ლევან თაქთაქიშვილი: ,,მეუფე იაკობო, საფლავების მთხრელო, არ შეგრჩება ეს სიბინძურე!”

ლევან თაქთაქიშვილი: ,,მეუფე იაკობო, საფლავების მთხრელო, არ შეგრჩება ეს სიბინძურე!"პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხირსის მონასტრის ეზოში საფლავები გაანადგურეს, მათ შორის მისი პაპის და ბებიის.

,,აი, ჩემი ჩანაწერი ხირსის მონასტერში 6 წლის წინ. როცა ვნახე, რომ ეკლესიის ეზოში დაიწყო სასაფლაოს იავარყოფა. ვთხოვე, შეეჩერებინათ ეს ვანდალიზმი. შედეგი ვნახე დღეს ბოდბის წინამძღვრის ფეისბუქის გვერდზე, ოპერაცია დაუსრულებიათ. მთლიანად მოსპეს სასაფლაო, აღარაა არც ერთი საფლავი. პაპაჩემის და ბებიაჩემის მშობლების 4 საფლავიდან აღარც ერთი აღარაა, მათ შორის ამ ჩემი დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერზე არსებული 2 დარჩენილი საფლავი, არც ის, რომელზეც დაყრდნობილი ვარ, არც ისტორიული მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ლამაზად გაფორმებული ქვები, არც იაკობ გოგებაშვილის ძმის საფლავის ქვა. არაფერი აღარაა. ხეებიც მოუჭრიათ. მიწაც მოუხსნიათ. ყველაფერი დამთავრდა.

ჯერ ხომ ეკლესიაში არსებული ის საფლავები გააქრეს, გვარი რომ ,,ოვ”-ით იყო დამთავრებული. ანდრონიკოვს აქ რა უნდაო. ახლა ყველა მიაყოლეს. რა თავხედობაა, როცა ამით შენს გვერდზე ამაყობ და ვინ? ეპისკოპოსი. ხალხი? ხალხი კი პირში ჩალაგამოვლებული უყურებს ამ ვითომ ქრისტეს მოციქულთა ნამოქმედარს იმის შიშით, რომ რამე რომ თქვას ვინმემ, არ აუგებენ წესს სიკვდილის შემდეგ. სადამდე მივიდა ეკლესიის ეს თავხედი და ბუნდოვანი წარსულის მქონე იერარქი.

არც დაალაიქოთ ქართველო ერო, იქ ხომ თქვენი წინაპარი არაა დამარხული, ასე ხომ უფრო ლამაზია… თქვენი წინაპრის საფლავს რომ მიადგებიან, მერე გვიანი იქნება. ესენი მოუვლიან ტყეს? მგელს რომ ბატკანი ჩააბარო. ყველა გაურბის ეკლესიას. მე კი ვიცი, რომ მალე ყველა დაინახავს მათ გახრწნასა და გათახსირებას. აი, ,,მეუფე ” იაკობი, საფლავების მთხრელი. არ შეგრჩებათ, მოქალაქე კონსტანტინე იაკობიშვილო, ეს სიბინძურე. გამსახურდიას წინააღმდეგ არ ვიბრძოდიო, ესეც არაა შენი ნახელავი? მკვდრების წამლეკველო? არაკაცო, როგორ უნდა შეხედო მრევლს თვალებში? რომელთაც წინაპართა საფლავები მოუსპე… მაგრამ ერთიც მიკვირს: ტიბაანის მოსახლეობა რატომაა ასე ინერტულად, სადაა ქიზიყელი კაცის სიამაყე?
პატარაობაში 1978 წელს ავდიოდი ამ მონასტერში, უმოქმედო იყო, ვნატრულობდი მის აღდგენას, ღამურების ბინა იყო ეკლესია. იატაკი საკრალური იყო და უამრავი საფლავის ქვა. წმინდა კირიონმა აღწერა ისინი. დღეს მათი ერთეული ცალია ამორჩეულად დარჩენილი, ბანდიტი იაკობის არჩეული, დანარჩენი გააქრეს. თურქული მეტლახი ფარავს ძველ ქვის იატაკს. ოხ! ის ღამურები უფრო იყვნენ ღმერთთან ვიდრე ეს არამზადები. სოფელში ვინმე რომ გარდაიცვლება, ეკლესიის წინამძღვარი აგზავნის ხელისბიჭებს სანოვაგეზე. ხორციცო! ეუბნებიან მარხვის დღეებზე. ხორცზე როგორ გავიკითხო, როცა საფლავების მაოხრებელნი არიან”, – დაწერა ლევან თაქთაქიშვილმა და ვიდეო გამოაქვეყნა _ ნახეთ ვიდეო.