”3 საათი ძილი მყოფნის” – როგორ შეცვალეს ნოდარ მელაძის ცხოვრება შვილებმა და მთავარმა არხმა

”3 საათი ძილი მყოფნის” - როგორ შეცვალეს ნოდარ მელაძის ცხოვრება შვილებმა და მთავარმა არხმარუსუდან ადვაძე, სარკე

“ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება. ერთ კვირაში შვილებს ველოდები და მერე გადავწყვეტ, სად გავაგრძელებ მუშაობას”, – განაცხადა ტელეჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, როცა ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან გაათავისუფლეს, სადაც წლების განმავლობაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახლდათ.

რამდენიმე დღეში ნოდარ მელაძეს ტყუპი გოგონები შეეძინა.

“სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. თეა ცეცხლაძე – მადლობა ამ დღისთვის”, – გააზიარა შვილების დაბადებით გამოწვეული ემოცია ტელეჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

ნოდარ მელაძე კვლავ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია. ის “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ბაზაზე შექმნილი ახალი არხის საინფორმაციო გამოშვება “მთავარს” ჩაუდგა სათავეში. ტყუპებმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, მაგრამ სამსახური კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მის ცხოვრებაში.

ტყუპი გოგონების დედა, თეა ცეცხლაძე, წლებია მედიაში საქმიანობს. იგი ერთი პერიოდი აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო, ბოლოს კი “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი გახლდათ. ნოდარ მელაძემ შვილების დედაზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ “სარკეს” მამობის სიხარულსა და ახალ სამსახურზე მოუყვა.

ნოდარ მელაძე: მამობა საერთოდ სხვა განცდაა და რეალურად ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას დიამეტრულად ცვლის. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ახლა უკვე ყველაფერი მეორეხარისხოვანია, პირველ ადგილზე კი ნატატა და თინანო არიან. ჯერ ერთი, საოცარი ენერგიით მმუხტავენ და ამავე დროს ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში გაჩდნენ ადამიანები, ვის გამოც უნდა იცხოვრო, ვის გამოც უნდა იყო ძლიერი და იბრძოლო იმისთვის, რომ შენს შვილებს უკეთესი ქვეყანა ჰქონდეთ.

– როგორები არიან, ჰგვანან ერთმანეთს ან თქვენ?

– ერთი შედარებით დიდი წონისაა და პატარა დაჩაგრა. დაბადებისას წონაში 700 გრამი იყო სხვაობა. ახლა ორივე ყოჩაღად არიან. ორივეს ჩემნაირად ეჩხვლიტებათ ლოყები. ტუჩებით, თვალებით მგვანან… მსგავსებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დილით რომ ვტოვებ და საღამოს ვნახულობ, უკვე სხვანაირები მხვდებიან, უცებ იზრდებიან.

– შვილებს რომ ელოდებოდით, სულ ახლახან გაამხილეთ. როგორია თქვენი და ტყუპების დედის სიყვარულის ამბავი?

– პირად ცხოვრებაზე არასოდეს ვსაუბრობ და არც ახლა ვაპირებ ლაპარაკს.

– როგორ შეარჩიეთ სახელები?

– ბებიების სახელები დავარქვით – ერთს დედაჩემის სახელი ჰქვია, მეორეს – თეას დედის.

– თავიდანვე იცოდით, რომ ორნი იყვნენ? ან როგორი იყო მათი მოლოდინის პერიოდი?

– კი, თავიდანვე ვიცოდით. მათი მოლოდინის პერიოდი “რუსთავი 2”-ისთვის ყველაზე მძიმე მოვლენებს დაემთხვა. 6 წელი ვიმუშავე “რუსთავი 2”-ში და სამსახურის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. დილაადრიან გავდიოდი სახლიდან და გვიან ღამე მივდიოდი. ხან კი დღეებიც გადამიბამს. ამ 6 წელში შვებულების დღეები რომ მოვთვალო, ჯამში, ერთი თვე, მაქსიმუმი თვე და ერთი კვირა გამოვა. სამსახურში რომ არ ვიყავი, სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ საქმე ფუჭდებოდა.

ეს ყველაფერი 20 აგვისტოს დასრულდა. იმ დღეებში ასეთ დასასრულს ისედაც ველოდი. მათი მხრიდან კი იყო შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან სახელისუფლებო მედიაში მუშაობას არ ვაპირებდი. ზუსტად იმ დილას, როცა სამსახურში არ უნდა წავსულიყავი, გავიღვიძე და მაშინ გაჩნდნენ. 27 აგვისტოს უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ დღენახევრით ადრე გამახარეს, 26 აგვისტოს გაჩნდნენ, ანუ იმ დღეს, როცა სამსახურში აღარ წავედი და ფიქრებით მთლიანად ბავშვებზე ვიყავი გადართული.

ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. ორი კვირა გვქონდა ახალი ტელეკომპანიის ასაშენებლად (ინტერვიუ სექტემბრის პირველ ნახევარშია ჩაწერილი), რაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ბავშვებს დილით ადრე და გვიან ღამე ვხედავდი. შუადღეზე კი ვიდეოზარით ვნახულობ.

– დაძინებულები გხვდებიან საღამოს?

– არა, მღვიძარებსაც ვხედავ. ღამით ხშირ-ხშირად ჭამენ და იღვიძებენ.

– თქვენი ახალი ტელეკომპანია უკვე ეთერშია. ორ კვირაში აშენებული როგორი გამოვიდა?

– დიახ, ორი კვირა გვქონდა ეთერში გასასვლელად და ახალი არხი ასტრონომიული სისწრაფით გავაკეთეთ. თავიდან ვერ იქნება ისეთი ტელეკომპანია, როგორიც საბოლოოდ უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი მოვასწარით.

აუცილებლად გავაკეთებთ ისეთ საინფორმაციო გამოშვებას, სადაც ადამიანებს მოვუყვებით იმ რეალობაზე, რომელიც მათ გარშემო ხდება და მათ ცხოვრებაზე აისახება. მოვუყვებით იმ ჩინოსნებზე, რომელთა დამსახურებითაც ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ადამიანი ღარიბდება. მოვუყვებით კლანურ და არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც დემოკრატიას ანგრევს ჩვენს ქვეყანაში.

ეს იქნება ამ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვება, როგორსაც ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა. “მთავარი არხის” საინფორმაციო გადაცემა “მთავარი” ეთერში გავა იმავე წამყვანებით, იმავე პროდიუსერებით, იმავე ჟურნალისტებით, როგორც ეს “რუსთავი 2”-ში იყო.

ამ გუნდმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ აჩვენა – ასეთი მასშტაბის პროტესტი არასდროს არც ერთ არხზე ყოფილა, როცა ყველა წამყვანმა და ჟურნალისტმა თქვა, არა, ჩვენ არ გვინდა მუშაობა სახელისუფლებო არხზე და ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფლების ახალი ტერიტორიაო.

– საინფორმაცო სამსახურს ისევ თქვენ უხელმძღვანელებთ?

– დიახ, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ისევ მე ვიქნები, მთავარი პროდიუსერი – ისევ თეო გილიგაშვილი, ახალი ამბების სამსახურის უფროსი – ისევ ქეთი კვაჭანტირაძე. “მთავარის” მთავარ გამოშვებას კი ისევ დიკო ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ, დღის “მთავარს” – ისევ მიშა სესიაშვილი, ქეთი კვაჭანტირაძე და თამარ ბაღაშვილი.

ახალ არხზე მუშაობა უფრო საინტერესო იყო. “რუსთავი 2” ყველაზე რეიტინგული სწორედ ამ გუნდის პირობებში იყო. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ისევ შევძლებთ ძალიან მაღალი ყურებადობის მქონე ტელეარხის გაკეთებას. ჩვენ არ გვაქვს სხვაზე მეტი ტექნიკა, ძალიან პატარა სტუდიაა, მაგრამ გვაქვს მთავარი – თავისუფლება.

არ გამოვრიცხავთ, რომ თავიდან იყოს ტექნიკური წუნიც, გარკვეული პრობლემებიც პირდაპირ ეთერში, მაგრამ ჩვენგან მაყურებელი ითხოვს არა გაპრიალებულ სტუდიებს, არამედ ინფორმაციას. შესაბამისად, თხრობა, თუ როგორ უნდა მოყვე ამბავი, ყველაზე კარგად ჩვენმა გუნდმა იცის. საინფორმაციოსთვის მაგარი ქუდი კეთდება, მუსიკაც “კურიერისგან” განსხვავებული იქნება. ნიუსის ახალ სტილს შევქმნით.

– თავისუფლები ვართო, ამბობთ, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს ახმოვანებს ის გუნდი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.

– რომელ პოლიტიკურ ჯგუფს გულისხმობთ?

– ნაციონალურ მოძრაობას. რამე ახალი ვთქვი?

