„სარკე“, ლიკა ოსაძე
ინფლუენსერმა თიკო ყაველაშვილმა ძალა მოიკრიბა და იმ ურთულეს დღეებზე გველაპარაკა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოიარა. ის და მისი ინდოელი მეუღლე, ომან ამანი, პირველ შვილს ელოდებოდნენ. თიკო „სარკესთანაც“ ბედნიერი საუბრობდა ამ მოლოდინზე, მაგრამ ორი თვის წინ ფეხმძიმობა შეუწყდა. ეს ამბავი ძნელი გადასატანი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ თავისი დიდი ოჯახის და მოძღვრის თანადგომით ფეხზე წამოდგომა შეძლო. ამ ყველაფერზე თიკო „სარკესთან“ დიდი გულწრფელობით საუბრობს.
_ თიკო, რთული პერიოდი გაიარეთ, ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტა მოგიხდათ. ახლა თავს როგორ გრძნობთ?
_ პირველ რიგში, მადლობას გიხდით თანადგომისთვის. ეს ჩემთვის მარტივი არ იყო. ჯერ მხოლოდ ორი თვეა გასული ხელოვნური მშობიარობიდან. ეს ჩემთვის მძიმე გადასატანია. საშინელი მდგომარეობა გადავლახე, თანაც ცხოვრებაში ძალიან რთული რაღაცები შემხვდა, რთული ადამიანები…
_ თქვენი მეუღლე, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა, როგორ დაუდექით გვერდში ერთმანეთს, რა იყო ყველაზე რთული იმ დღეებში?
_ ორივენი განადგურებულები ვიყავით. ჰემატომა მქონდა, დუბაიდან საქართველოში რომ ჩამოვედი. 2 თვე წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. მე საქართველოში ვცხოვრობდი, ჩემს მეუღლეს კი სამსახურში დაბრუნება მოუწია. დისტანციურად ვამხნევებდით ერთმანეთს.
ჩემი მეუღლე სქესის გაგების დროს ჩამოვიდა და მაშინ გავიგეთ, რომ ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ანომალიები ჰქონდა. ეს მომენტი იყო ყველაზე მწარე და აუტანელი ჩვენთვის. გვითხრეს, რომ ბავშვს ვერ შევინარჩუნებდი.
ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კლინიკები მოვიარეთ და, საბოლოო ჯამში, ყველამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი ფეხმძიმობა უნდა შეჩერებულიყო. პირდაპირ გამიშვეს ერთ ადამიანთან. აღმოჩნდა, რომ ყველგან ასეთი რამ არ კეთდება და გამიშვეს ერთ საშინელ კლინიკაში, საშინელ ექიმთან.
არც ვიცი, როგორ გამიკეთა, რამდენად სუფთად. დღესაც პრობლემები მაქვს, კისტა მაქვს დარჩენილი. მოკლედ, უამრავი ქალური პრობლემა დამეწყო. უამრავი შეტყობინება მომდის და ყველა აძაგებს ამ ექიმს. მათ ისტორიებს რომ ვისმენ, ხალხი მეცოდება.
ახალგაზრდები ვართ და შვილი კიდევ გვეყოლება, მაგრამ ცხოვრებაში ძალიან რთული გამოცდილებაა შვილის დაკარგვა.
_ ამ მძიმე გამოცდილებამ რა გასწავლათ?
_ ის, რომ არასოდეს უნდა თქვა: „არასოდეს“. ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცები, როცა დამოუკიდებლად გიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, ეკლესიაში წავედი, მოძღვარს ვესაუბრე, აღსარება ჩავაბარე.
მისმა სიტყვებმა დამაყენა ფეხზე. მან მითხრა, შენ იბრძოლე ამ ბავშვისთვის, მთელი ორი თვე იწექი, ყველაფერი გააკეთე მის შესანარჩუნებლად, მაგრამ შენგან დამოუკიდებლად ხდება ეს ყველაფერი, უფალმა ჯერ შენი თავი და სიცოცხლე განდო და მას უნდა გაუფრთხილდე, ღმერთს ებარებოდე, შვილები კიდევ გეყოლება, მაგრამ ეს პატარა უფალთან წავა ანგელოზადო. თუ გამოვედი მდგომარეობიდან, მხოლოდ და მხოლოდ ამ სიტყვებით.
_ როგორ შეძელით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში დაბრუნება?
_ უფალმა მომცა ყველაზე დიდი ძალა და, თუ გამოვიდოდი, მხოლოდ და მხოლოდ ამ სიტყვებით გამოვიდოდი. ძლიერი ფსიქიკა მაქვს, მაგრამ ძალიან რთულია, ასეთი რამ რომ გადალახო. მთლად ჩვეულებრივ რიტმს ვერ დავუბრუნდი, რადგან ყოველ წამს, ყოველ წუთს მახსენდება და გონებაში მაქვს ეს ტკივილი.
