შალვა ნათელაშვილი: ,,იმ ლომის ფასი მაინც აღარ არის ჩვენი ხალხი?! ტატუნაშვილის და ბაშარულის სისხლი და გახელაძის ტრაგედია?!”

შალვა ნათელაშვილი: ,,იმ ლომის ფასი მაინც აღარ არის ჩვენი ხალხი?! ტატუნაშვილის და ბაშარულის სისხლი და გახელაძის ტრაგედია?!"ლეიბორისტების ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, ცენტრალურ მაგისტრალთან მოსული რუსი ოკუპანტების ყოფნა გააპროტესტა და მთავრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

_ სერგო ორჯონიკიძე-ბიძინა ივანიშვილმა რუსი ოკუპანტები ჩამოიყვანა ცენტრალურ მაგისტრალზე, საიდანაც რამდენიმე წუთში შეუძლიათ, აიღონ თბილისი.

ამ ხელისუფლების დამარცხებით ჩვენ უნდა დავამხოთ პუტინის ოკუპანტური რეჟიმი, დავიწყოთ საქართველოს დეოკუპაცია. რუსულ სახელმწიფოს ყოველდღიურად დავაკისროთ მილიარდიანი სანქციები ასეთ აგრესიისთვის და ყველა გენერალი, რომლებიც ასეთ დანაშაულებრივ დავალებას ასრულებენ,  ინტერპოლით უნდა გამოცხადდნენ ძებნაში. აბა, მერე დავინახავთ, როგორ იმოძრავებენ აქ მათი ტანკები, ტრაქტორები და მონღოლოიდური შავრაზმული დაჯგუფებები, რომელთაც ამდენი სისხლი მართებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის.

ამ სიტუაციაში, როცა ცენტრალური მაგისტრალი გადაგიღობეს, არ უნდა გაკეთდეს ერთი მიმართვა მსოფლიო საერთაშორისი ორგანიზაციების მიმართ?! ერთი ხელმოწერა პრემიერიმინისტრის რანგში არ უნდა იყოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ლიდერების მიმართ?!

ერთ ლომს რომ მოკლავენ კენიის ნაკრძალში… აგერ ჩავიდა ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი, მოკლა ლომი და მეფობიდან გადააყენეს. იმ ლომის ფასი მაინც აღარ არის ჩვენი ხალხი?! ტატუნაშვილის და ბაშარულის სისხლი და ახლა გატაცებული, დაჭრილი გახელაძის ტრაგედია?! არაფრად უღირთ?! და ამათ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქვეყნის მართვაზე, ჩვენი უსაფრთხოების დაცვაზე?!

წამები ითვლება ამათთვის და რუსი ოკუპანტებისთვის. ძალიან მალე გამარჯვების ქართულ დროშას ავაფრიალებთ რუსული სამხედრო ნაწილის თავზე, _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.