– ეგ არის “ქათული ოცნებისა” და გიორგი ვოლსკის მიერ დამკვიდრებული მოცემულობა. ბოდიში, მაგრამ ამას ვერ მივიღებ! “რუსთავი 2” იყო ყველა ოპოზიციური პარტიის. გაიკითხეთ, “რუსთავი 2” რომელი პოლიტიკური პარტიისთვის არ იყო პლატფორმა. ასე იქნება ახლაც. სახელისუფლებო ტელეკომპანიებში ეს პლატფორმა მათთვის ჩაკეტილი იყო.

იგივე შეიძლება ითქვას არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაციის დასკვნა თუ გამოძიება იყო ჩვენს ეთერში და ახლაც ასევე იქნება.

– წამყვანი ისევ იქნებით?

– პირველ ეტაპზე ჩემი ამოცანაა, ძლიერი საინფორმაციო გამოშვება მოვამზადოთ და სხვა გადაცემებიც ეტაპობრივად გაკეთდება. ჩვენს არხზე პირველივე კვირას გავა “ვანოს შოუ”, “ნანუკას შოუ”, “კომედი შოუ” და ყველა ის პროექტი, რომლებიც მაყურებელს უყვარდა. გვექნება ილო ბეროშვილისა და ნიკა გრიგოლიას შოუც.

ნიკა გვარამია ისევ წაიყვანს “კვირის აქცენტებს” ეკა კვესიტაძესთან ერთად. ეს იქნება მთელი კვირის შემაფასებელი გადაცემა. გიორგი გაბუნიაც იმავე ფორმატით იქნება.

“ნანუკას შოუ” სრულიად განსხვავებული ფორმატით გავა, სოციალური ტოქ შოუ იქნება და გადაცემა გაკეთდება იმ ადამიანებზე, რომელთა უმრავლესობა გაჭირვებაში ცხოვრობს და დაპირებიდან დაპირებამდე ელოდებიან საარსებო პირობების ელემენტარულ გაუმჯობესებას. ნანუკა ჟორჟოლიანს სულ ვეუბნებოდი, რომ ისეთი ენერგეტიკა ჰქონდა, ასეთი გადაცემა გამოუვიდოდა.

რამდენიმე პროექტი მზადების პროცესშია.

– ისევ ისეთი მაღალი ხელფასები გექნებათ, როგორიც “რუსთავი 2”-ში გქონდათ?

– ტელეკომპანიის თანამშრომლები ქმნიან პროდუქტს, რომელსაც ყიდის არხი და გადაცემების წამყვანებს აქვთ იმის შესაბამისი ხელფასი, რამდენიც არის მათი ტელეპროდუქტების რეიტინგები. “რუსთავი 2” ჩვენი შექმნილი ტელეპროდუქტებით გაყიდვების ლიდერი იყო. იმ რეიტინგულ გადაცემებს ჩვენ ვქმნიდით და დარწმუნებული ვარ, ეს ტელეარხიც მალე მოახერხებს, რომ სარეკლამო ბაზარზე თავისი სიტყვა თქვას.

– “რუსთავი 2”-დან გინება ხშირად ისმოდა. ეს ისევ გაგრძელდება?

– წინასწარ მეკითხებით, ვინმე შეიგინება თუ არა? მე არ მომწონს, ეთერში რომ იგინებიან და ეს არაერთხელ აღვნიშნე კიდეც…

ერთი სიტყვით, ყველა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არხი იყოს ყველაზე რეიტინგული და ამისთვის თუ მომიწევს, ღამეში მხოლოდ 3 საათი დავიძინო, არა უშავს, ამასაც მიჩვეული ვარ. ადამიანისთვის ბევრი ძილი მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. დღე და ღამე რომ დამჭირდეს მუშაობა იმისთვის, რომ ეს ტელეკომპანია ძალიან მაგარი იყოს, ვიმუშავებ.

– 3 საათი ძილი გყოფნით?

– კი, მყოფნის. მთავარია, კვირაში ერთი დღე მოვახერხო ნორმალურად გამოძინება და დანარჩენი პრობლემა არ არის. საერთოდ, ძალიან ენერგიული ვარ. უკვე ძალიან ბევრი წელია ასე ვმუშაობ და ვინც მიცნობს, ეს ყველამ კარგად იცის.

– როგორი მამა იქნებით, ბავშვებთან ერთად მოსეირნესაც გნახავთ?

– რა თქმა უნდა! ძალიან მაგარ მოქალაქეებად გავზრდი. როგორც კი წამოიზრდებიან, სამსახურში ვატარებ და აუცილებლად ვასწავლი, რომ მთავარი ღირებულება თავისუფლებაა.