,,ნუ დამიღუპავთ შვილს” – ცოტნე გამსახურდიას დედა დახმარებას ითხოვს

,,ნუ დამიღუპავთ შვილს" - ცოტნე გამსახურდიას დედა დახმარებას ითხოვსსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილის, ცოტნე გამსახურდიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს და დახმარებას ითხოვს.

,,მოგმართავთ ყველა მოქალაქეს! განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა:
გთხოვთ, გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისა ან სამუდამო დაინვალიდებისაგან.

მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამე თვე სრულდება სტამბულის აჯიბადენის კლინიკაში მოთავსებიდან. შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფილებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია, მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომლებიც ცოტნეს მდგომარეობას შეცვლიდა.

ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული
შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც, ფაქტობრივად, სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა.

,,ჩემთვის უცნობი” პიროვნებები დღესაც კატეგორულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას.

მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებასა და სხვა ჰოსპილტალში გადაყვანაზე. ნუ დამიღუპავთ შვილს, რომლის სიცოცხლესა და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები.
მოგიწოდებთ ყველას, მე – დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა (რომლის წინაშეც რამდენჯერმე დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში).

უკანასკნელად ა. წ. 21 თებერვალს, 13:00 საათზე საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე, სუთქვის სიხშირე R – 30-35 ‘ ; პულსი P – 180 ‘). მე ყოველივე ეს მონაცემი რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორი მომენტალურად გამორთეს!
ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე-მეთქი და მან ხელი მომიჭირა – აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ ,,ექსპერიმენტს” კონსტანტინე გამსახურდია ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერ თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა.

დერეფანი სავსე იყო საავადმყოფოს დაცვის სამსახურის თანამშრომლებით, პალატა იყო ღია. მივხვდი, თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი, ამივარდა ტირილი, რის გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინისტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა ,,საბაბი”, რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.

ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს), 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი, ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.

მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა, გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.

P.S. ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემ მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ გამყოფილებასა და მის დერეფანში, რა მოსატანია.

ოჯახის წევრები, მეზობლები, ახლობლები, აგრეთვე, ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძულური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია. პროფესიონალი დედა მეოცე დღეა, რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ,,მკურნალობაში”გამოსავალს ვერ ხედავდა.

დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ…
აქვე მინდა, დავძინო – მიუხედავად არაერთი მცდელობისა, დავკავშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია…”, – წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას უმძიმესი ოპერაციები ჩაუტარდა თბილისში. ამის სემდეგ ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.