,,მიმანიშნა, რომ თუ ვინმეს ,,ზემოდან” დავარეკინებდი, უფასოდაც შეგვიშვებდნენ” – რამ აღაშფოთა თამარ ივერი მარტვილის კანიონში

,,მიმანიშნა, რომ თუ ვინმეს ,,ზემოდან" დავარეკინებდი, უფასოდაც შეგვიშვებდნენ" - რამ აღაშფოთა თამარ ივერი მარტვილის კანიონში,,კარგი იქნება თუ ტელევიზიის საგამოძიებო ჯგუფები დაინტერესდებიან, როგორც მარტვილის კანიონის, ისევე სხვა ტურისტული ობიექტების თანხების ,,მიღება-ჩაბარების” საკითხით”, _ წერს ოპერის მომღერალი თამარ ივერი. მსოფლიო ვარსკვლავის აღშფოთება იმ წარმოუდგენლად მაღალმა ფასებმა გამოიწვია, რასაც ტურისტებს საქართველოში ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაში ახდებინებენ. თამარ ივერი წერს:

,,მარტვილის კანიონი! სამწუხაროდ, უზარმაზარი კორუფციის ბუდე!
მაშინ, როცა მთავრობა დაგვძახის, საქართველოში დაისვენეთო… ვერ ვხვდები, ეს ,,დასვენება საკუთარი ” ხალხის დამატებით გატყავებაში გამოიხატება?
გუშინ სტუმრებთან და ბავშვებთან ერთად ავედი მარტვილის კანიონის სანახავად. 4 კაცი და 2 ბავშვი ვიყავით და თითო კაცზე, ნავის ჩათვლით (ისე რა აზრი აქვს ნაპირებზე სეირნობას), არც მეტი და არც ნაკლები, 1 კაცზე 26 ლარი მოგვთხოვეს. უცხოელს 35-40 ლარს ვართმევთო. ბავშვები ნახევარი ფასიო (როცა მსოფლიოში 6 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიან),  ერთ ნავში 7კაცი ეტევაო და ანუ რაღაც 15-20წუთი ნავით, ისიც მხოლოდ პირველ ჩანჩქერამდე ,,გაფხარკალება” 100 ლარზე მეტი უნდა დაგვჯდომოდა.

ესაა ყველა ტურობიექტებზე ,,ტურიზმის რეალური ხელშეწყობა!”.  წარმომადგენელი მეუბნება: ,,ქალბატონო, გვაქვს სამთავრობო დათვალიერების მხარეც და თუ იცნობთ ვინმეს…”. ანუ მიჰყავდა საუბარი იქით, რომ თუ ვინმეს ,,ზემოდან დავარეკინებდი”, უფასოდაც შეგვიშვებდნენ.

თურმე ჩემი ქვეყნის მთა და ბარი რომ ვნახო, ან ,,ზემოთ” უნდა ვთხოვო ვინმეს, ან აბსურდული თანხები ვუხადო ,,სახელმწიფოს ობშიაკს”. შემდგომი ჩემი შეკითხვა იმ წარმომადგენლისადმი იყო: ,,რას ხმარდება ეს ამხელა თანხები?აქაური ინფრასტრუქტურის გალამაზება-მოვლას?”. რაზედაც იმ კაცმა ღიმილით და თვალის ჩაკვრით მითხრა: ,,არა, ქალბატონო, რა ინფრასტრუქტურას, თბილისში მიდის ეს თანხები”. ანუ რეალურად ილექება სადღაც, ვიღაცის ჯიბეში! ეს არ ხმარდება თავად აქაურობას! ანუ შენ მხოლოდ ბუნებრივი მთა და ბარის ნახვით აკეთებ ფულს, ამაში თეთრი არ გეხარჯება და ჩემი თანხა სადღაც გაურკვეველ მისამართზე მიდის თბილისში. და ისმის კითხვა: რატომ თბილისში?
ჩვენი ამ კამათის დროს მოვიდა კიდევ ერთი ქართული ოჯახი ბავშვებით, რომლებსაც ასევე შესვლა უნდოდათ. ფასის გაგების შემდგომ მშობლების თვალებში საოცარმა სასოწარკვეთილებამ დაისადგურა და ბავშვებს უთხეს, არა, წავედით, შვილო, არ გვაქვს ამის საშუალებაო. ბავშვების სახეზე საოცარი განხიბლვა აღიბეჭდა. გული დამეწვა მათი ყურებით და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე უფრო ,,კანონმორჩილი” ბიჭია, სტუმრების გამო მოერიდა ასეთ ,,გარჩევას”. წაიღო ხელი საფულისკენ, რომ მაინც შევსულიყავით.

მე კი გამოვბრუნდი და იმ ოჯახს სოლიდარობა გამოვუცხადე. წარმომადგენელს განვუცხადე: ,,პრინციპის ამბავია. თქვენი მაფიოზური სქემით და ქორვაჭრული ფასების ტარიფების გამო ჩემი ფეხი არ იქნება თქვენს ღირსშესანიშნავ ადგილზე”.

უკან გამოვბრუნდი ჩემი სტუმრებიანად. აი ასე! დღეს უკვე აღარავინ არის არც ერთი კანიონის თუ ნაკრძალის ნახვის ხამი! მესმის, ვიღაც კერძო ადამიანის ტერიტორია-ობიექტი ყოფილიყო და მეპატრონის ნებაა, რა თანხას დაადებს, მაგრამ, როცა სახელმწიფო გატყავებს ოფიციალურად, თან ასეთი მაღალი ტარიფით და თან შენი გადახდილი თანხა იქ მდგომმა მუშაკებმაც კი არ იციან, სად და ვისთან ილექება. წავალ და ტელევიზიით ან ინტერნეტში ვნახავ საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და ვიღაცა ჩინოსნების ჯიბეს არა და არ გავამდიდრებ!!
კარგი იქნება, თუ ტელევიზიის საგამოძიებო ჯგუფები დაინტერესდებიან, როგორც მარტვილის კანიონის, ასევე სხვა ტურისტული ობიექტების თანხების ,,მიღება/ჩაბარების” საკითხით, რადგან ანალოგიური სიტუაციებია თითქმის ყველა სხვა ,,ღირსშესანიშნავ ადგილებში”.
მე თუ მკითხავთ, საქართველოს გაღატაკებული მოქალაქისთვის შესვლა ყველგან ან უფასოდ, ან სიმბოლური ფასი 1-2ლარი უნდა ღირდეს, რომ მას სურვილი გაუჩნდეს მისი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულების და ბავშვების წაყვანის.

ისედაც იქამდე მისასვლელად საწვავში ეხარჯება საკმაო თანხა, მაგრამ მერე იმ NN ჩინოსნებს და ,,ადგილის კრიშებს” ჭამა ხომ უნდათ?
დროა, ასევე გაირკვეს, უცხოეთის მოქალაქეებს სად რა ტარიფებს ახდევინებენ, რადგან ამ საკითხშიც დიდი განუკითხაობა და კითხვის ნიშნებია. ყველა ობიექტზე გემრიელად რომ აჭრიან ყურებზე ხახვს, ეგ ფაქტია!”.