Facebook-მა ,,ოცნებასთან” დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა

Facebook-მა ,,ოცნებასთან" დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმაFacebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ,,კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში”, რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

,,ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,”- წერია განცხადებაში.

Facebook-ის ცნობით, 442 300 ანგარიში მიყვებოდა გაუქმებული გვერდებიდან ერთს ან რამდენიმეს და, დაახლოებით, 52 000 ანგარიში გაწევრიანებული იყო გაუქმებული ჯგუფებიდან ერთში ან რამდენიმეში და, დაახლოებით, 2 100 ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან რამდენიმე გაუქმებული Instagram-ანგარიშიდან.

რაც შეეხება რეკლამას, ორგანიზაციის ცნობით, $316 000-ია დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის.

Facebook-ის პოლიტიკის მიხედვით, სოციალური მედიის გიგანტი აუქმებს არაავთენტურ ქმედებებში ჩართულ ანგარიშებს, რომელთა მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მანიპულაციური ხერხებით მათ შეხედულებებზე გავლენის მოხდენაა. სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ორგანიზაციამ მსგავსი ოპერაციები პირდაპირ ქვეყნების მთავრობებს დაუკავშირა, მათ შორის, რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევებში.

Facebook-ის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა. ორგანიზაცია ადასტურებს Facebook-ის შეფასებას, რომ ეს გვერდები მუშაობდა საქართველოს შიდა აუდიტორიაზე და საზოგადოებრივი უთანხმოების საგნად ქცეულ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე ისეთ მასალებს ავრცელებდა, რაც მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობაში მისი მოკავშირეების პოზიციებს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და ცდილობდა საქართველოს დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი აშშ-ის დისკრედიტაციას.

DFRLab-ის ცნობით, Facebook-ის მიერ გაუქმებული ანგარიშები მოიცავდა ისეთ გვერდებს, რომლებიც ფოკუსირებული იყო რელიგიაზე, სენსაციურ ახალ ამბებზე და კიდევ უფრო მარტივად, მიმების გავრცელებაზე. გაუქმებული გვერდების გამომწერების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში ისეთი მცირე იყო, როგორიც 400-ია, ზოგ შემთხვევაში კი 11 000-მდეც აღწევდა.

DFRLab-მა მათზე დაკვირვების შედეგად გააანალიზა, რომ უმრავლეს შემთხვევებში ეს გვერდები ცდილობდნენ, საკუთარი თავი ახალი ამბების სააგენტოებად შეეფუთათ. ამისთვის ისინი შემდეგნაირ სახელწოდებებს იყენებდნენ: Daily Info, NewsHub.ge, TodayNews.ge და OnTime.ge.

,,მიუხედავად იმისა, რომ ამ გვერდების სათაურები URL მისამართების მსგავსად გამოიყურება, არცერთი მათგანი Facebook-პლატფორმის მიღმა დამოუკიდებელი ვებსაიტი არ არის. ბევრ შემთხვევაში გვერდები ივანიშვილს წარმოაჩენდნენ, როგორც ქველმოქმედ ადამიანს, რომელიც საქართველოს იცავს,”- წერს DFRLab-ის კვლევაში.

მათივე ინფორმაციით, ივანიშვილის მხარდაჭერის პარალელურად, გაუქმებული გვერდები სპეციფიკურად ანტიამერიკული განწყობის მქონე სტატიებს აზიარებდნენ. როგორც DFRLab წერს, სტატიების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ასევე, იყო სტატიები, სადაც ეწერა, თუ როგორ მოკლა აშშ-ის საზღვაო ძალების მეზღვაურმა ორი ადამიანი პერლ ჰარბორის ბაზაზე.

,,ამ გზით გვერდები მუშაობდნენ იმაზე, რომ ქართულ საზოგადოებაში აშშ-ისადმი ნდობისათვის ძირი გამოეთხარათ,”- წერია განცხადებაში.

DFRLab-ის ინფორმაციით, ეს გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების დროს (ნოემბერი-დეკემბერი) შეიქმნა და მათ 5-დან 9 ადმინისტრატორამდე მართავდა, რომლებიც საქართველოდან მუშაობდნენ.

ამასთან, ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებითაც, მაგალითად იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის კლასიკურ გზავნილს, რომ ეს ომი საქართველომ დაიწყო.

ტაბულა ჯი

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი