,,სპეცრაზმელმა დაიჩოქა, მანიშნა მის მუხლზე დამედგა ფეხი…” – როგორ გადაურჩა ჟურნალისტი ანა შორდია ჭყლეტას

,,სპეცრაზმელმა დაიჩოქა, მანიშნა მის მუხლზე დამედგა ფეხი..." - როგორ გადაურჩა ჟურნალისტი ანა შორდია ჭყლეტასჟურნალისტი ანი აშორდია რუსთაველის გამზირზე მომხდარ ისტორიას იხსენებს და ერთ-ერთ სპეცრაზმელს გადარჩენისთვის მადლობას უხდის:

„სპეცრაზმელს! გამარჯობა, უცნობო! მე „POSTV-ახალი ამბების“ ჟურნალისტი, ანა აშორდია ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს პოსტს, რომელიც შენ გეკუთვნის, კითხულობ.
მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც მე და ჩემს ოპერატორს დაშლის დღეს (18 /11/2019) გადაგვხდა. მინდა მოგითხროთ ერთ სპეცრაზმელზე,რომელმაც ჩვენ (მე და ჩემი ოპერატორი)გადაგვარჩინა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდით მე და Levan, ვიღებდით  პიკეტირებული პარლამენტის შენობის კადრებს, ამ დროს სპეცდანიშნულების რაზმი დავინახეთ, რომელმაც რუსთაველის გამზირის მიმართულებით სვლა დაიწყო.
ჩვენ, ისევე როგორც ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელმა, დავიწყეთ კადრებისა და სინქრონების გადაღება და აღმოვჩდით სრულ ვაკუუმში. მარცხენა მხარეს სპეცრაზმელები, მარჯვნივ – აქციის მონაწილეები, უკან კი – პარლამენტის შენობა. ისეთი ჭყლეტა იყო, აღარაფერი მესმოდა და ვეღარაფერს ვხედავდი.

ერთი მომენტი ვიფიქრე, რომ ცხოვრებას ვასრულებდი. მოკლედ, იმდენმა ფიქრმა გამიელვა თავში, იმდენმა გრძნობამ მომაკითხა და იმდენმა ინსტინქტმა მომიკაკუნა კარზე, რომ კონცენტრაციის უნარიც კი დავკარგე, ვეღარ ვახერხებდი საკუთარი თავის ხელში აყვანას. წარმოიდგინეთ, მე და ლევანი ვართ ყუთში, საიდანაც გამოსვლას ვერ ვახერხებთ და თან შიგნით ვიჭყლიტებით.

ამ ფიქრებში და გრძნობებში ვარ და უცბად, ანგელოზად მომევლინა სპეცრაზმელი, რომელმაც ვაკუუმიდან ჩვენი გამოყვანა სცადა და გამოუვიდა კიდეც. პირველ რიგში, ხელი მოგვკიდა და გაგვიყვანა ამ საშინელი ჭყლეტიდან. შემდეგ ჩემს ოპერატორს დაეხმარა, რომ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ბოძზე ასულიყო. ლევანი მაღალი ბიჭია, მაგრამ მასაც კი სპეცრაზმელის დახმარება დასჭირდა ბოძზე ასვლაში. მე? მე ლევანი მეძახის, ხელს მიწვდის და ჩემს ათრევას ცდილობს, მაგრამ ამაოდ. ეს რომ დაინახა (იგივე სპეცრაზმელმა), შემობრუნდა, დაიჩოქა, ფეხი გაამაგრა და მანიშნა, რომ შემეძლო დაჩოქილ ფეხზე დამედგა ჩემი ჭუჭყიანი კედები, ასეც მოვიქეცი და გავედი სამშვიდობოს, პარლამენტის ბოძზე.
საჯარო მადლობა მინდა გადაგიხადო შენ!
მადლობა გადარჩენისთვის!
ჩემი დღის გმირი ხარ!
ლეო, მადლობა შენ დღევანდელი მუხლჩაუხრელი შრომისა და მუშაობისთვის!
P.S. შინაგან საქმეთა სამინისტრო. იქნებ ვინმემ მიაწვდინოთ ჩემი საჯარო მადლობა გმირ სპეცრაზმელს“, – წერს ჟურნალისტი.