ნინი წიკლაური: ,,ვეტყვი ჩემს თბილისს, როგორ ვიტანჯებოდი” – რა სიძნელეებს ებრძვის ორი შვილის დედა ამერიკაში

ნინი წიკლაური: ,,ვეტყვი ჩემს თბილისს, როგორ ვიტანჯებოდი" - რა სიძნელეებს ებრძვის ორი შვილის დედა ამერიკაში,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

მომღერალი ნინი წიკლაური ბოლო რამდენიმე წელია რთული გამოწვევების წინაშე დგას. 5 წლის წინ გარისკა და ამერიკაში გაემგზავრა, სადაც კარიერის შენება ნულიდან დაიწყო. მალევე გათხოვდა და უცხო მიწაზე თემო ტუღუშთან ერთად შეუდგა ოჯახურ ცხოვრებას. მათი მეორე ვაჟი რამდენიმე თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე დაიბადა.

-ნინი, ახლა ყველაზე საპატიო საქმით ხართ დაკავებული – შვილებს ზრდით. რა შეცვალა პატარა ილიამ თქვენს ცხოვრებაში?

– პირველ რიგში, ,,წოდება” – ორი შვილის დედობა სასწაული შეგრძნებაა. საბას დაბადება ჩემს ცხოვრებაში ზებუნებრივი მოვლენა იყო, ამის სიტყვებით ახსნა შეუძლებელია, მაგრამ ილიამ კიდევ სხვა კარი გააღო და ამ კარში სულ სხვანაირმა შევაბიჯე.

ცხადია, სირთულეები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ერთი შვილის დროს იყო. რატომღაც ერთად შივდებათ, ერთად უნდათ ბანაობა და ა.შ. გამიჭირდება, ინტერვიუში ავხსნა, თუ როგორ ვაკეთებ და ვახერხებ ამას.

ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ვახერხებ. დრო არ მრჩება, მუსიკალურ ინსტრუმენტს მივუჯდე. კარიერის დასრულება არ მინდა, ის ჩემი ოფლით ვაშენე.

– როცა მიმოსვლა დროებით შეზღუდულია, ალბათ უფრო გენატრებათ თბილისი, ახლობლები.

-ხშირად მესიზმრება, როგორ ვიღებ ბილეთს და როგორ ვჯდები თვითმფრინავში. იმასაც კი ვხედავ, ვინ მხვდება თბილისის აეროპორტში.

ჩემს ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი ვარ, ჩემი ეზოს ჭიშკარიც კი მიყვარს. ამიტომ მიმძიმს აქ ყოფნა. მალე ჩამოვალ და ყველაფერს ვეტყვი ჩემს თბილისს, როგორ ვიტანჯებოდი მის გარეშე და როგორი ძვირფასია ჩემთვის.