სკანდალი! ფეკალიების წვიმა სიღნაღის მერიაში – დამალული დეტალები

სკანდალი! ფეკალიების წვიმა სიღნაღის მერიაში - დამალული დეტალებისიღნაღის მერიის შენობაში დატრიალებული საარაკო ამბების შესახებ სანდო წყაროსგან შევიტყეთ. გადავწყვიტეთ, დეტალები  ამ შენობაში მომუშავე  ადამიანებთან გადაგვემოწმებინა, თუმცა უშედეგოდ – სიღნაღური ამბების გახმაურებას ყველამ აარიდა თავი. ბოლოს მერიის ყოფილ თანამშრომელს მივადექით.
ხმები  სიღნაღის მერიის შენობაში  დატრიალებული საშინელების შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. მაია სუხიშვილმა გვითხრა, რომ მერიის მაღალჩინოსნებმა თანამშრომლები დააშინეს და  ფაქტის გახმაურება აუკრძალეს. ისინიც პირში წყალს იგუბებენ, საკუთარ სკამს უფრთხილდებიან და კანალიზაციის გამსკდარი მილიდან წამოსული ფეკალიების სუნში, დაბინძურებულ შენობაში აგრძელებენ მუშაობასო.  ეს ყველაფერი კი არც მეტი, არც ნაკლები, სიღნაღის მერის, გოგი გოგილაშვილის  კაბინეტის გარემონტებასა და მისაღების აპარტამენტებად გადაკეთებას მოჰყოლია.
 მაია სუხიშვილი, სიღნაღის მერიის ყოფილი თნამშრომელი:
_ სიღნაღის მერს, გოგი გოგილაშვილს ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე ჰქონდა გარემონტებული კაბინეტი. სიღნაღის ყველა გამგებელი  ამ ოთახში უპრობლემოდ მუშაობდა, მაგრამ  გოგილაშვილმა საკუთარი თავისთვის უფრო მეტი კომფორტის მოწყობა და შენობის მესამე სართულის საკუთარ აპარტამენტად გადაქცევა  მოისურვა.

მესამე სართული გადააკეთა, გაარემონტა და შეიტანა ახალი ავეჯი, მაგრამ ამას მოჰყვა საშინელება. ადმინისტრაციულ შენობაში „ფეკალიების წვიმა“ დაიწყო და მას მერე, სიღნაღის მერიასა და  საკრებულოში  სამუშაო პროცესები შეფერხებულია.  საკრებულოს სხდომათა დარბაზში სხდომები ვერ ტარდება და თანამშრომლების ვიწრო კაბინეტებში აწყობენ შეკრებებს.

საკრებულოს თავმჯდომარე შვებულებაში  გავიდა – ასეთ გარემოში შეხვედრებს ვერ გავმართავო. მოკლედ, ფეკალიების სუნი და სიბინძურე ახრჩობს ყველას, ვინც იქ მუშაობს, მაგრამ  მაინც დუმილს ინარჩუნებენ და მალავენ არსებულ მდგომარეობას. მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა  ყველა გაბინძურებული და დაზიანებული ოთახი ჩააკეტინა, რომ უცხო არავინ შესულიყო  და ამბავი საქვეყნოდ არ გაეტანა  ან რომელიმე  ობიექტური ჟურნალისტის  ობიექტივს არ დაეფიქსირებინა  ეს კადრები .
   _ ახლა დეტალურად მითხარით, რამ გამოიწვია  კანალიზაციის მილის დაზიანება და „ფეკალიების წვიმა“ სიღნაღის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში?
_ სიღნაღის მერი ისე იყო კომფორტის სირვილით აღტკინებული, რომ  რემონტის დროს არ  გაითვალისწინა, შენობაში არსებული კანალიზაციის მოძველებული  მილებისთვისაც რომ  უნდა მიეხედა  და მას ყურადღება არ მიაქცია. გამსკდარი  მილებიდან  წამოსულმა  ფეკალიებმა კი ჩარეცხა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი, კანცელარია და სარდაფამდე  ჩავიდა.დღემდე არის ეს მდგომარეობა, რადგან შესაკეთებელი თანხები აღარ აქვთ.
  _ მხოლოდ მერის აპარტამენტის მოწყობაში გაიხარჯა თანხები?
_ არა. მერიის მაღალჩინოსნების უცხოურ ,,ვოიაჟებში“ იმდენი თანხა იხარჯება, რომ თანამშრომლებს  დროულად  ხელფასებსაც  ვერ  აძლევენ. ამას წინათ, მუსიკალური სკოლებისა და ბაღების პედაგოგები აჯანყდნენ და მერის კაბინეტს მიადგნენ ხელფასის მოთხოვნით, რის შემდეგაც კეთილი ინებეს, გამონახეს ფული და გადაუხადეს ამ ხალხს. მერიის თანამშრომლების უცხოური  ვოიაჟების არსი, მიზანი  და იქ დახარჯული ათასები ცალკე სასაუბრო  სკანდალური თემაა  და კარგი იქნება, თუ ამითაც დაინტერესდებით.

