100 ათასი ლარი მარინა სალუქვაძის რესტორანს – სახელმწიფო 90%-ის გარანტორი იქნება

100 ათასი ლარი მარინა სალუქვაძის რესტორანს - სახელმწიფო 90%-ის გარანტორი იქნებაპოპულარული წყვილის, მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის და ყოფილი ტელეწამყვანის, მარინა სალუქვაძის ბარ-რესტორან ,,ზაზანოვას” პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა. ამის შესახებ მარინა სალუქვაძე ბევრს წერდა სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, მათი ფინანსური პრობლემა უკვე გადაიჭრა. პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მათ სერიოზული დაფინანსება მიიღეს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ,,ზაზანოვა” გაფართოებას შეძლებს და სტუმრებს ახალ სივრცეში უმასპინძლებს. კომპანიამ 100 000 ლარის სესხი აიღო, რომლის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, ამჯერად რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული და სამომავლოდ სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავს. ასევე, მუდმივი სამუშაო ადგილების რიცხვს ემატება, მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.

მანამდე მარინა სალუქვაძის ორგანიზებით ჯაზფესტივალი ჩატარდა.

-უცებ, სპონტანურად გაგვიჩნდა იდეა, რომ ფესტივალი გაგვეკეთებინა. დავსხედით, პროექტი დავწერეთ და თბილისის მერიაში წავედით. იმდენად მოეწონათ, რომ ორ საათში უკვე დამტკიცებული იყო, რისთვისაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. 49 საუკეთესო მუსიკოსი წარდგა მსმენელის წინაშე და, მგონი, ძალიან საინტერესო გამოგვივიდა, – მოუყვა ,,სარკეს” მარინა სალუქვაძე.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით უკვე 40 ბენეფიციარი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, შეიცვალა საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ,  პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება.

პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო – საგარანტიო სქემის ფარგლებში მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.