი საყვარლიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“აეროპორტიდან ჰემპტონებში წამოვედით. ირაკლი მე მგავს, სითის პატარა თაუნი ურჩევნია. “I love country side, mom.”
მანქანის უკანა სავარძელში ვისხედით და მთელი გზა გულში მეხუტებოდა, ხან ძაღლებს ეთამაშებოდა. უმაგრესი ბიჭია. ინგლისური ჩემზე კარგად იცის. ძალიან განათლებულია. მადლობა მის საყვარელ ბებოს ასეთი მაგარი ბიჭის აღზრდისთვის. გიჟდება ბებოზე. შეცდომით ორჯერ დედის მაგივრად ბები ასე დამიძახა და მერე ორივეს გაგვეცინა.
რესტორანში ვივახშმეთ. პირველად დააგემოვნა შემწვარი ქალამარი და ძალიან მოეწონა. შემდეგ პიცა მიირთვა.
სახლზე გადაირია, ყველა ოთახი დაათვალიერა და ერთ-ერთი მათგანი აარჩია თავისთვის. ალექსანდრეს თეთრი სვანური ქუდი აჩუქა და თავზე თვითონ დააფარა. რამდენჯერმე ჩაეხუტა და სულ მადლობები უხადა, აქ ყოფნისთვის. ალექსანდრეს გოგონებს: მადის და ლულუს ქართული შოკოლადები ჩამოუტანა.
თავისით ამოალაგა ბარგი, ტანსაცმელი მოაწესრიგა, ვანაში შევიდა, იბანავა, პიჟამოები ჩაიცვა, ღამე მშვიდობისა გვისურვა მე და ალექსანდრეს, ორივეს ლოყაზე გვაკოცა და თავის ლოგინში ჩაეძინა.

უზომოდ დაღლილი იყო, თითქმის 20 საათი ჰაერში გაატარა. ფეხსაცმელები რომ გაიხადა, ფეხის თითები ჩახარშული ჰქონდა. ძაღლებიც მის ოთახში დაწვნენ მასთან ერთად.
ასე ღამის 1 საათზე მესმის ირაკლის ხმა.
– დედი, დედი.
ქვევით ჩავედი.
– ხო, დედი.
– მეშინია, ვერ ვიძინებ, შეიძლება შენთან ერთად დავიძინო? მარტო არ დამტოვო.
– კი გენაცვალოს დედა. ნუ გეშინია, ჩემო პატარა, მე შენთან ვარ.
ეტყობა, დიდი სახლის, ახალ გარემოში ყოფნის და ღამის შეეშინდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ოთახში შუქი იყო ანთებული. ჩვენთან ამოვიყვანე და ჩემს მკლავზე განაგრძო ძილი. გამიბუჟდა მარჯვენა, მაგრამ შიშისგან ვერ ვანძრევდი, არ მინდოდა გამეღვიძებინა. ბოლოს გადაბრუნდა და გამოვაძვრინე მკლავი.

თვალი ვერ მოვხუჭე ემოციებისგან. მთელი ღამე ასეთი თვალებდაჭყეტილი ვარ. სულ საბანს ვაფარებ, მეშინია არ გადაიხადოს და არ გამიცივდეს. ნელ-ნელა იღვიძებს ჩემში მიძინებული დედობრივი გრძნობები.

დიდ “ქინგ საიზ” ლოგინში, მარჯვნივ ჩემი მზე ბიჭი მიწევს, მარცხნივ ჩემი მზეჭაბუკი. მე შუაში ვარ. ამიხდა სიზმარას სიზმარი. მარჯვნივ მზე მყავს, მარცხნივ მთვარე, ჩემს ზევით კი ვარსკვლავები. ვინც ჩვენს სახლში ნამყოფია, იცის, შუშის სკაილაითის ჭერი გვაქვს და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩანს. ხოდა მარჯვნივ მზე, მარცხნივ მთვარე, ზევით კიდევ ვარსკვლავებს ვუყურებ.
აბა ამაზე მეტი ბედნიერება არსებობს კიდევ რამე?
მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა ჩემს დიდებულ ალექსანდრეს და თქვენ მეგობრებო, ასე რომ გვეფერებით და გვესიყვარულებით.
მე თქვენ მიყვარხართ.
იმედია ცოტას მაინც დავიძინებ და დავხუჭავ თვალებს.”