გია ფერაძის ვაჟი საქართველოდან გულდაწყვეტილი გაუშვეს – “რა ლამაზად იცეკვა და ვითომც არაფერი! არ შეერგებათ ის მილიონები!”

გია ფერაძის ვაჟი საქართველოდან გულდაწყვეტილი გაუშვეს - "რა ლამაზად იცეკვა და ვითომც არაფერი! არ შეერგებათ ის მილიონები!"რუსუდან ადვაძე, სარკე

მსახიობ გია ფერაძის ხსენებისას ყველას 1985 წლის 19 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგედია ახსენდება – მან საკუთარი მეუღლე, ირინა მიქატაძე, მოკლა. არადა მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. ყველა ამბობდა, რომ არტისტი სასიკვდილოდ საყვარელ ქალს კი არა, ჭიანჭველასაც ვერ გაიმეტებდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა… ირინა მიქატაძე 26 წლის იყო.

ერთი ვერსიით, გია ფერაძემ შემთხვევით, ხოლო სხვა ვერსიით განზრახ, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მეუღლე, ცნობილი მოქანდაკის და სახალხო მხატვრის, ჯუნა მიქატაძის, შვილი.  ფერაძემ სასჯელი ჯერ საქართველოს რამდენიმე ქალაქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხადა, ბოლოს – ციმბირში და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა.

გია ფერაძეს და ირინა მიქატაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც ტრაგედიის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ, მარიკა საყვარელიძემ, შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

– ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედაჩემი, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი. ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას და ესროლა. ზოგი ამბობს, იმ კალამს ყველას გვიშვერდა, გვაშინებდაო.

ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედას გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა…

იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა. მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა… დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა. თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო.

წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას ჩაბარდა. კი თქვეს ექიმებმა, რომ დედაჩემს მაინც არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. მაგარი მსახიობი იყო. ძალიან მიყვარს ფილმი “არასერიოზული კაცი”… სისტემატურად ვკითხულობდი გიას ლექსებს.

ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია, – მოუყვა წლების წინ მარიკუნა მიქატაძემ გაზეთ “პრაიმტაიმს”.

მარიკუნა მიქატაძის გარდა გია ფერაძეს კიდევ სამი შვილი დარჩა. ირინა მიქატაძე მესამე ცოლი გახლდათ. უფროსი შვილი, სოფიკო, პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორე შვილი, ბიძინა, მეორე ქორწინების ნაყოფია. მეოთხე შვილი, მამის მოსახელე ვაჟი, ქორწინების გარეშე რუსეთში დაიბადა. რუს გოგონას ქართველი მსახიობი ისე შეუყვარდა, რომ შვილი გაუჩინა.

უმცროსი გია და მარიკუნა მიქატაძე ფაქტობრივად თანატოლები არიან. მარიკუნა თვეების იყო, როცა გია ფერაძე გასტროლით რუსეთში იმყოფებოდა. ათდღიანი გასტროლის შედეგად გაჩნდა მამის ასლი – უმცროსი გია ფერაძე. ტრაგიკული ბედის მქონე გია ფერაძის მეოთხე შვილი საოცრად ჰგავს მამას – ხმის ტემბრით, მანერებით, არტისტიზმით… ის მამის კვალს გაჰყვა და მოსკოვში თეატრისა და კინოს მსახიობია. იღებენ სერიალებში, იწვევენ საღამოებზე წამყვანად…

გია ფერაძეს რუსეთში გიორგი კუზუბოვის სახელით იცნობენ, რადგან დედის გვარს ატარებს. გია ფერაძე უმცროსი მისმა ბიძამ, ილია ფერაძემ, მოსკოვში მაშინ იპოვა, როცა გია ფერაძე უფროსი სასჯელს იხდიდა.

– რუსთაველის თეატრს ხანგრძლივი გასტროლი ჰქონდა ციმბირში. იქაურ მომხიბლავ პოეტესას გია შეუყვარდა და ამ დიდი სიყვარულის ნიშნად შვილი გაუჩინა. როდესაც გიას ეს უბედურება დაატყდა თავს, იმ ქალმა მხოლოდ მაშინ გამოგვიგზავნა შვილის ფოტო, რომელიც გიას ბავშვობის ასლი იყო. მერე მე ჩავიყვანე პატარა გია მამასთან კოლონიაში. 2011 წელს გია და დედამისი უკვე თბილისში ჩამოვიყვანე და და-ძმებს შევახვედრე, – უთხრა ჟურნალისტებს ილია ფერაძემ.

უმცროსი გია ფერაძე რამდენიმე თვის წინ დედასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა პროექტისთვის “ცეკვავენ ვარსკვლავები”, სადაც ვერკა ჯაჯანიძესთან ერთად იცეკვა. ქარიზმატულად და ენერგიულად შესრულებული ცეკვებით ფინალშიც მოხვდა, საბოლოოდ კი მესამე ადგილი დაიკავა.

გია ფერაძის მესამე ადგილს და ფაქტობრივად უსაჩუქროდ დატოვებას ხალხის აღშფოთება მოჰყვა, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით გამოიხატა.