მოკლედ, ის, რაც ხდება ამჟამად სიღნაღის მერია-საკრებულოს შენობაში,  მერის აკვიატების შედეგია, მაგრამ, როგორც გავარკვიე, ხელმეორე რემონტს შენობაში კვლავ ბიუჯეტი აფინანსებს.

არავინ კითხულობს, რა უფლებით  ხარჯავს მერი ხალხის ფულს საკუთარი კომფორტისთვის, უპრაგონოდ?  გარემონტებული კაბინეტი ხომ ჰქონდა პირველ სართულზე, რა საჭირო იყო მესამე სართულზე გადაბარგება და აპარტამენტის მოწყობა? პასუხი რატომ არ უნდა  აგოს მერმა იმ ზარალზე, რომელიც მის აკვიატებას მოჰყვა?

რატომ  უნდა მოხდეს დანაშაულებრივად, ფეკალიებით ჩარეცხილი ადმინისტრაციული შენობის სართულების  კვლავ  ბიუჯეტის ფულით გარემონტება? სიღნაღის  ბიუჯეტი  ხალხის ფულია თუ  გოგილაშვილის?  მცირე ბიუჯეტიან მუნიციპალიტეტში, სადაც ღირებული არაფერი კეთდება და სულ იმას გაიძახიან, ფული არ არისო, მერი მხოლოდ საკუთარ კომფორტზე უნდა ზრუნავდეს და საკუთარი დანაშაულის გამოსწორებას  ბიუჯეტის ფულით ახდენდეს?! განმკითხავი და მომკითხავი  არ უნდა ჰყავდეს მათ ქმედებებს?!
მუნიციპალიტეტში  ყველამ  იცის, რომ ამ კაცს ოცნება  ფეხბურთის მეგობარმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აუსრულა და  ყველასგან მოულოდნელად, მერად დანიშნა. ამის მერე გოგილაშვილს მოთხოვნები გაეზარდა და მოისურვა, კომუნისტების დროს, რაიკომის მდივნები  სადაც ისხდნენ, იქ მოეწყო სრული კომფორტი და ნირვანა. ესეც აისრულა. მისი შემდგომი სურვილი რა იქნება, დრო გამოაჩენს. კვირიკაშვილი წავიდა, მაგრამ ეს მაინც აგრძელებს საკუთარი სურვილების ასრულებას…
_ იქნებ ზარალის ოდენობაზეც  გვესაუბროთ ან  რა დაჯდება  ხელმეორე რემონტი?
_ ალბათ,  300 000 ლარამდე დაჯდება შენობის შემდგომი  რემონტი, რადგან სამი სართულია დაზიანებული – ჭერი ჩამონგრეულია, იატაკი  აყრილი,კედლები დაზიანებული..  თუმცა  სამშენებლო საკითხებში  ისეთი კომპეტენტური არ ვარ, ზუსტი  ციფრი  რომ დავასახელო.  ჩემი ინფორმაციით, რემონტი  ჯერ  არ დაწყებულა.
მედიასაშუალებებიდან პირველი თქვენ ხართ, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა. ჟურნალისტები ამ თემას იმიტომ ერიდებიან, რომ არ უნდათ, მერის ფავორიტ მოადგილეს, ქალბატონ მადონა ბატიაშვილს აწყენინონ. ეს ქალბატონიც  პროფესიით ჟურნალისტი და თქვენი კოლეგაა. აუდიტს შეუმოწმებია სიღნაღის ადმინისტრაციის დაზიანებული შენობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც მათ  დაინახეს ვერაფერი. მითხრეს, რომ ანტიკორუფციული სამსახურიც  შევიდა, მაგრამ ყველამ  აიხვია თვალები, რაც, ცხადია, შესაბამის კითხვებს აჩენს.  როგორ ხდება ასეთი სკანდალური ფაქტების მიჩქმალვა? რატომ არ  ჩატარდა  გამოძიება და დამნაშავის გამოვლენა? რატომ გვაქვს შერჩევითი სამართალი?
  _ საკრებულოს პოზიციაც საინტერესოა. ეს სტრუქტურა ხომ წესით და რიგით, მერიის მაკონტროლებლის როლს უნდა ასრულებდეს…
_ თავად დაუკავშირდით და მიხვდებით, რა პოზიციაც აქვს- არანაირი პოზიცია არ გააჩნია, ისინიც მალავენ მომხდარს.

