ნიკოლოზ რაჭველი: “გილოცავთ მეგობრებო, ცოტნეს აღმოჩენას, ზე-ნიჭიერია და ზე-გაფრთხილება ჭირდება!!!” – ვიდეო

ნიკოლოზ რაჭველი: "გილოცავთ მეგობრებო, ცოტნეს აღმოჩენას, ზე-ნიჭიერია და ზე-გაფრთხილება ჭირდება!!!" - ვიდეონიკოლოზ რაჭველმა ფეისბუქში დაწერა:

“სახლში დავბრუნდი ცოტნესთან და მისიანებთან ერთად. დიდ ხანს ვიყავით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეც პატარა ბავშვი გავხდი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით „ვიმაიმუნეთ“ დიდ ხანს, დავრბოდით, ვთამაშობდით, ისტორიებს ვუყვებოდი ჩემს ბავშვობაზეც… მერე უფროსებისკენ გადავერთე და გვიან შევნიშნე, რომ ცოტნე ჯონ ადამსის იმ ნაწარმოების პარტიტურაში იყო თავით ჩარგული დღეს რომ შევასრულეთ კონცერტზე. მერე განცვიფრებულმა მკითხა რატომ არის ზოგიერთ პარტიტურაში ტიმპანების ტრემოლო ტრელის სიმბოლოთი აღნიშნული. მას ეს ზედმეტად პროფესიონალური დეტალი უკვე აინტერესებს. მე მაშინაათვე სრულიად გადავერთე მის სამყაროში და რამდენიმე პარტიტურა განვიხილეთ. ვნახეთ გია ყანჩელის მეხუთე სიმფონიაც, ქართული სიმფონიური მუსიკის აღიარებული შედევრი. მან მითხრა, რომ Youtube-ს მეშვეობით უკვე მოისმინა ეს სიმფონია და გამოსახულებაზე პარტიტურა იხატებოდა. შესაბამისად მითხრა, რომ უკვე იცოდა ამ პარტიტურის დამწერლობის ორიგინალური სტილი, რომელიც პოლონელი 60-იანელების (ლიუტოსლავსკი, პენდერეცკი) გავლენით გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ჯონ ქეიჯსაც შევეხეთ, ჩემი ბალეტის პარტიტურასაც გადახედა და პირველ გვერდზევე გაუჩნდა კითხვები. ჩემო მეგობრებო, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის… ეს ძალიან განსაკუთრებულია!
კი, მე მახსოვს დრო მის ასაკში რომ ვიყავი, სხვათაშორის ჩემს კომპიუტერში დღეს უყურა ცოტნემ ჩემს საარქივო ჩანაწერს ჯანსუღ კახიძის ორკესტრს რომ ვდირიჟორობ ზუსტად 10 წლის ასაკში, პირველი საფორტეპიანო ნაწარმოებებიც იმ დროს შევასრულე კომპოზიტორთა კავშირში… მაგრამ არც ერთ ჩემს ნამოქმედარს არ ქონდა ისეთი სიღრმე ცოტნეს მუსიკიდან რომ ისმის. ზე-ნიჭიერია და ზე-გაფრთხილება ჭირდება!!! შანსი გვაქვს იმის, რომ მსოფლიო კომპოზიტორი გვყავდეს, მაგრამ ამ ფაქტის რეალობად ქცევას მაღალი დონის პირობები სჭირდება. უნდა ვიზრუნოთ, რომ გარკვეულ დროში განათლება ევროპაში მიიღოს, თუმცა რომ არა ნინო მამრაძე, მისი ბებია, უმაღლესი გემოვნების მქონე მუსიკოსი და პროფესორი, დღეს ამ მოვლენის მომსწრენი შესაძლოა არ გავმხდარიყავით. არაფერი, მათშორის არც ყოვლად გაუმართლებელი და უსამართლო ტრაგედია, რაც მას და მის ოჯახს თავს დაატყდა რამდენიმე წლის წინ, მის გენიალობასთან და მუსიკის განვითარების ისტორიაში მისი როლის პერსპექტივასთან შემთხვევითად აღარ გეჩვენება, რადგან ასეთი ნიჭის გამოვლინება თითქმის საპირწონე მოვლენაა და მართლაც საუკუნეში ერთეულების ხვედრია.
ხოდა ახლა მარტო ვარ და მხოლოდ და მხოლოდ ღმერთზე მეფიქრება, ღმერთზე და სამყაროზე… რა უცნაურადაა მოწყობილი… ვერაფერს მიხვდები კაცი, რაც არ უნდა იფიქრო…
გილოცავთ მეგობრებო ცოტნეს აღმოჩენას, გისურვებთ რომ თქვენი შვილები ამაყობდნენ ასეთ მუსიკოსთან ერთად დროში თანაცხოვრებით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბედნიეროდ არაერთ სფეროში გვაქვს ასეთი მაგალითი და ამით ვართ ძლიერები, განსაკუთრებულები და დაუმარცხებლები.”