გიორგი ძოწენიძე: “სოფო ნიჟარაძისნაირი ქალები მომწონს”

გიორგი ძოწენიძე: "სოფო ნიჟარაძისნაირი ქალები მომწონს"რუსუდან ადვაძე, სარკე

“გამორჩეული იყო ანსამბლ “ურსას” სოლისტი, სადღაც ასტრალში გავედი, ეს არის კოსმიური ხმები”, – ასე შეაფასა 2016 წელს “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრმა, მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ, კონკურსანტი გიორგი ძოწენიძე, რომელმაც შოუს ფინალში ავთო აბესლამიძესთან ერთად ლაზური სიმღერა “გელინო” შეასრულა.

ანსამბლი “ურსა” და მისი სოლისტი “რუსთავი 2”-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ, აღმოაჩინა და შოუში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. “გუგლვა-გუგლვაში სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჯგუფი “ურსა” და რომ მოვუსმინე, ეგრევე შემიყვარდა. მერე კი ვთხოვე, მოსულიყვნენ და ჩვენთან ემღერათ. ეს ჯგუფი წარმოუდგენელ მუსიკას ქმნის”, – თქვა “იქს ფაქტორი 2016”-ის ფინალში ნიკა გვარამიამ და სოფო ნიჟარაძეს გიორგი ძოწენიძესთან ერთად სიმღერის ჩაწერა ურჩია.

გვარამიას რჩევა ორივემ გაითვალისწინა და სვანური სიმღერა ჩაიწერა, რომელსაც ინტერნეტქსელში მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

გიორგი ახლა პროექტ “მხოლოდ ქართულში” მონაწილეობს, სოფო კი ამავე შოუს ჟიურიში ზის. ერთ-ერთი ლაივ კონცერტის დროს გიორგი სოფოსთან მივიდა, თვალებში ჩახედა და მისთვის იმღერა – “კართან მოდგა შემოდგომა”. “სარკესთან” ამბობს, რომ შეუძლებელია, სოფო ნიჟარაძისნაირი ქალი არ მოსწონდეს.

გიორგი ძოწენიძე:

– ვცეკვავდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ მუხლზე ტრავმა მივიღე და ორივეს დავანებე თავი. ვთვლი, რომ ეს ტრავმა ჩემთვის გამართლება იყო, თორემ ამ გზას არ დავადგებოდი. ფეხბურთი მამაჩემს უყვარდა და მას უნდოდა, მეთამაშა. არც ერთ ვარჯიშს და შეჯიბრს არ აცდენდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემს კონცერტებზე არ დადიოდა და დღესაც არ დადის. მეუბნება, რომ ნერვიულობს და არ შეუძლია ყურება. რომ ეტყვიან, კარგად იმღერაო, მერე რთავს ტელევიზორს და უყურებს.

13 წლის ვიყავი, ხალხური სიმღერების ანსამბლში რომ დავიწყე მღერა. მერე კაპელაში ვიყავი, ციცი ფალავანდიშვილთან დავდიოდი. ტექნიკურ უნივერსიტერტში საგზაო ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. იქ მითხრეს, ჯგუფს ვქმნით და ბედი სცადეო. ეს ჯგუფია “ურსა”, სადაც უკვე მე-10 წელია, რაც ვმღერი.

– “ურსა” მხოლოდ ქართულ სიმღერებს მღერის?

– დიახ, მაგრამ არის კერძო დაკვეთები. როდესაც კორპორატიულ საღამოზე მივდივართ და იქ სხვა სიმღერაც უნდათ, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიმართულება ქართული ფოლკლორის გათანამედროვებული ვარიანტებია.

ჩვენი ფოლკლორული სიმღერა შედევრია, მაგრამ მას ძალიან მცირე პროცენტი უსმენს და ამ მცირე პროცენტში მეც შევდივარ. ათასში ერთხელ, ახალ წელს რომ “მრავალჟამიერს” მოუსმენ, ეს არ არის ქართული სიმღერის მოსმენა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გამოვედი “მხოლოდ ქართულში”, ის არის, რომ ზუსტად ეთანხმება იმ იდეას, რომელსაც მე და ჩემი ჯგუფი ვემსახურებით.

– ნიკა გვარამიას დამსახურებად ითვლება თქვენი ჯგუფის აღმოჩენა.

– დიახ, ნიკას დამსახურებაა, რომ დღეს ცნობილი ჯგუფი ვართ. სანამ ნიკა მოგვწერდა, მინდა, “იქს ფაქტორში” მოხვიდეთო. სწორედ იმ დღეს კონცერტი გვქონდა ერთ-ერთ ქალაქში და მხოლოდ ერთი-ორი კაცი გვისმენდა და ისინიც შორიდან. ძალიან კი ცხელოდა, მაგრამ… ეს ამბავი მაშინ ემოციურად ძალიან მძიმე გადასატანი იყო ჩვენთვის და საშინლად მოწყენილები ვიყავით. მოვდიოდით, გზაში ვიყავით, ნიკას ესემესი რომ მოგვივიდა. თავიდან არც ვიჯერებდით.

“იქს ფაქტორს” მოჰყვა დუეტის ჩაწერა ავთო აბესლამიძესთან, სოფო ნიჟარაძესთან, გიორგი ნაკაშიძესთან, მიშა სულუხიასთან…

– სოფო ნიჟარაძეს კასტინგზე ძალიანაც გაუხარდა თქვენი დანახვა. თქვა, ასტრალში გავდივარ, მის ნამღერს რომ ვისმენო.

– დიახ და მან იცოდა, რომ ამ პროექტში გამოსვლა სულ მინდოდა, მაგრამ რაღაც მაკავებდა. გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესოა, დიდი რისკიცაა. არ ვარ ის მუსიკოსი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. სერიოზული, ძალიან წარმატებული ჯგუფი მყავს და ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი მის იმიჯზე აისახება. მაინც გავბედე, რადგან გულით მინდოდა. ქართული სიმღერისთვის ღირს გარისკვა.

– სოფო ნიჟარაძესთან ახლოს მიხვედით და ფაქტობრივად მას უმღერეთ. ეს თავად მოიფიქრეთ თუ შოუს ნაწილი იყო?

– ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო – სოფოს ვუმღერე. სოფომ არ იცოდა, ამას რომ ვაპირებდი და სიურპრიზი გამოვიდა. მითხრეს, ცოტა უცნაური რეაქცია ჰქონდაო, მაგრამ მე ასე არ ვთვლი. მგონი, საკმაოდ კარგი რეაქცია ჰქონდა, ობიექტური. გაიღიმა კიდეც და მისგან კარგი ემოციაც მივიღე. ვფიქრობ, კარგი ექსპერიმენტი გამოვიდა. ვიცი, რომ სოფოს ძალიან უყვარს ჩიხლაძეების “კართან მოდგა შემოდგომა” და ამ სიმღერას თავადაც მღერის. ამიტომაც ავდექი და ვუმღერე!

– ჟიურის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მისგან ყველაზე დაბალი ქულა მიიღეთ…

– სოფომ შეაფასა ნამღერი და არა ის, რომ მისთვის ვიმღერე. ვთვლი, რომ ობიექტური ქულა დამიწერა.

სოფო ძალიან კარგი გოგოა. თავის საქმის პროფესიონალია და ურთიერთობაშიც კარგი გოგოა. სანამ გავიცნობდი, მასზე ბევრი ჭორი მქონდა მოსმენილი. ამბობდნენ, რომ იყო ცივი, უხეშად რომ ვთქვათ, “სტერვა” და ამ განწყობით მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანია. სიმღერის გარდა ბევრ სხვადასხვა რამეზე შეუძლია შენთან საუბარი, რჩევის მოცემა… მომწონს სოფოსნაირი ქალები – ლამაზი, განათლებული, ჭკვიანი, საინტერესო… შეუძლია მეგობარს გვერდით დაუდგეს, რჩევა მისცეს თავისი კეთილი გულით.

– არის ასეთი ქალი თქვენს ცხოვრებაში, ანუ შეყვარებული ხართ?

– არა, ახლა ჩემს ცხოვრებაში არავინაა.

– “მხოლოდ ქართულში” გამარჯვებისთვის იბრძოლებთ?

– რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ. სცენაზე გამოვსულვარ და 10 000 კაციც ყოფილა ჩემს კონცერტზე, მაგრამ იქ მხოლოდ შენი გულშემატკივრები მოდიან. ეს იმხელა ენერგიას გაძლევს… სცენაზე რომ დგახარ, შენც გასცემ ენერგიას და იქიდან უფრო მეტს იღებ.

ამ დროს შეგიძლია სცენაზე გაატარო 2 საათი და მეტი დრო. ამ დროს შეცდომაც რომ დაუშვა, არასწორი ბგერა აიღო, პრობლემა არ არის, რადგან შენკენ არიან და გპატიობენ. ამ კონკურსში კი პატარა შეცდომაც გადამწყვეტი და საბედისწეროა. იქ, შენი გულშემატკივრების გარდა, კიდევ 9 კაცის გულშემატკივარია. შეიძლება მოეწონოთ შენი ნამღერი, მარგამ სულაც არ უნდათ, შემდეგ ტურში გადახვიდე.

ორსაათიანი კონცერტი რომ ასეთმა დაძაბულმა ჩაატარო, შეიძლება სცენიდან ჩამოგასვენონ. ამის მიუხედავად, ეს პროექტი უდიდესი საქმეა ქვეყნისთვის. უკვე უდიდესი გამოცდილება მივიღე. ყოველდღე 4-5 საათი გვაქვს რეპეტიცია და ყველა მასწავლებელი, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან, თავს იკლავენ ჩვენ გამო. დღეს ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე იქამდე, სანამ აქ მოვიდოდი და კიდევ ბევრს ვისწავლი.