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გია ფერაძე უფროსის საუკეთესო მეგობარი გახლდათ. მის შვილებს საკუთარ ძმისშვილებად თვლის და სწყინს, როცა მათ სათანადოდ არ აფასებენ.

ასმათ ტყაბლაძე: მე და გია ჯგუფელები ვიყავით და მთელი 5 წელი ინსტიტუტში ერთად გავატარეთ. ახლო მეგობრები ვიყავით მე, გია ფერაძე, ნანული სარაჯიშვილი, ელისო გუდიაშვილი, ამირან ბუაძე, დავით დვალიშვილი, ავთო მიქაძე და სხვები. ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, სხვადასხვა თეატრებში ვმუშაობდით, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით. გია რუსთაველის თეატრში იყო, მე – მარჯანიშვილში.

გია უზომოდ ნიჭიერი იყო და საოცარი იუმორი ჰქონდა. კარგი მეგობრობა იცოდა.

დუშეთში სახლი მაქვს. იქ ჩამოდიოდნენ და ვქეიფობდით. თუ შეგამჩნევდა, ვერ იყავი კარგად, მაშინვე ისეთ რამეს გააკეთებდა, კარგ ხასიათზე მოგიყვანდა. ვამბობდით, გიასთან წავიდეთ, კარგ ხასიათზე დავდგებით-თქო. უძვირფასესი, ნიჭიერი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივ ლექსებსა და სცენარებს წერდა, საღამოებს აწყობდა. მხიარულთა და საზრიანთა კლუბი საქართველოში პირველად მან გააკეთა.

არაჩვეულებრივი ცეკვა შეეძლო და ახლა, მისი ვაჟი რომ ცეკვავდა, სულ ჩემი გია მახსენდებოდა. ცეკვა სულ რომ არ გცოდნოდა, ისე გაცეკვებდა, გეგონებოდა, შენც იცოდი. მეხსიერებაც შესანიშნავი ჰქონდა. ყველას უცებ დაგვიწერდა ლექსს, ფუნაგორიებს… 300 კაციან სუფრასთან ისე ითამადებდა, ხმას არავის ამოაღებინებდა და ხალხს სიცილით ხოცავდა.

– კონფლიქტური არ იყო?

– არანაირად! არასოდეს უჩხუბია და კაციშვილისთვის ხელი არ დაურტყამს. ყველანაირი ურთიერთობა იუმორში გადაჰქონდა და ისე აგვარებდა ყველაფერს. თუ ვინმე კამათს, ჩხუბს დაიწყებდა, ისე გადაიყვანდა იუმორში, ყველა მხიარული რჩებოდა. ბოლოს ცუდი რამ დაემართა. სულ სხვა პიროვნება იყო და მისი ცხოვრება სხვანაირად შეტრიალდა.

– ირინა მიქატაძემდე ორი ცოლი ჰყოლია. როგორც ჩანს, ქალების მოყვარული იყო.

– ოჯახის კაცი ნამდვილად არ იყო, ბოჰემური ცხოვრება უყვარდა და ეს უხდებოდა კიდეც. ცოლიც უყვარდა, შვილებიც, მაგრამ სხვანაირი ნიჭიერებით გამოირჩეოდა და არ შეიძლებოდა, სახლში დამჯდარიყო და ფაჩუჩებით ევლო. ცოლებიც პატიობდნენ ასეთ ცხოვრებას.

– მის უფროს შვილებთანაც გაქვთ ურთიერთობა?

– როგორ არა. ყველა მისი შვილი ძალიან კარგი ადამიანია. ყველა ერთად დავდიოდით გიას საყურებლად პროექტში “ცეკვავენ ვარსკვლავები”. გია უმცროსმა ყველა გააერთიანა. ის იმდენად დადებითი პიროვნებაა და ისეთი საინტერესოა მასთან ურთიერთობა, ოთხივე გაერთიანდა. ყველაზე უფროსი სოფიკოა, მერე მოდის ბიძინა, მერე მარიკუნა და ბოლოს გია.

ბიძინა გიას მამას ერქვა, არაჩვეულებრივი კაცი იყო. “ყვავილების ქვეყანა” მისი ლექსია. ინგლისურის შესანიშნავი მცოდნე გახლდათ. გიას დედასაც შესანიშნავი იუმორი ჰქონდა. თინა ჟორჟოლიანი სანდრო ჟორჟოლიანის ძმისშვილი გახლდათ.

ვერც ავხსნი, რას ნიშნავდა გიასთან ურთიერთობა, ეს ნამდვილი ფეიერვერკი იყო. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ შოუშიც ყველას აჯობებდა, საოცრებებს მოიფიქრებდა.

მთელ თბილისს უყვარდა. ყველასთან დაიხარჯა, ყველას ასიამოვნა და თვითონ ადრე დაამთავრა ცხოვრება.

– ირინა მიქატაძე უყვარდაო ძალიან. როგორი იყო მათი სიყვარულის ამბავი?

