ანიტა რაჭველიშვილი: ,,იტალიაში რომ ვამბობ, სახლში დაბრუნებულს კარანტინში მიშვებენ, უკვირთ, ხომ არსებობს 24 საათიანი ტესტებიო”

ანიტა რაჭველიშვილი: ,,იტალიაში რომ ვამბობ, სახლში დაბრუნებულს კარანტინში მიშვებენ, უკვირთ, ხომ არსებობს 24 საათიანი ტესტებიო",,წაიკითხეთ, გთხოვთ!” – ასე იწყებს ფეოსბუქპოსტს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და საქართველოს მთავრობას იმის გამო აკრიტიკებს, რომ უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ,,ციხეში” სვამენ.
,,11 ივლისს ევროპაში გავფრინდით კონცერტების გამო! ამსტერდამის გავლით ათენში ჩავფრინდით. ერთი ღამე ამსტერდამში დავრჩით, რადგან ათენში  პირდაპირი ფრენა მეორე დღეს იყო. არანაირი კარანტინი არ ყოფილა ამსტერდამში! ნიღაბი სავალდებულო იყო.

ათენში ჩაფრენისას გაგვიკეთეს ტესტი და არანაირ ,,ციხეში” არ გავუშვივართ. 24 საათის მერე გვითხრეს, რომ არ გვაქვს კორონა და შეგვიძლია თავისუფლად ვიმოძრაოთ ყველგან, თუმცა არც იმ 24 საათის განმავლობაში ვიყავით ვალდებულები ,,ციხეში” ვმსხდარიყავით!
ნიღაბი სავალდებულოა ყველა დახურულ სივრცეში. ათენში ხალხი ფრთხილობს, მაგრამ ყველაფერი ღიაა და სიცოცხლე ჩქეფს!

ორი დღის წინ იტალიაში ჩამოვფრინდით. ყველამ იცით, რა მძიმე მდგომარეობა იყო იტალიაში და როგორი ტრაგედია დატრიალდა აქ კორონას გამო. მილანის აეროპორტში ჩამოვფრინდით და ყველგან მონიტორები დგას და სიცხე ეზომება აეროპორტის სივრცეში ყველა ადამიანს. ნიღაბი სავალდებულოა აქაც. არანაირი კარანტინი. მანქანაზე დავსხედეით და ნეაპოლში წამოვედით. გზად ბევრგან გავჩერდით. ნიღაბი ყველას ეკეთა, მაგრამ ყველაფერი ღია იყო გზებზე და სიცოცხლე ჩქეფდა. მართალია, ამბობენ მილანიც და რომიც ზომბების ქალაქებს ჰგავს, ისეთი ცარიელიაო, მაგრამ ციხეში არავინ ჩაგვსვა.

კორონა არ გვაქვს, რადგან ტესტი ჩაგვიტარეს ათენში და ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. თუმცა ნიღბებით დავდივართ მაინც. ნეაპოლში ნამდვილი სამოთხეა. ხმაური, უამრავი ხალხი, ყველაფერი ღიაა და ნიღბები აქაც სავალდებულოა, შენობაში რომ შედიხარ. დისტანციას იცავენ ყველგან! არავინ გემუქრება ორკვირიანი ციხით.
რამდენიმე დღეში კონცერტია,  ვზივარ და ვფიქრობ, უკან რომ დავბრუნდები, რა მელის! ლოგიკას აცდენილი, მოძალადეობრივი რეჟიმის მიერ დადგენილი ციხე, მიუხედავად იმისა, რომ ტესტი ჩამიტარეს და ვიცი, არ მაქვს კორონა. ძალიან ფრთხილი ვარ და ყველა უსაფრთხოების ზომებს ვიცავ. რომ ვამბობ, სახლში დაბრუნებულს ,,ციხეში” მიშვებენ-თქო, ვერ ხვდებიან, რატომ! ხომ არსებობს 24 საათიანი ტესტებიო! ჰოდა, ვზივარ და ვფიქრობ, რა კარგად იყენებს ეს მოღალატეების მთავრობა ამ ექიმებს იმისთვის, რომ მთელი ერი და ქვეყანა ისე ატრიალოს, როგორც თვითონ უნდათ!
ჩვენ ვისხდეთ და ხმა არ ამოვიღოთ! მონობას გვაჩვევენ და ჩვენც ვდუმვართ!
მართლა ყელში ამოვიდა ყველაფერი!”.