  ევრონიუს.ჯი-მ მოკვლევა  სიღნაღის მერის მოადგილიდან დაიწყო.  მერის მეორე მოადგილე, მალხაზ ბეგიაშვილი  ირონიით შეხვდა ჩვენს ზარს – ,, უიი,  რა პატივია თქვენი ზარი, რასთან დაკავშირებით გსურთ  კომენტარი,  იქნებ , მზად არც  ვარო…“ _ გვითხრა მან.

რა თქმა უნდა, ბატონი მალხაზი მოუმზადებელი და არაინფორმირებული აღმოჩნდა  მერიის შენობის ფეკალიებით ჩარეცხვის საკითხში  და ამიტომაც, მსწრაფლ გადაგვამისამართა  სხვა თანამშრომელთან. ,,არ ვიცი, როგორ მოხდა ეს ინციდენტი.  მოდი, მე თქვენს ნომერს მოვინიშნავ  და ინფრასტრუქტურის სამახურის უფროსი დეტალურად გიპასუხებთ“- განგვიმარტა ბეგიაშვილმა.

მერის  მოადგილემ  ჩვენთან საუბარში  ისიც აღნიშნა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და ასეთი ინციდენტები ყველგან ხდებაო:

,, მე,  როგორც ვიცი, პასუხისმგებლობის საკითხი არამგონია, რომ დამდგარიყო…  რა აზრი აქვს ამის დამალვას ან არ დამალვას?  სამწუხაროა, რომ მოხდა. დეტალურად ზურაბ კახეთელიძე გიპასუხებთ, მე პრობლემა  კი არ მაქვს თქვენთან საუბრის, მაგრამ ის გიპასუხებთ კარგად“.
სიღნაღის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს,  ზურაბ კახეთელიძეს, ჩვენთან სასაუბროდ, მერის მოადგილის კომპეტენცია  და რეკომენდაცია არ ეყო და დამატებითი ნებართვა მოითხოვა.
,, ჯერ პრეს სამსახურს რომ მიმართოთ, არ გინდათ? მე ჩემს ხელმძღვანელობას უნდა შევუთანხმდე.  აბა,  ასე, ინტერვიუ, თან სატელეფონო, რა ვიცი… თუ გნებავთ,  მოგცემთ პრეს სამსახურის ნომერს და გაესაუბრეთ.“- განგვიცხადა კახეთელიძემ.
მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა, თიკო ოზბეთელაშვილმაც  ჩვენთან საუბარი გადამოწმების გარეშე არ ისურვა. მისგან პასუხი მხოლოდ ერთ კითხვაზე მივიღეთ. ,,საკრებულოს სხდომები ძველებურად, იგივე  სხდომათა დარბაზში ტარდება და  საკანალიზაციო მილის გახეთქვამ ეს ოთახი არ დააზიანა“_ გვითხრა მან.

სხვა კითხვები კი მოინიშნა და მოგვიანებით, სატელეფონო ტექსტური შეტყობინებით  ასეთი რამ გვაცნობა: ,, სარემონტო სამუშაოების ჩატარება საკრებულოს სხდომათა დარბაზში ისედაც იგეგმებოდა. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისთანავე,  დაიწყება რემონტი, რომელიც ამ წლის ბოლოს ან ორი ათას ოცი წლის დასაწყისში იგეგმება. ინციდენტი მოხდა ძველი კანალიზაციის მილის გაჭედვის გამო.“
ევრონიუს.ჯი-მ  მაინც შეძლო და  მოიპოვა რეალობის ამსახველი კადრები. ვიდეო გადაღებულია საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც , პრესამსახურის წარმომადგენლის თქმით, სხდომები თურმე შეუფერხებლად  ტარდება.

ევრონიუს.ჯი