,,მეგობარმა ეროტიკულ კლიპში მოტყუებით გადამიღო”

,,მეგობარმა ეროტიკულ კლიპში მოტყუებით გადამიღო"11 წლის ვიყავი, როცა სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული და უკვე 6 წელია, რაც ჩვენებებში ვმონაწილეობ. ბევრს უკვირს, მამაშენი ამას როგორ არ გიშლისო, მაგრამ სწორედ მშობლებმა მიმიყვანეს სააგენტოში და დღემდე ხელს მიწყობენ, რომ წარმატებული ვიყო. მე მსახიობობა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მსურს და კარგად ხვდებიან, მოდელობა ამაში როგორ დამეხმარება. მამა ხელოვანია, კარგად იცის, რასაც ვგრძნობ და გვერდით მიდგას, რომ ოცნებები ავისრულო.

რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა ბიჭმა მთხოვა, მის კლიპში მიმეღო მონაწილეობა. ეს ბიჭი საკმაოდ კარგად მღერის, ზოგჯერ ქუჩაშიც დგას, რომ ცოტა ფული მაინც იშოვოს. ვთვლი, რომ ნიჭიერია და ღირსია იმის, წარმატებას მიაღწიოს, ხალხმა გაიცნოს, ამიტომაც, როცა მთხოვა, კლიპს ვიღებ და იქნებ შენც მიიღო მონაწილეობაო, დავთანხმდი. მინდოდა, ხელი შემეწყო წარმატების მიღწევაში, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ძალიან ვნანობ. ჯობდა, უარი მეთქვა და ამ კლიპში არ გამოვჩენილიყავი.

საქმე ის არის, რომ ვიდეორგოლის შინაარსი არ გამანდო. მეგონა, ჩვეულებრივი კადრები იქნებოდა. მე ბუნებაში გადამიღეს, ერთი გადაღება ბაკურიანში, თოვლში გვქონდა, მეორე – რაბათში. გრძელი კაბა მეცვა ზურგზე ამოღებული და მორჩა, სხვა არაფერი ყოფილა განსაკუთრებული, არც კოცნა, არც ლოგინი და არც მსგავსი რამ.

კლიპი სანამ ინტერნეტით არ ატვირთა, მანამდე არ ვიცოდი, როგორი გამოვიდა. ვთხოვდი, ჩემი კადრები ეჩვენებინა, მაგრამ მპასუხობდა, მინდა, სიურპრიზი იყოს, დაელოდეო. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ გამომიყენა, მომატყუა!

სიმღერა დაკარგულ სიყვარულზეა, ტექსტში უწმაწური სიტყვებიც არის და რამდენიმე ეროტიკული კადრიც – ბუხართან გაშლილი ლოგინი, შიშველი სხეულები, ჩახუტება და კოცნები. ჩემს სცენებში მე კარგად ვჩანვარ, სახეც ახლო რაკურსით არის გადაღებული, ის გოგო კი, რომელსაც ბუხართან ბიჭი ეხვევა, კარგად არ ჩანს. მისი სახე გაკრთება ხოლმე და სხეული ჩანს. ვინც არ მიცნობს, შეიძლება იფიქროს, რომ კლიპში ერთი და იგივე გოგო მონაწილეობს.

ეს რომ ვნახე, ლამის გული გამისკდა. იმ ბიჭს მაშინვე დავურეკე და მოვთხოვე, ამ კლიპიდან ჩემი კადრები ამოეჭრა, მაგრამ უარი მითხრა. ფული დავხარჯე და ახლა ამას როგორ მეუბნები, შენ დამთანხმდი გადაღებაზე და უფლება არ გაქვს, ახლა ასეთი რაღაცები მთხოვოო.

მამაჩემიც ძალიან გაბრაზდა, დაემუქრა, რომ უჩივლებდა, მაგრამ მან ჩანაწერი აგვიფრიალა, სადაც ვეუბნები, რომ თანახმა ვარ, გადამიღოს. მამაჩემთან საუბრის ჩანაწერიც აქვს, სადაც ეუბნება, კარგია თუ გადაიღებ, ჩემი შვილი გამოცდილებას მიიღებსო.

ეს ბიჭი გვეუბნება, ვერაფერში დამადანაშაულებთ, კლიპი ეროტიკა არ არის, ჩვეულებრივიაო. გასაგებია, რომ ეროტიკის ჟანრს არ მიეკუთვნება, მაგრამ არც არაფერი უკლია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თავიდანვე არ გამაფრთხილა, არ მითხრა, რომ სხვანაირი სცენებიც იქნებოდა. ფაქტი ერთია, მოგვატყუა და შეგვიძლია, მართლაც ვუჩივლოთ, მაგრამ ამის დამტკიცებას ბევრი სირბილი და ნერვების მოშლა მოჰყვება, ასევე ბევრი ადამიანის დაკარგვა, რის გამოც თავს ვიკავებთ.

ერთი მხრივ, კარგია, ასე რომ მოხდა, რადგან გამოცდილება მივიღე, უკვე ვიცი, ადამიანებს ასე ადვილად არ უნდა ვენდო. რამეს რომ გთავაზობენ, კარგად უნდა აწონ-დაწონო და გადაწყვეტილება ისე მიიღო.

ცუდია ისიც, რომ ძალიან ბევრი გოგო ამ ბიჭის მხარეს დადგა, მე გამამტყუნეს – იცოდი, კლიპი სიყვარულზე რომ იყო და იმასაც უნდა მიმხვდარიყავი, სადაც სიყვარულია, იქ კოცნაც იქნებოდა და ლოგინიცო. რაც აწყობთ, იმას ამბობენ, ჩემზე კი არ ფიქრობენ, ეს ყველაფერი რად დამიჯდა, რამხელა ტრავმა მივიღე.

არა უშავს, ოჯახის თანადგომით ამას გადავიტან, სამაგიეროდ, ასეთ შეცდომას აღარასოდეს დავუშვებ. კარგად დავინახე, ვინ ვინ არის, ვის უნდა ვენდო და ვის – არა. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ იმ ადამიანებს შემოვუშვებ, რომლებიც ერთგულებას წლების განმავლობაში დამიმტკიცებენ. სანამ ვინმეს შევიცოდებ და მის დახმარებას გადავწყვეტ, მანამდე საკუთარ თავზე ვიფიქრებ, რამდენად კარგი იქნება ეს ჩემთვის.

,,სარკის”  მკითხველი

თქვენი ისტორიები შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ,,სარკის” ფეისბუქგვერდზე, ასევე _ ელ.ფოსტაზე sarke@mail.ru

ანონიმურობა დაცულია