,,ტაძარში ვერ გავაცდენ სიარულსო – ეს ფეხქვეშ თელავს მთავარ მცნებას, მოყვასის სიყვარულს” – მამა ილია

,,ტაძარში ვერ გავაცდენ სიარულსო - ეს ფეხქვეშ თელავს მთავარ მცნებას, მოყვასის სიყვარულს'' - მამა ილია,,ჯვრის თაყვანისცემა უპირველესად გულისხმობს არა ჯვრის, როგორც უსულო ნივთის, არამედ ჯვრის, როგორც მსხვერპლის და საკუთარ სურვილთა თავშეკავების, მოყვასისათვის თავის დადების საღმრთო მცნების გააზრებას და შემეცნებას, სხვა შემთხვევაში ქრისტიანი კერპთაყვანისმცემელს ემსგავსება, რომელიც ფორმას აკერპებს, ხოლო შინაარსი არ ესმის!”, – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე და აღნიშნავს, რომ ქრისტიანობა უპირველასად მოყვასის სიყვარულს და მის გაფრთხილებას ნიშნავს.

,,როგორ იქცევა მზრუნველი და მოსიყვარულე სამღვდელოება სულიერი შვილების, ანუ მრევლის მიმართ, როდესაც ხალხმრავალ სივრცეებიცქმნის დიდ საფრთხეს?! ის მოუწოდებს სულიერ შვილებს, რომ გაითვალისწინონ მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციები, დარჩნენ სახლებში დროებით, ილოცონ შინ, თანახმად უფლის სახარებისეული მცნებისა და თავად მღვდლები ილოცებენ ტაძრებში მათთვის და მთელი სამყაროსათვის და არ გააციებენ ტაძრის წმინდა სამსხვერპლოებს.

ასე მოიქცა მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ალბანეთის და კრეტის ეკლესიები, ასე მოიქცა ათონის მთაც. ასე მოიქცნენ სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები და თვით მუსლიმური თემი მრავალ ქვეყანაში, იმისათვის, რომ ეპიდემიის მასობრივი გავრცლებისათვის ხელის შემწყობნი არ გამხდარიყვნენ, შეაჩერეს საზოგადო, ანუ მასობრივი მსახურებები.

და რას ვხედავთ ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსაგან?! ჩვენ იგივე ვერ ვიხილეთ. პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ სულიერი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ შეუბრალებელი დამოკიდებულება, ეგოისტური თუ სხვა მიზნებით ნაკარნახევი ქცევა, შეფუთული რელიგიური საბურველით:

იარეთ ტაძრებში, ესე იგი ნუ დარჩებით სახლებში. გარდა იმისა, რომ
ეს ეპიდემიის გავრცლებისთვის ხელის შეწყობაა, ესაა სახელმწიფოს კანონთა დარღვევა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არც კეისარს ემსახურება და არც ღმერთს, რადგან არსებითი ქვის ტაძრებში შეკრება კი არა, არსებითი არის – ,,რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანისცმდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა”.

მეორე მხრივ კი, ვანგრევთ სახელმწიფოს კანონის უგულვებელყოფით, რადგან მხოლოდ კანონმორჩილი ერი ქმნის ძლიერ და ღირსეულ სახელმწიფოს, კანონდამრღვევი ერი კი უფრო ბრბოა, ვიდრე ერი, ხოლო მისი სახელმწიფო ბუტაფორიაა.

დანარჩენი, განცხადებები აჟიტირებული ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ ეგოისტურ სურვილს ზიარების და ტაძარში სიარულს, არის ცრუ რელიგიური ფსევდომორწუნეობა ხიბლსა და ამარტავნებაზე დაფუძნებული, რადგან რამდენიმეკვირიანი თმენა მოყვასთა სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით აღემატება საკუთარ რელიგიურ სურვილებს.

უამრავი წლის მანძილზე უდაბნოში განმარტოებული წმ. მარიამ მეგვიპტელი არც ტაძარში დადიოდა და არც ეზიარებოდა, მიუხედავად ამასა, ის უდიდეს საღმრთო ნიჭებს მიეახლა და საკვირველებებს აღასრულებდა, მხოლოდ სიკვდილის წინ ღირს იქმნა წმინდა ზიარებისა ზოსიმე ხუცესის ხელით.

ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ტაძარში არ ვიაროთ, არამედ იმას, რომ ჭეშმარიტ რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება და ისტერიკული ვიშვივი, წივილი, არიქა, ტაძარში ვერ გავაცდენ სიარულს ერთი თვეო, არის ხიბლისმიერი და ეგოსტური ვნება, რომელიც მთავარ მცნებას, მოყვასის სიყვარულს, შესაბმისად მისი სიცოცხლის გაფრთხილებას ფეხქვეშ თელავს”, – წერს დეკანოზი.