სალომე ზურაბიშვილი: ,,აქტიურად ვმუშაობ საერთაშორისო რუკასა და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად”

სალომე ზურაბიშვილი: ,,აქტიურად ვმუშაობ საერთაშორისო რუკასა და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად"საქართველოს პრეზიდენტი მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციზე სიტყვით გამოვიდა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავის კონტაქტების გამოყენებით, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო რუკასა და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად.

-ეს ოკუპაციის 11 წელი და მძიმე ტრაგედიაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან განიცდის. ხშირად გვავიწყდება, რომ მას წინ უსწრებდა 16 წლიანი ჯერ ღია, შემდეგ კი, გაყინული კონფლიქტები. ბევრი არაფერი შეცვლილა ამ დროის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია, ადმინისტრაციული ხაზი განუწყვეტლივ იცვლის ადგილს და გამშვები პუნქტები უმნიშვნელო მიზეზების გამო იკეტება, რაც ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.

ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე სოფლებიდან იტაცებენ საქართველოს მოსახლეობას, ითხოვენ გამოსასყიდს და ზოგიერთ შემთხვევაში აწამებენ და კლავენ მათ. ამის მიზეზად კი, ოფიციალურად არარსებული საზღვრის დარღვევა და უპატივცემლობა მოაქვთ, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ახალი, ეფექტური ფორმატის აუცილებლობაზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის უფრო აქტიურ მექანიზმებს შეიმუშავებს, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია, ინციდენტების პრევენციის მექანიზმები კი იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.

-ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია – პოლიტიკურ ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე.

ჩვენ უნდა შევქმნათ ფორმატი კონფლიქტის გადასაწყვეტად და არა მის სამართავად. შესაბამისად, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დეესკალაციის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სადამკვირვებლო საქმიანობა განახორციელოს მთელ ოკუპირებულ რეგიონებში. ამით უნდა დავიწყოთ!

შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოსა კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ნაკლებად ფორმალური პლატფორმის შესაქმნელად, რათა აღვადგინოთ ნდობა და აუცილებელი სივრცე პროგრესისათვის.

მთავარია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, შევქმნათ დინამიკა და თავიდან გავაჩინოთ პერსპექტივა, რათა არ დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი. თუმცა ეფექტიანი დიპლომატია მყარ და რაციონალურ საფუძვლებზე უნდა იყოს დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი