შალვა ნათელაშვილი: ,,ივანიშვილი და მისი დანაშაულებრივი ჯგუფი უკანონო გარიგებაში არიან ირანის ხელისუფლებასთან”

შალვა ნათელაშვილი: ,,ივანიშვილი და მისი დანაშაულებრივი ჯგუფი უკანონო გარიგებაში არიან ირანის ხელისუფლებასთან"ლეიბორისტებმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართეს, ამოქმედდეს ივანიშვილზე, კალაძეზე, მამაცაშვილზე, ოდიშარიასა და წულაიაზე ის სანქციები, რომლებიც ამერიკამ ცოტა ხნის წინ დაუწესა ირანს.

შალვა ნათელაშვილის თქმით, დღეს ამოიწურა ხელისუფლებისთვის მათ მიერ მიცემული ერთკვირიანი ვადა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაეწესებინა ირანისთვის სავიზო რეჟიმი. ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა.

-ამოიწურა ხელისუფლებისთვის მიცემული ერთკვირიანი ვადა, შემოეღოთ სავიზო რეჟიმი ირანთან და ამით ჩვენი ქვეყანა გადაერჩინათ დემოგრაფიული კატასტროფისგან, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ამ შემთხვევაშიც სამშობლოს მილიარდები არჩია.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში არიან: ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, ოლიგარქის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, პარლამენტის დეპუტატები – ოდიშარია და წულაია, რომლებიც უკანონო გარიგებაში არიან ირანის ხელისუფლებასთან და ირანულ კომპანიებთან და დიდი რაოდენობით აშენებენ უძრავ ფართს, ჩამოჰყავთ ათიათასობით ემიგრანტი ამ ქვეყნიდან, უხსნიან ეკონომიკურ ბერკეტებს სანქცირებულ ირანს, აწარმოებენ შავი ფულის გარეცხვას ირანის ტერიტორიაზე.

ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, საბოლოოდ გადავშენდეთ როგორც ერი, რადგან ვერ გავუძლებთ 85 მილიონიანი ირანული ეთნოსის შემოსევას. ამიტომ დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დავსვით საკითხი, რომ აღნიშნული პირები მოექცნენ ანტიირანული სანქციების იმ ახალ ტალღაში, რომელიც ამ ქვეყანასთან თანამშრომლიბისთვის ითვალისწინებს სანქციებს, მათ შორის უცხოელ პარტნიორებზე.

ვფიქრობ, განგაშს უნდა იწვევდეს ის, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოდან გარბიან ქართველები, იზრდება ჩამოსულთა ნაკადი და სამშენებლო ობიექტების უდიდეს უმეტესობას სწორედ ისინი ავსებენ. მათ შეუქმნეს ხელსაყრელი გარემო – ჩამოვიდნენ უვიზოდ, უპრობლემოდ გაიფორმონ უძრავი ქონება, მიიღონ ბინადრობის უფლება. ანუ მთელი პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი მექანიზმებია ამოქმედებული იმისთვის, რომ მკვეთრად შეიცვალოს დემოკრატიული მდგომარეობა საქართველოში. მთელი პოლიტიკა იქითაა მიმართული, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დარჩეს ქართველი.

საქართველოს პრობლემა ბოლო 500 წლის მანძილზე, გარდა რუსულ აგრესიასთან ბრძოლის, იყო ირანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მათი შაჰები სწორედ ამის ირანიზაციის მიზნით ასახლებდნენ საქართველოში თურქმენულ ეთნოსს, სწორედ ამის გამო აყარეს ქართლი და კახეთი და გადაასახლეს ფერეიდანსა და ირანის სხვა პროვინციებში.

დღეს უკვე ეს ქართველთა ხელით, საქართველოს ხელმძღვანელობის ხელით ხორციელდება. ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისთვის ირანზე დაწესებული სანქციები ითვალისწინებს ირანთან მოთანამშრომლე პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ოლიგარქების სანქცირებასაც. უკეთესი კანდიდატი, ვიდრე ივანიშვილი და მისი კლანია, ამ საქმისთვის არ არსებობს და ჩვენ მიერ დღეს აშშ_ ის სახელმწიფო დეპარტამენტში დასმული საკითხი, დარწმუნებული ვარ, დადებითად გადაწყდება და ეს ბევრად დააჩქარებს საქართველოს დეოლიგარქიზაციას, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.