ვახო სანაია: ,,ორი შარვალი არ მაპატიეს ამ ზამთარში და დახეულ ჯინსს ვინ შეარჩენდა”

ვახო სანაია: ,,ორი შარვალი არ მაპატიეს ამ ზამთარში და დახეულ ჯინსს ვინ შეარჩენდა",,ორი შარვალი არ მაპატიეს ამ ზამთარში და დახეულ ჯინსს ვინ შეარჩენდა”, – დაწერა ფეისბუქში ტელეჟურნალისტმა ვახო სანაიამ. ასე გამოეხმაურა ის იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართვას ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მიმართ. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა.

-ციხეში ისეთ თანამშრომელს ნუღარ გამოგზავნით, რომელსაც დახეული ჯინსი აცვია. ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში, – უთხრა წულუკიანმა ლომჯარიას.

რაც შეეხება ვახო სანაიას ორი შარვლის თემას, ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქში თავად წერს:

,,მოკლედ,  არ ვიყავი კარგად. თავი, გული, ისა, ესა – ყველაფერი. იმდენად ცუდად ვიყავი, დილიდან პიჟამათი დავბოდიალობდი სახლში. ისე დავმძიმდი, რომ ჩაცმის თავიც არ მქონდა, მაგრამ გადაცემა გადაცემაა და უნდა წავსულიყავი სამსახურში. ჰოდა, ავდექი და გახდისა და ისევ ჩაცმის ენერგია აღარ მქონდა, ავდექი და ამ პიჟამაზე ზემოდან ჩავიცვი შარვალი და წავედი სამსახურში.

გზაში და მერე სამსახურში კიდევ უფრო ცუდად გავხდი. წამოვწექი დივანზე. შემოვიდა პროდიუსერი თიკო ლევანიშვილი. ფერის არ მომწონსო და მიმასაჟებს ხელისგულებს. მერე შემოვიდა ლელა რევიშვილი, რომელსაც ზოგადად არ სჯერა, რომ მე ოდესმე მოვკვდები, მაგრამ ამჯერად შეშფოთდა ჩემი სახის დანახვაზე. არიქა, ატყდა ამბავი, რომ ვკვდები.

ინგა გრიგოლია, რომელიც თავადვე ძლივს გამოჯანმრთელდა, შეშფოთებული შემოვიდა. ჩემი ავადმყოფობისადმი სკეპტიკურად და ცინიკურად განწყობილი დიანა ტრაპაიძე უკვე ვეღარ მალავდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და შეწუხდა. ასე სწრაფად და დროულად არადროს მისულა სადმე ნინო ჟიჟილაშვილი. ამ სამყაროში ყველაზე ინფორმირებული ადამიანი ალინა ჩხაიძე, რა თქმა უნდა, იქვე გაჩნდა. ვითარებას აკონტროლებდა ნანა აბურჯანიძე. საზღვარგარეთიდან შეუწყვეტლად რეკავს ვატო წერეთელი.

გაივსო ოთახი ხალხით. გაიღო კარი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც შემოგვიერთდა. იწყო ხალხმა დენა ჩვენს ოთახში. სასწრაფომ შეიხსენი ღილები, მკერდზე რაღაცები უნდა დაგიმაგროთო. ფეხებიც გვაჩვენე, მანდაც რაღაცებს დავაყებებთო…

გამომდინარე იქიდან, რა ხალხი ესწრებოდა ამ ამბავს, თან ყველანი ტელეფონებით შეიარაღებულნი, ვიკითხე, ეს ფეხებზე დამაგრება აუცილებელია-მეთქი. კიო, დაბეჯითებით მიპასუხა ექიმმა. და აი, აქ გამოჩნდა ჩემი პიჟამა და დაიწყო ინგას, დიანას და სხვების ხორხოცი. ყრუდ ისმოდა სიტყვები – ,,ორი შარვალი”, ,,ორი შარვალი”. მოიმარჯვეს ტელეფონები. არსებობს მტკიცებულებებიც.

ერთი დეტალიც – ახლა აქედან სასწრაფოს მანქანამდე საკაცით უნდა წაგიყვანოთო. აი, მანდ უკვე წამოვხტი, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამ შენობიდან საკაცით არ გავალ-მეთქი…

მერე კიდევ იყო რაღაცები, საავადმყოფოშიც გადამიყვანეს. ახლა კარგად ვარ. გმადლობთ მოკითხისთვის, ყურადღებისთვის.

ჰოდა, შეკითხვა – შარვლის ქვეშ პიჟამა ვის გცმიათ?

P.S

მოვიდა თამუნა ყურაშვილი წაშლილი სახით. და ამათ, ნახე, ნახე, შენს ქმარს ორი შარვალი აცვიაო”.