,,ქმრის ოჯახი უფლებას არ მაძლევს, უშვილობაზე ვიმკურნალო”

,,ქმრის ოჯახი უფლებას არ მაძლევს, უშვილობაზე ვიმკურნალო"ოჯახში არ აინტერესებთ, რას ვგრძნობ. თურმე მთავარი ის ყოფილა, რომ ,,გამოტენილ” სახლში ვცხოვრობ, ქმარი ნარკომანი და ლოთი არ მყავს და მეტი რა მინდა ბედნიერებისთვის.

სამსახურში სიარულიც ამიკრძალეს. გამომიცხადეს, განა რამდენი გაქვს ხელფასი, ჯობია, ოჯახს მიხედოო.

6 წელია, რაც ქმარი მყავს, მაგრამ შვილი არ შეგვეძინა. ჩემი ერთადერთი ოცნებაა, დედა გავხდები და ჩემს გათხოვებასაც აზრი მიეცემა.

ერთი წლის წინ ექიმთან გავიპარე, მინდოდა,  უშვილობის მიზეზი გამეგო. ექიმმა გამოკვლევები ჩამიტარა და მითხრა, წესით, დედა აქამდეც უნდა გამხდარიყავიო. ასევე მითხრა, რომ მკურნალობა დამჭირდებოდა, რასაც დამოუკიდებლად ვერ გავწვდებოდი, ამიტომ ქმარს ვუთხარი, რომ ფული მჭირდებოდა.

ყვირილი დამიწყო, როგორ გაბედე და ექიმთან უჩემოდ გაიპარეო. დედამთილმა ცეცხლზე ნავთი დაასხა – მთელ ოჯახს თავი მოგვჭერი, რომ გინეკოლოგთან მარტო წახვედიო. მშობლებს რომ შევჩივლე, უარეს დღეში ჩამაგდეს – პატივს გცემენ, თავზე როგორ გადაახტიო.

ექიმთან იმიტომ წავედი მარტო, რომ სხვა არავინ გამყვებოდა. ამ 6 წლის განმავლობაში ვიძახი, რომ გამოკვლევები მჭირდება, მაგრამ არავინ მისმენს. დედამთილი მეუბნება, ქალიშვილისგანაც მყავს შვილიშვილი და ბიჭისგანაც და რაღატომ წუწუნებო. მამამთილი ტრაბახობს, რომ გვარის გამგრძელებელი ვაჟკაცი ჰყავს, ჩემი ქმრის შვილი, რომელიც ძირითადად ჩვენთან იზრდება.

მეუღლეს რომ შევჩივი, მაშინვე ასე მპასუხობს: ,,ჩემი ბიჭი არ გიყვარს, შვილად არ თვლი”. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არავის უნდა, შვილი მეყოლოს. ალბათ ჰგონიათ, რომ ჩემი ბავშვი ქმრის შვილს კონკურენციას გაუწევს და ქონებაში შეეცილება. ამიტომაც ურჩევნიათ, დედობა არ მეღირსოს.

,,სარკის” მკითხველი