თეა გვასალია: ,,ექიმმა მითხრა, შეიძლება ინფარქტი დაგემართოსო” – რა გადახდა თავს ყოფილ ტელეწამყვანს

თეა გვასალია: ,,ექიმმა მითხრა, შეიძლება ინფარქტი დაგემართოსო" - რა გადახდა თავს ყოფილ ტელეწამყვანსმთარგმნელი, ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია იმ განუკითხაობზე წერს, რაც ჯანდაცვის სისტემაში ხდება.

,,გრძელი ამბავია, მაგრამ წაიკითხეთ, რომ ჩემსავით არ დაგემართოთ. წყნეთში ამომაკთხეს მეგობრებმა. ორივე ექიმია და რაღაცნაირად საუბარში წამლების თემას შევეხთ, ანუ აქ ნაყიდი წამლების უმეტესობა რომ თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, და ამაზე გამახსენდა ჩემი ამბავი: რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ კორონამდე, შეუძლოდ ვიგრძენი თავი. ხომ ყველას გამოგიცდიათ? ვითომ კონკრეტულად არაფერი გტკივა, მაგრამ რაღაც რომ ვერ ხარ…

ავდექი და წნევა გავიზომე. 150/90 მქონდა, რაც ჩემთვის ძალიან მაღალია. ავიღე კაპტოპრილი და ინსტრუქციის დაცვით ენის ქვეშ ჩავიდე. ვაცადე ნახევარი საათი და რომ გავიზომე, კიდევ უფრო მაღალი მქონდა. მეორეც მივაყოლე, რეაქცია – ნული. გამოვიძახე სასწრაფო, გადამიღეს კარდიოგრამა, დამარჭვეს ნემსები და წნევა უფრო მაღლა ავიდა. შეეშინდათ მათაც და კლინიკაში დაგაგიყვანთო.

არ მიყვარს ექიმებს რომ უძალიანდებიან. ვთვლი, რომ მათ უკეთ იციან, რა სჯობს, ამიტომ ცხვარივით მორჩილად გავყევი უკან და აწი კი მეცოდინება, მაგრამ მაშინ არც მიკითხავს, სად მივყავდით. მიმიყვანეს საბურთალოზე, ერთ კლინიკაში, არ დავწერ სახელს, რადგან ეს პოსტი ერთი კლინიკის კი არა, ზოგადად სისტემის აღწერაა.

შემიყვანეს წესების დაცვით გადაუდებელში, გადააბარეს ჩემი თავი და კარდიოგრამა იქაურ პერსონალს და კეთილი სურვილებით დამემშვიდობნენ. შუა ღამეა, წნევა უკვე 180 მაქვს და ვწევარ მორჩილად რაღაცაზე მიერთებული.

დახედეს ადგილობრივებმა სასწრაფოს გადაღებულ კარდიოგრამას, გადააქნიეს თავები უნდობლად და ახალი გადავუღოთო, ექთანს ეუბნებიან. კარდიოგრამის აპარატი არ ჩაირთო, ექთანს არ გაკვირვებია, ერთი-ორჯერ ჩამოარტყა მაგიდას ხელის გაწაფული მოძრაობით და ის საცოდავი რომ ატრახტრახდა, სასწრაფოდ მიმაერთა ზედ.

დახედა ექიმმა ახალ კარდიოგრამას და კარგს რომ არაფერს მოასწავებს, ისეთი მზერით ამომხედა. კორონაროგრაფიას გირჩევთო, მეუბნება, თორემ თავს ვერ დავდებ, რომ ინფარქტი არ დაგემართებათო და მიხსნის, რა არის კორონაროგრაფია, რომელიც მე ისე კარგად ვიცი, სხვას შემიძლია ავუხსნა.

დიდად არ მოვიხიბლე კორონაროგრაფიის პერსპექტივით. კი მაგრამ ცხოვრებაში რომ წნევა არ მქონია და არც გულს შევუწუხებივარ-მეთქი? არ გაჭრა, იფიქრეთო, დამიბარა, მოვალ მალეო.

ამასობაში სასწრაფომ ახალგაზრდა ქალი შემოიყვანა, საწყალი ტკივილისგან კიოდა. სანამ ექიმები მოხედავდნენ, გავწიე ფარდა, რაც ერთმანეთისგან გვყოფდა და გამოვკითხე, რა სჭირდა. აღმიწერა სიმპტომები და გარე ორსულობა რომ გამოვრიცხე, ვეუბნები, ან კისტა გაქვს გახეთქილი საკვერცხეზე ან კენჭის გავლა გაქვს, მე უფრო კენჭი მგონია-თქო და ვეძახი ექიმს, ექოსკოპიას რატომ არ უკეთებთ-მეთქი.თურმე ექოს აპარატი მეორე სართულზეა, პორტატატული არ აქვთ. გაუკეთეს მორფი, გაუყუჩეს ტკივილი, აიყვანეს ზემოთ და მართლა კენჭი აღმოაჩნდა.

ამასობაში ჩემი ექიმი შემოიხედავს, გამიყრის თვალში თვალს და გადის. ჯანდაბას, გამიკეთეთ კორონაროგრაფია-თქო, ვუთხარი და სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ჰაერიდან ალადინივით მატერიალიზდა ფინანსური მენეჯერი, რომელმაც ფასი მამცნო. 600 თუ 800 ლარი ღირდა, ზუსტად არ მახსოვს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, არაფერი აღმომაჩნდა და სულ ტყუილად ვიარე მთელი მომდევნო კვირა დალურჯებული ვენებით. როგორც მოგვიანებით მითხრა გამოცდილმა ხალხმა, მადლობა თქვი, ტყუილად რომ არ ჩაგიდგეს სტენტებიო. დაგვიანებული მადლობა, ექიმებო და არანაკლები მადლობა (ოჯახის წევრების მოკითხვით) იმ ,,კაპტოპრილის” შემომტანებს და გამსაღებლებს, რომელსაც თავისი პირდაპირი დანიშნულება რომ შეესრულებინა და წნევა დაეწია, ამხელა პოსტს არ დავწერდი”.