მიხეილ ქუმსიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილს ციხეში ლობიანი შეუგზავნა

მიხეილ ქუმსიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილს ციხეში ლობიანი შეუგზავნამოძრაობა „გაბედეს” აქტივისტებმა ლაშა ჩხარტიშვილს ქვემო ქართლის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში საკვები პროდუქტი და სიმბოლურად ლობიანები შეუგზავნეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ლაშა ჩხარტიშვილი მშვიდობიან აქციაზე ლობიოს გადაყრის გამო დააკავეს და ამისთვის 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. სწორედ ამიტომ შეუგზავნეს დღეს სიმბოლურად მას ლობიანები დროებითი მოთავსების იზოლატორში.

-ეს არის ჩემი აზრით ძალიან ჩვეულებრივი ლობიანი, ჩვეულებრივი ლობიოს შიგთავსით, რომელიც სავარაუდოდ, ძალიან გემრიელია, მაგრამ ასე არ მიიჩნევს სახელმწიფო და ასე არ მიიჩნევენ სამართალდამცველები, რომლებმაც ლაშა ჩხარტიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ რამდენიმე მარცვალი ლობიო, მშვიდობიან აქციაზე უბრალოდ ჰაერში ააგდო. ედავებიან იმას, თითქოს ამ ფაქტით მან სამართალდარღვევა ჩაიდინა. ამის გამო ადამიანი გაწირეს ციხისთვის და რვა დღე მიუსაჯეს.

დღეს ჩვენ მოვიტანეთ სიმბოლურად ლობიანი და იმედი გვაქვს, რომ ამის გამო მას ბრალი არ დაუმძიმდება, კიდევ უფრო მეტად. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიები, ამას სხვა არაფერი არ ქვია, – განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.

იპნ