უგულავა: ,,პრეზიდენტი გვლანძღავდა, მაგრამ მისი ძუძუები გვლოცავდა”

უგულავა: ,,პრეზიდენტი გვლანძღავდა, მაგრამ მისი ძუძუები გვლოცავდა"გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ცოტა ხნის წინ მათ საპატიმრო დატოვეს.

-ეს შეწყალება არ ეფუძნება ჩვეულებისამებრ ჰუმანურ პრინციპებს ან ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის გამოც ადამიანს შესაძლოა, სასჯელი შეუმსუბუქდეს ან სრულად გაუუქმდეს.

ხაზი მინდა, გავუსვა, რომ მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის ამ ადამიანების რეალური ქმედებები და ქვეყნის წინაშე დანაშაულები, არამედ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე ქვეყნის ინტერესებიდან.

როგორც საზოგადოებამ კარგად იცის, მე ამ ქვეყანაში ჩამოვედი არც პირადი ამბიციების, არც მატერიალური ან სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მე მხოლოდ ჩემი სამშობლოს ბედი და მომავალი მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესაც. ამის გამო მოვითმინე და კიდევ მოვითმენ შეურაცხყოფას.

ჩემი პრინციპულობა არსად წასულა და ზუსტად პრინციპულობის გამო ჩემს ემოციებსა და ჩემს პირად შეხედულებებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას. ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს.

ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დგას. რადაც უნდა მიღირდეს და მერწმუნეთ, ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ალბათ  ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება, მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ.

დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ მძიმე ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან, რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები და ამას ხელს ვერავინ შეუშლის,  – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ციხიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ პრეზიდენტს ასე უპასუხა.

-მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები. მიუხედავად იმისა, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღა, მისი ძუძუები გვლოცავდა.

ასევე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა მალე დატოვებს საპატიმროს. სხვა შემთხვევაში მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. როცა კაცი სიტყვას დებ, ბოლომდე უნდა შეასრულო, არ არსებობს სანახევროდ შესრულებული სიტყვა. ნავსი უკვე გატყდა და შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ ეს ასე იქნება, – განაცხადა უგულავამ.