ვის გაეზრდება ხელფასი და პენსია – ნახეთ ჩამონათვალი

ვის გაეზრდება ხელფასი და პენსია - ნახეთ ჩამონათვალისაქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პირველი იანვრიდან რამდენიმე მიმართულებით ხელფასების ზრდა იგეგმება. ასევე დაგეგმილია პენსიების გაზრდა.

საბავშვო ბაღში დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით.
მეხანძრე-მაშველები, ჯარისკაცები და მათთან გათანაბრებული პირები მიიღებენ 125 ლარით მეტს.

საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი იზრდება 300 ლარით.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებაზე სულ 1,562 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება პენსიებს, პირველი იანვრიდან ასაკით პენსიონერთა პენსიები და ასევე 18 წლამდე შშმ პირების პენსია თვეში 20 ლარით გაიზრდება. ხოლო პირველი ივლისიდან 70 წელს ზევით უფრო მაღალი ასაკის პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა პენსიი კიდევ 30 ლარით გაზრდას, ანუ 250 ლარამდე.

ამ საკითხზე კომენტირებისას პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა:
-2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქეების უფრო მეტი შესაძლებლობების. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების საჭიროებებს ეყრდნობა ეს ბიუჯეტი და რაც მთავარია, ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს, იმ ჯგუფების, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ესენი არიან ბავშვები.

ასევე არიან ჩვენი პენსიონრები ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზეც ზრუნვის უდიდესი ვალდებულება გვაქვს. ასევე რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. სწორედ ამიტომ, ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები და ჩვენ ვთვლით, რომ ეს ის სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ატაროს,- განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.