იოსებ ჭუმბურიძე: ,,ბიძინა ივანიშვილი ძალიან სევდიანი ყოფილა, ვისაც ვენდე, ყველამ მიღალატაო”

იოსებ ჭუმბურიძე: ,,ბიძინა ივანიშვილი ძალიან სევდიანი ყოფილა, ვისაც ვენდე, ყველამ მიღალატაო"ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელ ამბებს იხსენებს და წერს:

,,…ჩემკენ გამოიხედოს მარიკა ვერულაშვილმა და გაიხსენოს, როგორ დავურეკე და ვაცნობე, რომ უგულავამ გაზეთ „თბილისის” დახურვა გადაწყვიტა. აი, მისი სიტყვები: „ბატონო სოსო, ხომ იცით, რომ პატივს გცემთ. პირდაპირ პრეზიდენტთან მივალ. უგულავა ამას ვერ გაბედავს…”.
უგულავამ კი გაბედა… ცხადია, „იმასთან” შეუთანხმებლად ვერ გაბედავდა. არავის უფიქრია, რამდენი ღირსეული ჟურნალისტი დარჩა უმუშევარი, მეც, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა, ფაქტობრივად, უმუშევარი დავრჩი.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრემიის „ოქროს ფრთის” ლაურეატი ვიყავი.
ძალიან რომ გამიჭირდა, ჩემი „ოქროს ფრთა” ლომბარდში დავაგირავე…  ჩემი „ფრთა” საქართველოს ბანკმა აუქციონზე გაიტანა… და მაინც, ეს სულ არაფერია „ნაციონალური ხელისუფლების” უმძიმეს დანაშაულთა ფონზე….
ახლა ჩემკენ „ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიხედონ. ბატონ მამუკა მდინარაძეს მინდა, ვკითხო: შემთხვევით, ხომ არ გეცნობით?!.. გაზეთი არ აღადგინეს; უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, ისევ უვიცები პარპაშებენ; საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაც კი არ გაღირსეს.
და მაინც „ოცნებას” იცავ?!
„ოცნებას” კი არა, ბიძინა ივანიშვილს ვიცავ: უმისოდ „ნაციონალურ” ჯოჯოხეთს ვერავინ დაამთავრებდა. კი, ბატონო, მაგრამ კადრები?! – მეუბნებიან…
რამდენიმე წლის წინათ მიამბეს: ბიძინა ივანიშვილს ერთი ღამე გაუთენებია ჭიათურაში, საკუთარ დასთან. ძალიან სევდიანი და მოწყენილი ყოფილა. დას მიზეზი უკითხავს. პასუხად ეს მიუღია, – ვისაც ვენდე, ყველამ მიღალატაო. ერთგულებიც ხომ გყავსო, – გაუმხნევებია ქალბატონ მაგულის.
კი, ერთი – ორიო… ეს ამბავი მოგონილიც რომ იყოს, მაინც დავიჯერებდი…
ვაი, რომ მოღალატე დღესაც ბევრია”.