ანა კალანდაძის და მერი დავითაშვილის 95 წლის იუბილე ეროვნული პროექტით აღინიშნება – ,,ეს ნაწარმოებები ჩვენი დროის გამოძახილია” – გიორგი გაგნიძე

ანა კალანდაძის და მერი დავითაშვილის 95 წლის იუბილე ეროვნული პროექტით აღინიშნება - ,,ეს ნაწარმოებები ჩვენი დროის გამოძახილია" - გიორგი გაგნიძე 12 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში კომპოზიტორ მერი დავითაშვილის და პოეტ ანა კალანდაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ამ ორი დიდი შემოქმედის ეს მნიშვნელოვანი თარიღი სანოტო კრებულის პრეზენტაციით აღინიშნება, რომელიც ქართული კულტურის ქომაგებისთვის დიდი მნიშვნელობის ეროვნული პროექტია.

ოპერის ვარსკვლავი, ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რომ ამ საგანძურის შექმნაში მიეღო მონაწილეობა.

პიანისტმა ვიქტორია ჩაპლინსკაიამ ტელეკომპანია ,,ერთსულოვნებაში” ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

-12 დეკემბერს ჩატარდება სანოტო კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც გაერთიანებულია უმშვენირესი სამი ქალბატონის – მერი დავითაშვილის, ანა კალანდაძის და მხატვარ ქეთი მატაბელის შემოქმედება.

წელს მერი დავითაშვილს და ანა კალანდაძეს 95 წელი შეუსრულდებოდათ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ეს თარიღი უფრო ფართოდ აღინიშნებოდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს  ბედნიერება, ეს სანოტო კრებული წარვადგინოთ. ამ პროექტის ხელმძღვანელი და სულის ჩამდგმელი იყო უმშვენიერესი ქართველი ქალბატონი, მარიამ დავითაშვილი, რომლის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე არის შეუფასებელი. ის იყო ფონდ  ,,ნოე რამიშვილის” დამაარსებელი, ლიანა ისაკაძესთან ერთად – ფესტივალ ,,ღამის სერენადების” და ა.შ. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა პროექტის ბოლომდე მიყვანა და ეს მისია მისმა მეგობრებმა, თანამოაზრეებმა  ვიტვირთეთ. გვინდა, მივიყვანოთ იმ დონეზე, როგორც ეს  ქალბატონ მარიამს ეკადრება. დიდი მადლობა თბილისის  მერიას და კულტურის სამინისტროს თანადგომისთვის.

რაც შეეხება მომღერლებს, პროექტში მონაწილეობს ჩვენი სახელოვანი, გამოჩენილი მომღერალი, მე ვიტყოდი, მსოფლიო სცენების მშვენება, გიორგი გაგნიძე, რომელმაც თავისი ხელოვნებით გაუთქვა სახელი საქართველოს. ამერიკის გასტროლების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და დიდი სიამოვნებით ჩაერთო ამ ეროვნულ პროექტში. ასევე მონაწილეობენ ახალგაზრდა, პერსპექტიული მომღერლები – თინა მამულაშვილი და ირინა თაბორიძე.

კრებულში შეტანილია 22 სიმღერა, რომლებიც ანა კალანდაძის ლექსებზეა შექმნილი და ისინი გააფორმა მხატვარმა ქეთი მატაბელმა. კონცერტის დაწყებამდე ნახატების გამოფენა გაიმართება. ყოველი რომანსი არის გაფორმებული იმ განწყობით, რომელსაც ქმნის ეს მუსიკა და ლექსები. ანა კალანდაძის და მერი დავითაშვილის შემოქმედება არის ქართველი ერის საგანძური.

გიორგი გაგნიძე, ბარიტონი:

-ეს მართლაც ეროვნული საქმეა და მსგავსი ღონისძიებები  ხშირად უნდა ჩატარდეს. წელიწადნახევრის წინ დამიკავშირდა მარიამ დავითაშვილი, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი. მან მთხოვა, მონაწილეობა მიმეღო. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პატივია ჩემთვის და დავთანხმდი. ჩემი გრაფიკის გამო თავისუფალი დროის მოძებნა არც თუ ისე მარტივი გახდა. მოგეხსენებათ, ვაშინგტონში ვიყავი, ,,ოტელოში” იაგოს როლი შევასრულე, დიდი წარმატებით წავიდა ყველაფერი. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის მაქვს სურვილი, ჩემს სამშობლოში მსგავს პროექტებში ჩავერთო, მონაწილეობა მივიღო საქველმოქმედო ღონისძიებებში.

ანა კალანდაძე და მერი დავითავშვილი –  ორი უდიდესი ქალბატონია, რომელთა შემოქმედებაზეც თაობები გაიზარდა. როცა ქალბატონმა მარიამ დავითაშვილმა ეს ნაწარმოებები გამაცნო, მუსიკა, ტექსტები იმდენად ღრმა, იმდენად ქართული, სულში ჩამწვდომი აღმოჩნდა, ვთქვი,  როგორც უნდა დაკავებული ვიყო, ამ ეროვნულ საქმეში მაინც მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. მერი დავითაშვილის მუსიკა არის ლამაზი, ლირიკულიც და პატრიოტულიც.

ამ ორი დიდი ქალბატონის შემოქმედება ჩვენში პატრიოტული გრძნობების გაღვიძებას უწყობს ხელს. გასაოცარია, როგორ წინ იხედებოდნენ, რომ ის, რაც მათ შემოქმედებაშია, დღეს არის ძალიან აქტუალური. ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელსაც მე არასოდეს ვეძახი სამხრეთ ოსეთს. ეს ეშლებათ ხოლმე პოლიტიკოსებს. ზვიად გამსახურდია სულ გვახსენებდა, რომ ის არის სამაჩაბლო… ეს სანოტო კრებული, ეს ნაწარმოებები,  პატრიოტული თემები ჩვენი დროის გამოძახილია. ასე რომ, მართლა უდიდესი, ეროვნული საქმე გაკეთდა.

ანა კალანდაძის და მერი დავითაშვილის 95 წლის იუბილე ეროვნული პროექტით აღინიშნება - ,,ეს ნაწარმოებები ჩვენი დროის გამოძახილია" - გიორგი გაგნიძე

ანა კალანდაძის და მერი დავითაშვილის 95 წლის იუბილე ეროვნული პროექტით აღინიშნება - ,,ეს ნაწარმოებები ჩვენი დროის გამოძახილია" - გიორგი გაგნიძე