ჯერ მცირე დროა გასული და ვარჯიშსაც ვერ ვიწყებ, ვერც ნორმალურად კვებას, რადგან ვიტამინები მაკლია, ჰორმონები არეული მაქვს. ამოტრიალდა ჩემი ორგანიზმი და ჩემი ცხოვრება. ვცდილობ, პოზიტიურად ვუყურო ცხოვრებას და პოზიტიურად ვიყო ყველაფრისთვის განწყობილი. ამაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩემს მეუღლეს, ჩემს ოჯახს და მეგობრებს.
ჩემი გამომწერებიდან იმხელა თანადგომა მივიღე, რომ გამიკვირდა. ყველანაირად ცდილობენ, რომ გამახალისონ. მათი ძალიან მადლობელი ვარ.
_ რას ეტყოდით იმ ქალებს, რომლებიც დღეს იმას გადიან, რაც თქვენ გაიარეთ?
_ იმ ქალებს, რომლებიც დღეს ამას გადიან, სიტყვებით ვერ ვანუგეშებ. სიტყვები ამ დროს უძლურია. ეს ყოველთვის ჩვენი დიდი ტკივილი იქნება. ჩვენი ანგელოზი გავუშვით ღმერთთან. ვურჩევდი მხოლოდ იმას, ექიმთან სანამ მივლენ, ჯერ კლინიკაში გაიგონ ყვველაფერი და ექიმის შესახებაც მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
_ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი რატომ გადაწყვიტეთ?
_ სანამ დუბაიში წავიდოდი, ვფიქრობდი, რომ ამ თემაზე უნდა მესაუბრა. საკმაოდ ბევრი გამომწერი მყავს და ვინც მხვდებოდა, ყველა ამას მეკითხებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ყველასთვის ერთიანად მომეყოლა ეს ამბავი. ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი გავუზიარე იმ ადამიანებს, რომლებსაც გული შესტკივათ ჩემზე. პლუს, ჩემი ისტორია ძალიან რთული იყო იმ კუთხითაც, რომ ასეთ კლინიკაში მოვხვდი. იქ მომხდარმა ფაქტმა ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯა.
ადამიანი, რომელიც განადგურებულია სულიერადაც და ფიზიკურადაც, სული ეწვის, შვილი დაკარგა, ცხოვრება თავდაყირა დაუდგა, მიდის ექიმთან და ექიმი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე პირდაპირ ეუბნება, რომ უნდა გადაიხადოს 1500 ლარი. არ გეუბნება, რომ დაზღვევა გეკუთვნის და ეს დანამატია. ასეთ შემთხვევებს საყოველთაო დაზღვევა მთლიანად აფინანსებს.
ექიმმა შემომთავაზა, მოდი, ახლავე გავაკეთოთ ეს ოპერაციაო. ფიზიკურად ამას ვერ შევძლებდი, რადგან ახალი გაგებული მქონდა, რომ ჩემს შვილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ანომალია ჰქონდა და ორსულობას ვერ გავაგრძელებდი. ექიმმა ორ დღეში დამიბარა და მითხრა, ხელზე მიმეტანა 1200 თუ 1500 ლარი.
ძალიან გამიკვირდა, ეს თანხა რომ მითხრა. ეს მშობიარობის ფასი იყო, მე კი 13 კვირისაც არ ვიყავი. კონსულტაციის ფულიც გადამახდევინა. აქ ფულზე კი არ არის საუბარი, არამედ არაადამიანურ საქციელზე. მინდა, ჩემს სოციალურ გვერდზე ვიდეოც დავდო და ყველას ვაჩვენო, ვინ არის ის ექიმი. ჩემი პირადი აზრია, რომ ის კლინიკა უნდა დაიხუროს. ყველა, ვისაც ფული არ აქვს, განწირულია.
ექიმმა პირდაპირ მითხრა, თუ არ გაწყობს, ჰონორარი გადამიხადო, ადექი და წადიო. 4-საათიანი ტკივილები გავიარე, ჩვეულებრივი მშობიარობა იყო. ჩემი დაძინებაც არ უნდოდა. მერე ექთნებმა რომ მიცნეს, ვინც ვიყავი _ ინფლუენსერი თიკო ყაველაშვილი, პოზიცია შეიცვალა. რომ გამომიშვა, ასე მითხრა, იმედია, ხვალ ან ზეგ არ დამხვდება ეს ამბავი წინო. მაშინ _ არა, მაგრამ ორ თვეში გადავწყვიტე, მესაუბრა ამ საკითხზე. მინდა, ჩემი შეცდომა არავინ გაიმეოროს.
_ ერთ-ერთ ვიდეოში დედათქვენს ესაუბრებით, სადაც დიდი ზრუნვა და სიყვარული ჩანს. გვიამბეთ მშობლებზე, დედმამიშვილებზე.
_ ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი იყო ბავშვობა. 1998 წელს დავიბადე. დიდი ოჯახი მყავს, დებს ძმა გვიან შეგვეძინა. იდეალური ბავშვობა მქონდა. გარდატეხის ასაკში მშობლებს ვებრძვით, ეს მომენტი მეც მქონდა. სულ ვამბობ და ახლაც ვიტყვი, დედის ფასი არაფერია. სანამ მშობლები გვყვანან, უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენი ერთიანი ოჯახი იქამდე არ დაიშლება, სანამ ერთმანეთი ასე გვეყვარება. რომელიმეს რამე თუ დაემართა, მთელი ოჯახი ზრუნავს მასზე. მუხლის ტრავმა რომ მივიღე, მთელი ოჯახი მივლიდა, ჩემი პატარა დები.
ძალიან მორწმუნე ოჯახი მყავს. სულ ახლახან ჩემი და მონაზვნად აღიკვეცა. ჩემი მშობლები უსინათლოები არიან. რაც გავიზარდე, სულ ვცდილობ, მათზე ვიზრუნო. ისინი უფრო ზრუნავენ ჩემზე და მათ ამაგს ვერაფრით გადავიხდი. მაქსიმალურად ვცდილობ, სულ ბედნიერები მყავდნენ.
_ რა იყო ყველაზე რთული ბავშვობის წლებში?
_ ისეთი არაფერი სირთულე მქონია. როგორც შეეფერებოდა 90-იან წლებს, ისე ვცხოვრობდით. პრეტენზიული არ ვყოფილვარ, ხანდახან ხახვსა და პურზე ვიზრდებოდით, თუმცა დედა წელზე ფეხს იდგამდა. ის ქუჩის მომღერალია, მეტროსადგურში მღეროდა. ცდილობდა, ყველაფერი გვქონოდა.
გული მწყდება, რომ შშმ პირებისთვის დასაქმება არ არის საქართველოში. ახლაც სოციალურად დაუცველები არიან და ის თანხა არაფერში ჰყოფნით. ვითომ ბინას აძლევდნენ (ბინა დანგრეული გვაქვს), მაგრამ ისეთი მიზერული თანხა გამოყვეს, რომ იმ ფულით სარდაფსაც ვერ იყიდი. უკვე 15 წელია, ქირით ვცხოვრობთ, ბინას არ გვაძლევენ.
დედა განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. დედამიწაზე ჩემი ღმერთია. იმდენად კეთილია, რომ სხვისთვის ისესხებს და ხელს გაუმართავს. დედაჩემისნაირი რომ გავხდე, ძალიან გამიხარდება. ასეთი ადამიანები მართლა აღარ არსებობენ. იმდენი რამე აქვს გამოვლილი, ხშირად მიკვირს, როგორ უძლებს 5 შვილის დედა ამდენ რამეს. ჩემთვის დედა გმირია.
_ ამ გადმოსახედიდან რას ეტყოდით პატარა თიკოს?
_ იმ პატარა ბავშვს ვეტყოდი, რომ საუკეთესო ბავშვობა ჰქონდა და რაზეც კი დაუწუწუნია, არაფერი ღირდა საწუწუნოდ. ყველანაირ სირთულეს მოჰყვება მარტივი რაღაცები. ყველა აღმართს დაღმართი მოჰყვება და სირთულეებს გადავლახავთ, რადგან უფალი ისეთ რაღაცას არ გამოგვიგზავნის, რასაც ვერ გავუძლებთ.…
თინეიჯერობის პერიოდში დაიწყო ჩემი დაბულინგება და რამდენიმე წელი გაგრძელდა. 12 წლის ასაკში უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული ბავშვი ვიყავი. ამ ბულინგმა მოტივაცია უფრო მომცა, ხელბურთზე სიარული დავიწყე. იქიდან მოვხვდი ნაკრებში, სადაც წლები ვთამაშობდი. როცა დაინახეს, რომ ამდენ წარმატებას მივაღწიე, ბავშვებმა პოზიცია შეცვალეს და ჩემს სიახლოვეს იყვნენ. ფიტნესიც რომ დავიწყე, მაშინ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ჩემი თავის ფსიქოლოგი ყოველთვის მე ვიყავი.
იმდენი სირთულე მაქვს ცხოვრებაში გამოვლილი, იმდენჯერ ვარ ფეხზე წამომდგარი, ეს ყველაფერი რომ არ გადამელახა, დღემდე არ მეცოდინებოდა, რომ ეს ყველაფერი შემეძლო. ამიტომ მადლობას ვუხდი იმ 12 წლის თიკოს, იმ 13 წლის თიკოს, რადგან დღეს მე ვარ ასეთი ძლიერი პიროვნება, ასეთი ადამიანური და ამაში ოჯახს დიდი წვლილი მიუძღვის.
დღეს ჩემი ძალა ჩემი მშობლიური ოჯახი და ჩემი შეძენილი ოჯახია. მაქვს ჩემი კარიერა, რომლის განვითარებაზე აუცილებლად ისევ ვიზრუნებ. ჩავარდნები ჩემი ფეხმძიმობიდან გამომდინარე მქონდა, მაგრამ ყველაფერს დავალაგებ. რწმენა ძალას მაძლევს, ასევე ჩემი და, რომელიც მონასტერშია.
