საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი, რომელიც საქართველოს არაერთ მოქალაქეს დაეხმარა სიცოცხლისთვის ბრძოლაში, სოციალურ ქსელში ერთ შემთხვევაზე წერს:
..რამდენიმე წლის წინ ერთმა გოგონამ საქართველოდან წერილი მომწერა. მეგობრის გადარჩენას მთხოვდა, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და სასოწარკვეთილმა მამამ თვითმკვლელობა სცადა.
მეორე დღეს დავუკავშირდი მათ ოჯახს და დახმარება შევთავაზე. რამდენიმე კვირაში მამა და შვილი საფრანგეთში ჩამოვიდნენ. პირობა მივეცი, რომ 16 წლის გოგონას გადაარჩენდნენ და მის ქორწილში თამადა ვიქნებოდი.
მას შემდეგ 5 წელი გავიდა. გოგონას, რომელსაც სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, დღეს უკვე 21 წლის არის. ჯანმრთელი, მხიარული და ბედნიერია. ქორწილი ჯერ არ ჰქონია და მე ისევ ველოდები თამადის საპატიო ადგილს.
ახლა მოვისმინე, რომ საქართველოში 21 წლის ავადმყოფი გოგონას მამამ თავი მოიკლა მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ საკუთარი შვილის გადასარჩენად ვერასოდეს მოაგროვებდა იმ კოლოსალურ თანხას, რასაც მის სამკურნალოდ ითხოვდნენ.
ხალხო, სიკვდილი გამოსავალი არ არის. არც ისეა დაქცეულა მთელი ერი, რომ ყველანაირი იმედი გადაიწუროთ.
ერთ რამეს გირჩევთ: ნურასოდეს მოსთხოვთ მილიონრებს დახმარებას, რადგან მათ ეს ფული გაჭირვებულ ქვეყანაში თქვენი უბედურების ხარჯზე იშოვეს. ისინი ხარბები და გაუმაძღრები არიან.
თავის მოკვლამდე ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები მოგვძებნეთ, იქნებ შევძლოთ და გადაგარჩინოთ”.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ოთანაძის მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან იმ თანხის შეგროვება ვერ შეძლო, რაც შვილის სამკურნალოდ სჭირდებოდა.
მარიამს თირკმლების ქრონიკული დაავადება, მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა. მას კვირაში სამჯერ, ხუთი სააათის განმავლობაში დიალეზის გადასხმა უტარდება. სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია, რომელსაც 60 ათასი დოლარი სჭირდება.

