ტატო ჯახია: ,,ეს არ არის მკვლელი ვირუსი, როგორც ,,გვაბოლებდნენ”

ტატო ჯახია: ,,ეს არ არის მკვლელი ვირუსი, როგორც ,,გვაბოლებდნენ"ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატო ჯახია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსი არ არის მკვლელი და და განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს და მკაცრი შეზღუდვების აზრს ვერ ხედავს.

„​მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ექიმი, არ შემიძლია არ დავწერო ეს: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი ვირუსთან ბრძოლას არ აქვს, იმას რომ:

1. ოჯახის წევრებს ერთ მანქანაში ჯდომა აკრძალული აქვთ _ 3-ზე მეტ ადამიანს;
2. ცოლ-ქმარს არ შეუძლია წინ დასხდნენ ერთად;
3. ჩაკეტილ ქალაქებთან;
4. თერმოსკრინინგთან;
5. კომენდანტის საათთან;
6. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან;
7. ჩაკეტილ ქალაქებთან, სამხედროების დგომასთან;
8. კარზე ან ბორბალზე 5 მლ რაღაც ხსნარის მისხმასთან;
9. ონლაინ ვაჭრობის აკრძალვასთან.

სამაგიეროდ, ეს ზომები ქმნის არაადამიანურ პირობებს ცხოვრებისთვის, აღატაკებს ხალხს და გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებს. ჩვენს ისედაც სავალალო მდგომარეობას კატასტროფულ ზიანს აყენებს. ეს კატასტროფული ზიანი წაიღებს ბევრ სიცოცხლეს, ბევრის სიცოცხლის ხარისხს კატასტროფულად გააუარესებს.

კორონავირუსის შესახებ:
1. ეს არ არის მკვლელი ვირუსი;
2. არც რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ბანალური გრიპი. უკვე რამდენიმე კვლევა დაიდო, რომ ამ ვირუსის ლეტალობა მაქსიმუმ 0,5%-ია და არა ის მონაცემები, რასაც WHO „გვაბოლებდა“ და თავდაპირველად ვარაუდობდნენ. ამიტომაც მასშტაბურად იწყება შეზღუდვების ლიბერალიზაცია მთელ მსოფლიოში.

გამოსავალი:

უნდა გაუქმდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვა. ადამიანებმა უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის პირობებში, რომ შანსი დავიტოვოთ, გადავურჩეთ ეკონომიკურ კატასტროფას და შიმშილს. მთავრობის ნამდვილი დახმარება იქნება, თუ შეამცირებენ გადასახადებს, გააუქმებენ აქციზებს, ხალხს დაუბრუნებენ საპენსიო დანაზოგს, გააუქმებენ ბევრ უაზრო სსიპ და აიპს, შეამცირებენ ბიუჯეტს და არა ის შოუები, რასაც ახლა გვიდგამენ, რომელშიც, სხვათა შორის, ჩვენს ფულს ხარჯავენ (ბიუჯეტი).

ძალიან გთხოვთ, ყველა დაფიქრდით ამაზე, სანამ შეუქცევად უბედურებას მივიღებთ!“ – წერს ტატო ჯახია.