სააკაშვილი: “პროდასავლურობა ეროვნული ტრადიციებისთვის ზურგის შექცევას არ ნიშნავს”

სააკაშვილი: "პროდასავლურობა ეროვნული ტრადიციებისთვის ზურგის შექცევას არ ნიშნავს"მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა, ვინც ქადაგებს ამ „სვეცკური“, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს – ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ ნახეთ რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად – ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაგებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან.. ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს და ივანიშვილს აწყობთ. არადა მე მჯერა, რომ შეგვიძლია ვიყოთ პროგრესულები მაგრამ ამავე დროს არ მოვწყდეთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს. შეგვიძლია ვისწრაფოდეთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამით არ შევაქციოთ ზურგი ჩვენს სიწმინდეებს. სწორედ პუტინს უნდა დანერგოს განცდა, რომ პროდასავლურობა ეროვნულობისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს. არადა ეს ასე სულაც არ არის – პირიქით…“, – აცხადებს სააკაშვილი.

იპნ