საერთო ბიზნესმა მეგობრები მტრად აქცია – ,,მაგრძნობინებდა, რომ მაჩანჩალა ვიყავი”

საერთო ბიზნესმა მეგობრები მტრად აქცია - ,,მაგრძნობინებდა, რომ მაჩანჩალა ვიყავი",,სარკე”, ნანა კობახიძე

,,სამუდამოდ გაუყარი საყვარელი, სათანადო მოყვასი, მარადის მას თანა მყოფი”, – ასე განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი სიტყვა ,,მეგობარს”. დიდაქტიკოსი მეგობრობაზე ამასაც წერს:

,,ამხანაგი ციხე წყლიანია,ზღუდე მაღალია, სიმაღლე დაურღვეველია… ამხანაგი გულთა ნათელია, თვალისჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია… ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებიანია… ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა”.

სამწუხაროდ, ყოველთვის ისე არ არის, როგორც ამას სულხან-საბა აღწერს. ზოგჯერ უახლოესი მეგობრებიც შორდებიან. ისმის კითხვები: რამ შეიძლება დაარღვიოს ადამიანებს შორის მრავალნაცადი მეგობრობა? შეიძლება, რომ ეს საქმიანმა ურთიერთობამ გამოიწვიოს? იქნებ ეს გამოცდაა მეგობრებს შორის, რასაც ყველა ვერ უძლებს?!

ცხოვრება გვიჩვენებს, რომ საქმიანი ურთიერთობის დროს ადამიანები დაფარულ თვისებებს ამჟღავნებენ, თითქოს სრულიად სხვა პიროვნებები ხდებიან, რაც გაუგებრობებს წარმოშობს. ჩვენი რესპონდენტი, შუა ხნის ქალი, ნელი, სწორედ ამის შესახებ გვიამბობს.

ნელი:

– მე და ჩემმა მეგობარს ბიზნესი ჩაგვივარდა და ჩვენ შორის წყენაც გაჩნდა. 2 წელი ვიმუშავეთ ერთად. ამ ხნის განმავლობაში ყოველი წინააღმდეგობისთანავე მაძახებდა, შენ გამო წამოვიწყე ეს საქმე, თორემ მე რა პრობლემა მქონდაო.

საუბრობდა თავისი ოჯახის მიღწევებზე. მაგრძნობინებდა, რომ ვიყავი საცოდავი, მაჩანჩალა.

ბიზნესის ჩავარდნაც მე დამაბრალა _ გამოცდილი თანამშრომელი რომ ამეყვანა, ფულს არ დავკარგავდიო. ჩემი დრო, შრომა, ენერგია გამოიყენა და დამემშვიდობა.

საქმეში ისეთმა თვისებებმა იჩინა თავი, რაც ადრე არასდროს შემინიშნავს. მეგობრები გავუცხოვდით. მართალი ყოფილა ჩემი ქმარი, საქმიანი ურთიერთობით მეგობრობა არ უნდა გასვაროო.