ზუზუს მეუღლე: ,,მამა პეტრეს საქციელს გამართლება არ აქვს”

ზუზუს მეუღლე: ,,მამა პეტრეს საქციელს გამართლება არ აქვს"მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი ქვრივი, თამარ ორაგველიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,ერთი ყველაზე მძიმე, ტკივილამდე მტკივნეული ერთი წელი. 17 აგვისტოს განთიადი, რომელმაც ჩამიქრო ჩემი წილი მზე. ჯერ კიდევ არ დაწყებული ბედნიერება უბედურებად მექცა. გზის დასაწყისი, სადაც ერთად ვიდექით, წამებში გამომეცალა ფეხქვეშ. თითქოს უფსკრულში გადავვარდი და ყველა გზა მომეჭრა. ჯიუტად არ გაღიარებ წარსულად, აქ ხარ, სულ ჩემთან, ხან თითქოს გეხები კიდეც.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღემდე გვერდით მიდგას ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, შენს მეგობრებს, რომლებმაც  შენი გარდაცვალების შემდეგ არ მიმატოვეს და გვერდით მიდგანან. სრულიად უცხო ხალხი, რომლებმაც საოცარი გვერდით დგომა და სიყვარული გამოხატეს ჩემ მიმართ და ამ სიყვარულს დღემდე მინაწილებენ. ეს შენი დამსახურებაა და მადლობა შენ ამისთვის.

მინდა, გულისტკივილი გამოვხატო მამა პეტრე კოლხის მიმართ.რომელმაც 2 წლის მიწერილი გზავნილი წამებში მოურიდებლად გამოგიქვეყნა. არანაირი მიზეზი და ახსნა არ არსებობს, რომელიც ამ საქციელს გაამართლებს. ამ ხნის მანძინლზე ერთხელაც არ შექმნია უხერხულობა ოჯახის ან უშუალოდ შენ მიმართ.

დუხჭირიო, გაიჟღერა ფრაზამ არა ერთხელ. მე მაინც არ ვიცოდე, რამდენი დუხჭირი დგახართ თითო ემიგრანტის უკან (იმის ტაქტი მაინც იქონიეთ და ასეთ დროს თავი შეიკავეთ). იქ ერთი ორმა – კოლირიტი იყოო, ნიჭიერიო და მეხვეწებოდა, შენთან თეატრში წამიყვანეო.

დიახ, იყავი უდაოდ ნიჭიერი და შენს საქმეზე უგზოუკვლოდ შეყვარებული. ჰოდა, წაგეყვანა მერე. ან ასეთ მძიმე წუთებში გაჩერდი, ადამიანო. ჰოდა, შენ ჩემო სიყვარულო, ჩემო ნახევარო, შენ ყველაზე მაგარო მეგობარო, ყველაზე ყველაზე მეტო ადამიანო. ჩემო ჯუჯღუნა და გადარეულო.

აქ ხარ, ჩემთან, ჩემს გულში სამარადისოდ. შევხვდებით აუცილებლად და უშიშრად ველოდები ამ დღეს.კი სხვანაირად ველოდები (ისე 90 წლის მეც არ წარმომიდგენია ჩემი თავი). მანამდე გპირდები, დავუბრუნდები ჩემს თავს და გავხდები ისეთი, როგორიც გიყვარდი. მერე ვიცი, რასაც მეტყვი: ,,აუუუ, როგორ აფრენ, თამარა, რა გიჟი ხარ”. ჰოდა, გკოცნი მაგ თბილ გულში. ყველაზე კეთილ გულში, უაზროდ დიდი სიყვარული რომ შეგეძლო”.

მამა პეტრე: ,,არ იცოდით, რომ ზუზუს ღიმილის უკან ტრაგიზმიც იმალებოდა?!”