– ირინაც გიჟდებოდა გიაზე და გიაც – მასზე. რა მოხდა იმ დღეს, არავინ იცის. მათი ურთიერთობა ულამაზესი იყო. ერთად ისე ლამაზად ცეკვავდნენ… მწყერჩიტასავით საყვარელი გოგო იყო ირინა. მერე ირინას საოცარი ლექსი მიუძღვნა…

გია ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს, კაცი ნაცემიც კი არ ჰყავდა, არავისთან უჩხუბია. თითქმის მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ. ციხეშიც მოვინახულე რამდენჯერმე. ხმას ვერ ვიღებდი ციხეში მასთან შესული, მხოლოდ ვტიროდი. თვითონ მეხუტებოდა და მეფერებოდა, მთხოვდა, არ მეტირა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი.

– მარიკუნა ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, რომ მამამისმა მოაწყო ინსცენირება, თითქოს ირინას ეძინა და გაიპარა… თვითონ გია რას ყვებოდა ამ ტრაგედიაზე?

– საერთოდ არ ამოუღია ხმა. ის სათამაშოსავით იარაღი ვიღაცამ აჩუქა. ასე ალბათ დაბნეულობისგან მოიქცა. ფეხშიშველი გავარდა და სად მიდიოდა, ვერც აცნობიერებდა. მგონი, ჯერ რაღაც სასმელი დალია, გაითიშა და აზრზე რომ მოვიდა, თვითონ ჩაბარდა.

ეს შემთხვევით მოუვიდა, თორემ გამორიცხულია, გიას ვინმესთვის და, მით უმეტეს ცოლისთვის, რამე დაეშავებინა. ციხიდან გამოსულს აღარ უნდოდა ცხოვრება. ყველაფერს აკეთებდა, რომ მალე წასულიყო ამქვეყნიდან.

– ალკოჰოლს მიეძალა?

– თავს აღარ უვლიდა, არც ექიმთან მიდიოდა… ციხიდან გამოსული დიმა ჯაიანმა მიიყვანა თეატრში და ათამაშა სპექტაკლში, მაგრამ მერე აღარც იქ მივიდა.

– ახლა გია ფერაძის ცხოვრება მის შვილებში გრძელდება. უფრო მეტი რამ გვიამბეთ მათზე.

– გიას ოთხივე შვილს ჩემს ძმისშვილებად ვთვლი, რადგან გია ძმად მიმაჩნდა. მარიკუნას მეუღლე კიევში ჰყავს და იქიდან დადიოდა ამ შოუზე დასასწრებად, გიასთან ისეთი კარგი ურთიერთობა აქვს. მარიკუნას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს და მის გამო ხშირად ჩამოდის თბილისში. სოფო და ბიძინა თბილისში ცხოვრობენ.

ბიძინა უფრო ბაბუას ჰგავს, გია კი მამის ასლია. პირველად რომ დავინახე, ლამის გული წამივიდა, მეგონა, გია ადგა. მაშინ 11 წლის იყო. აეროპორტში დავხვდით, ბიძამისმა რომ ჩამოიყვანა. ისეთი მანერები აქვს, გეგონება, მამასთან ერთად გაიზარდაო. გიამ ქართული არ იცის და უნდა იცოდეს… სულ მინდა, ხელი შევუწყო, დავეხმარო. ამიტომაც ვგულშემატკივრობდი ამ პროექტში, სადაც სპონსორები ძალიან ცუდად მოიქცნენ.

სპონსორებმა იგნორირება გაუკეთეს მესამე ადგილს. არამხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი, ყველა მონაწილე უნდა დაეჯილდოვებინათ. განსაკუთრებით გიას მოექცნენ ცუდად. ჩავედი დარბაზში და მივახალე, რომ კარაპეტები და ძუნწები არიან! ეს ყველაფერი დავწერე კიდეც და მეჯღანუაშვილებიც ვუწოდე!

გია დადიოდა მოსკოვიდან თბილისში და ისე გამოდიოდა შოუებზე. შაბათ საღამოს გაფრინდა, კვირას იქ ითამაშა სპექტაკლი და ორშაბათს დილით ჩამოფრინდა. რა ლამაზად იცეკვა და, ვითომც არაფერი… ყველა დამნაშავეა, ვინც არ იფიქრა, რომ ამ ბიჭისთვის რამე ეჩუქებინა და ყველას ვეუბნები, რომ არ შეერგებათ ის მილიონები!

– გზის ფულს მაინც თუ უნაზღაურებდნენ?

– კი, თორემ სად აქვს გიას ამდენი ფული?! ძალიან გულდაწყვეტილია და ამბობს, რომ არამხოლოდ მისთვის, ყველასთვის რაღაც სტიმული უნდა მიეცათ და რამე ეჩუქებინათ, ვინც ამ პროექტში იწვალა. რაღაც საგზური აჩუქეს და დღეს ვინ არ მოგზაურობს?!

გია მამას უზომოდ ჰგავს და ისეთი თბილია, გეგონება, აქ გაიზარდაო. ძალიან უყვარს ჩვენთან ყოფნა და უზომო მადლიერების გრძნობა აქვს.