ნათია ფანჯიკიძე: ,,მშიშარა კაცები ტარაკნებივით რომ გვხოცავენ ქალებს, დროულად უნდა ვისწავლოთ მოქმედების გზები”

ნათია ფანჯიკიძე: ,,მშიშარა კაცები ტარაკნებივით რომ გვხოცავენ ქალებს, დროულად უნდა ვისწავლოთ მოქმედების გზები",,დამშვიდებას ნუ ეცდებით. ცხოველურ შიშს თქვენ ვერ დაამშვიდებთ ,,კარგი ქცევით”. გახსოვდეთ, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვიცავენ და ჩვენი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად ადარდებს ვინმეს”, – ამ სიტყვებით მიმართავს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალებს.

,,ერთადერთი არსება, რაც მომიკლავს, ტარაკანაა. იმიტომ ვკლავდი, რომ მეშინოდა. კალიებისაც მეშინოდა, მაგრამ მოკვლას ვერ ვუბედავდი და ნიკოს ვუკვეთავდი. ნიკო არასდროს კლავდა, ნაზად, ფრთები რომ არ დაეზიანებინა, აიყვანდა და აივნიდან გადასვამდა ხოლმე.

კარგა ხანია აღარაფერი მომიკლავს. ყველა მკვლელობის და სიძულვილის ფუნდამენტური გრძნობა შიშია _ ან გაცნობიერებული, ან გაუცნობიერებელი, ვიღაცის არსებობის შიში და ამ შიშს შემდეგ აზრობრივად შეთხზული განშტოებები აქვს, ზოგჯერ ისეთი სასაცილოც კი, როგორიცაა მკვლელობასთან ერთად სიტყვების ,,ღირსება, თავმოყვარეობა” გამოყენება, კარიკატურული მორალის აღწერისთვის.

ჰოდა, ტარაკნებივით იოლად რომ გვხოცავენ ქალებს შეშინებული კაცები, მათ ფუნდამენტურ შიშს სანამ რამე ეშველება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოქმედების გზები, როგორ შევამჩნიოთ მათ ქცევაში შიში და როგორ გამოვცალკევდეთ მშიშრებისგან დროულად.

დამშვიდებას ნუ ეცდებით. ცხოველურ შიშს თქვენ ვერ დაამშვიდებთ ,,კარგი ქცევით”. და გახსოვდეთ, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვიცავენ და ჩვენი სიკვდილი ყველაზე ნაკლებად ადარდებს ვინმეს. სულ რაღაც ერთი შეცხადებაა და იმასაც ეჭვი ახლავს – იქნებ ვიმსახურებდით.

ერთი ათეული წლის წინ მამებიც კი არ იცავდნენ მოზარდ გოგოებს ,,შეყვარებული გამტაცებლისგან” და მეზობლის აყროლებული აზრის შიშით სახლში არ იბრუნებდნენ. გავაცნობიეროთ ჩვენი მარტოობაც და ძალაც, რომელიც დათრგუნული გვაქვს ილუზიის გამო, რომ ვინმე გაგვიფრთხილდება და დროულად დავინახოთ შეშინებულ ცხოველთან ვცხოვრობთ, თუ ადამიანთან.