ზურა შევარდნაძე: ,,სხვა გზა არ დაგვრჩება და მიწას მივუბრუნდებით”

ზურა შევარდნაძე: ,,სხვა გზა არ დაგვრჩება და მიწას მივუბრუნდებით"ზურა შევარდნაძე ფეისბუქში წერს, რომ ისეთი რეალობის წინაშე დავდგებით, მიწას მივუბრუნდებით.

,,არც ისე ძნელი მისახვედრი უნდა იყოს, რომ ძილბურანში ვართ და გამოფხიზლებულებს ახალ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება.
ვფიქრობ, სხვა გზა არ დაგვრჩება და მიწას მივუბრუნდებით, გამოვაღებთ მიტოვებულ ოდებს, ღობეებს შევასწორებთ, ფრინველს და ცხოველს მოვამრავლებთ, ბოსტნებში კვლებს გავმართავთ, ყანებს მოვხნავთ და იმდენი მაინც მოვიყვანოთ, ეგებ სხვისი შემყურე და მომლოდინე არ ვიყოთ.

არ შეიძლება და არც აქამდე შეიძლებოდა რაც ჩვენს ბაზრებში ხდება. წინათ თურქეთიდან ჩამოზიდულ ბოსტნეულს დახლებზე მაინც ალაგებდნენ და ისე ყიდდნენ, ახლა პირდაპირ ტრაილერებიდან ყუთებით იყიდება. დამიჯერეთ, დაგვცინის თურქი, ბადრიჯნის მოყვანასაც რომ ვერ ვახერხებთ თავად.

მაშინებს და მაფიქრებს მხოლოდ, ვაითუ ცოდნა არ გვქონდეს მთლად დაკარგული, სოფლად ცხოვრებას რომ სჭირდება, ის ცოდნა –  მოხვნისთვის, თესვისთვის, სათესლის გაშრობისთვის, შენახვისთვის, მომკისთვის, დაბინავებისთვის, გაპენტვისთვის, გახამებისთვის, დაჩირებისთვის, გამზეურებისთვის, დამარილებისთვის, დაზვინვისთვის, დაჩითილებისთვის, გაფხვიერებისთვის, დაფქვისთვის, გაცრისთვის, ამოზელვისთვის, გამოხდისთვის, გამარგვლისთვის რომ ცოდნაა საჭირო, ის ცოდნა..
როგორ მინდა, ვცდებოდე და ტყულად ვიყო დამფრთხალი… ვაი, რომ არ მგონია ასე”, – წერს ზურა შევარდნაძე.