მაია ბუწაშვილი: ,,ინფიცირებულები უკმაყოფილოები მრჩებიან, რომ წამლებს არ ვუნიშნავ, ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება”

მაია ბუწაშვილი: ,,ინფიცირებულები უკმაყოფილოები მრჩებიან, რომ წამლებს არ ვუნიშნავ, ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება"ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საინტერესო სტატუსს აქვეყნებს:

,,სულ მიკვირს, რატომ უყვართ ჩვენთან ასე ძალიან წამლები, მათ შორის გადასხმები. წლებია ჭიდაობა მაქვს პაციენტებთან, რომ უმრავლეს შემთხვევაში გადასხმა არ სჭირდებათ და ხშირად მაინც არ მიჯერებენ და ისხამენ და ისხამენ ვენაში წყალს (ფაქტობრივად), იმის მაგივრად, რომ ონკანი მოუშვან და დალიონ.

ყოველდღე გადიან ჩემი ოთახიდან უკმაყოფილო პაციენტები, რომ წამალი არ დავუნიშნე. ზოგი ამას პიდაპირ მეკითხება გაოცებული, ზოგსაც გამოხედვაზე ვატყობ უკმაყოფილებას, წამლის გარეშე რომ ვუშვებ. კიდევ უფრო მეტად არ მოსწონთ ხოლმე, როცა ვკადნიერდები და სხვების დანიშნულ წამლებს ვუხსნი (არადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სრულიად არასაჭირო წამლებია დანიშნული).

იგივე ხდება კოვიდის მქონე პაციენტებთან.  ახლაც უკმაყოფილოები მრჩებიან იმით, რომ წამლებს არ ვუნიშნავ ან იშვიათად ვუნიშნავ. ბევრი თავისით იწყებს მკურნალობას, მაგალითად, დექსამეტაზონით და ანტიბიოტიკებით. ასე არ შეიძლება,
თუმცა რა ქნან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესმოდათ, რომ რამე აწუხებდა ადამიანს თუ არა, მაინც საავადმყოფოში აწვენდნენ და თავს იწონებდნენ პრეპარატების გამოყენებით… ახლა კი ვეუბნებით, მხოლოდ წყალი და სიცხის დამწევები მიიღეო. დაიბნენ ადამიანები…

ეს დრო რომ მოსამზადებელ სამუშაოებზე დაგვეხარჯა, ასევე ბინაზე მოვლის რეჟიმზე ნელ-ნელა გადავსულიყავით, ახლა ფორს-მაჟორში არ მოგვიწევდა ამის გაკეთება…

სინამდვილეში, კოვიდინფიცირებულებს მკურნალობა ან არ სჭირდებათ, ან თუ სჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება (დასალევად და არა ვენაში) და მოძრაობა. სიცხის დამწევებიც საჭიროების შემთხვევაში.